“ხალხო, ნუ დაემსგავსებით ველურებს!.. არანაირი მალამოები თუ კრემები არ ამცირებს მწვავე რესპირატორული ინფექციის შეყრის რისკს!”

    1533
    SHARE

    უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს განუმარტავს, რატომ არ არის ეფექტური ნივრისა და ხახვის გამოყენება ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

    ევგენი კომაროვსკი:

    შეკითხვა: ვის შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, კისერზე ჩამოიკიდოს რაღაც ჯადოსნური მოწყობილობა, რომელიც ვირუსებს დააფრთხობს და გრიპის სეზონზე დაიცავს?

    პასუხი: ვის და ძალიან, ძალიან ბევრს! რატომ? იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა დაახლოებით იმდენი იცის ვირუსების, ვირუსული ინფექციებისა და დასნებოვნების პროცესზე, რამდენიც იცოდა გამოქვაბულში შუაცეცხლთან მიმჯდარმა პითეკანთროპმა…

    არადა, ზოგი მეტად „პრადვინუტი“ იუზერი სოციალური ქსელებით დიდი ენთუზიაზმით ავრცელებს მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკის „ახალ და სრულყოფილ“ მეთოდებს. მაგალითად, ასეთს:

    „აიღეთ ქინდერ-სიურპრიზის პლასტმასის კვერცხი, მოათავსეთ შიგ ორი ჩაის კოვზი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დახვრიტეთ კვერცხი, მერე კი ორი მოზრდილი ნახვრეტიც გაუკეთეთ იმისთვის, რომ მასში ლენტი გაატაროთ და ჩამოკიდეთ ის ბავშვს კისერზე. ხოლო ძილისას საწოლზე, ცხვირთან ახლოს დაუმაგრეთ. გამოცვალეთ ხახვი ყოველდღე და გაციება ვერაფერს დაგაკლებთ“…

    გამორიცხული არ არის, ხალხური მედიცინის რომელიმე თაყვანისმცემელმა ეს მაგალითი ხვალ ისე გაავრცელოს, როგორც „დოქტორ კომაროვსკის ახალი რეცეპტი გრიპის პროფილაქტიკისთვის“.
    ამიტომ ვწერ კონკრეტულად და გასაგებად:

    ხალხო, ნუ დაემსგავსებით ველურებს! ვერანაირი ხახვი, ვერანაირი ნიორი, ვერანაირი ამულეტი ვერ დააფრთხობს ვირუსებს ვერც თქვენგან და ვერც თქვენი შვილებისგან!

    ოთახში (ან საბავშვო ბაღში) დაჭრილი ხახვით სავსე ჭურჭლის დალაგება არ ამცირებს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ალბათობას. პირიქით, ხახვის სუნი მხოლოდ ზრდის ნახველის რაოდენობას, აპროვოცირებს ხველას და ბრონქების სპაზმს.

    თანამედროვე მედიცინა არ იცნობს ნივთიერებებს, რომლებიც კანზე ან ლორწოვან გარსზე წასმით რესპირატორული ვირუსებისგან დაგიცავთ.

    კიდევ ერთხელ უფრო გარკვევით: არანაირი ოქსოლინის მალამო, არანაირი ჩინური „ზვიოზდოჩკა“, ფუტკრის არანაირი პროდუქტი, არანაირი მაჩვის ქონი თუ ინტერფერონის შემცველი წვეთები, მალამოები თუ კრემები არ ამცირებს მწვავე რესპირატორული ინფექციის შეყრის რისკს!

    ახალი „ფუფლომიცინები“, რომლებსაც „ვირუსების ბლოკატორებს“ უწოდებენ და რომლებიც აქტიურად რეკლამირდება თანამედროვე შამან-შარლატანების მიერ, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ლეოპარდის კბილების ამულეტისგან, რომელიც პითეკანთროპებს „ავი სულისგან იცავდა“.

    არაფერი მექნებოდა ნივრის სამკაულებისა და ვირუსების ბლოკატორების საწინააღმდეგო, თუ ადამიანები მათ მხოლოდ საიმედოობისთვის დაუმატებდნენ აუცილებელ პროფილაქტიკას.

    ანუ, თუ თქვენც აცრილი ხართ და თქვენი შვილიც, ბევრს სეირნობთ სუფთა ჰაერზე, არ დადიხართ ხალხმრავალ ადგილებში, ანიავებთ ოთახებს და იქ ოპტიმალურ ტემპერატურასა და ტენიანობას ინარჩუნებთ, ყველაფერ ამასთან ერთად კი ბავშვს კისერზე „ვირუსების ბლოკატორ ამულეტსაც“ ჰკიდებთ, მაშინ, ჯანმრთელობაში მოგახმაროთ!

    P. S. პროგრესი იწყება მაშინ, როცა ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და დასკვნას აკეთებენ, შამან-შარლატანებს აძევებენ და ივიწყებენ დაირა-ამულეტებს, იქცევიან ადეკვატურად, ანუ თანამედროვე მეცნიერების შესაბამისად.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here