Home მედიცინა სტივენს-ჯონსონის სინდრომი – ალერგიის საშიში ფორმა, რომელიც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს

სტივენს-ჯონსონის სინდრომი – ალერგიის საშიში ფორმა, რომელიც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს

1428
SHARE

ბავშვს გამონაყარი გაუჩნდება თუ არა, მაშინვე “ბატონებს” ვაბრალებთ და იმის ძიებას ვიწყებთ, ვისგან გადაედო ჩვენს პატარას წითელი ბუშტუკები. თუმცა სიტუაცია ყოველთვის ბანალური სცენარით როდი ვითარდება – გამონაყარის მიზეზი შესაძლოა არა რომელიმე ვირუსული ინფექცია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე არაბანალური დაავადება – სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი იშვიათი და მძიმე დაავადებაა, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსებს აზიანებს. მას სათავეს უდებს ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქცია მედიკამენტზე ან ინფექციაზე. სინდრომი ხშირად  გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, რომლებსაც წითელი ან მეწამული მტკივნეული გამონაყარი მოსდევს. დასასრულ, დაზიანებული კანის ზედა შრე იქერცლება და ძვრება.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი იმ დაავადებათაგანია, რომლებიც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. მკურნალობის მიზანია მიზეზის ლიკვიდაცია, სიმპტომების კონტროლი და გართულების რისკის შემცირება. გამოჯანმრთელებამდე, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, რამდენიმე კვირა ან თვე გაივლის. თუ სინდრომი წამალმა გამოიწვია, არა მხოლოდ მას, არამედ იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატებსაც მთელი სიცოცხლე უნდა ვერიდოთ.

 

სიმპტომების შესახებ

დაავადება ერთი შეხედვით არასპეციფიკური სიმპტომებით მჟღავნდება, მაგრამ გამოცდილი თვალი მათში იოლად ამოიცნობს სტივენს-ჯონსონის სინდრომისთვის დამახასიათებელ სურათს.

ამ სიმპტომთაგან აღსანიშნავია:

* სახის შეშუპება;

* ენის შეშუპება;

* ჭინჭრის ციება;

* კანის ტკივილი;

* მოწითალო ან მეწამული გამონაყარი, რომელიც რამდენიმე საათში მთელ სხეულს ედება;

* ბუშტუკები კანზე, პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, სასქესო ორგანოების ლორწოვანზე;

* კანის აქერცვლა.

გამონაყარის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე შესაძლოა თავი იჩინოს ცხელებამ, ყელის ან პირის ღრუს ტკივილმა, სისუსტემ, ხველამ და თვალების წვამ.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტივენ-ჯონსონის სინდრომი სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, ამიტომ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

მნიშვნელოვანი საკითხები

საავადმყოფოში შესაძლოა გკითხონ:

* ხომ არ გადაგიტანიათ ახლო წარსულში გრიპი?

* ჯანმრთელობის სხვა პრობლემას ხომ არ უჩივით?

* რა წამლებს იღებთ, ან რა მიიღეთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში?

ეცადეთ, წინასწარ გაიხსენოთ და ჩამოწეროთ ექიმის გამოწერილი თუ ურეცეპტოდ ნაყიდი ყველა ის მედიკამენტი, რომელიც კი ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიგიღიათ. ეს ექიმს დაავადების მიზეზის დადგენას გაუადვილებს.

 

ვეძებთ დამნაშავეს

სტივენს-ჯონსონის სინდრომი არაპროგნოზირებადი პათოლოგიაა, ზოგჯერ მის უშუალო მიზეზს ვერც კი ადგენენ, თუმცა ალერგიულ რეაქციას, წესისამებრ, მედიკამენტი ან ინფექციური დაავადება იწვევს. ცნობილია იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე ხშირად რთავს სინდრომის პათოგენურ მექანიზმს:

* პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, ალოპურინოლი;

* ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის – აცეტამინოფენი (ტაილენოლი და სხვები) და იბუპროფენი (ადვილი და სხვები);

* ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი, მაგალითად, პენიცილინი;

* გულყრებისა და მენტალური დაავადებების სამკურნალო საშუალებები (ანტიკონვულსიური და ფსიქოტროპული პრეპარატები);

* რადიაციული თერაპია.

 

რა ზრდის სინდრომის განვითარების ალბათობას?

* ვირუსული ინფექციები. ცნობილია, რომ რისკი განსაკუთრებით იმატებს მარტივი ჰერპესის, ჰერპეს ზოსტერის, ვირუსული პნევმონიის, აივ ინფექციისა და ინფექციური ჰეპატიტის დროს.

* იმუნური სისტემის სისუსტე. დადგენილია, რომ იმუნური სტატუსი გავლენას ახდენს სინდრომის განვითარებაზე. იმუნური სისტემის დასუსტება კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოს ტრანსპლაციამ, აივ ინფექციამ და ავტოიმუნურმა დაავადებამ, მაგალითად, სისტემურმა წითელმა მგლურამ.

* გადატანილი სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თუ ოდესმე გქონიათ წამლის მიღებასთან დაკავშირებული მსგავსი ალერგიული რეაქცია, გახსოვდეთ, განმეორების ალბათობა დიდია.

* ოჯახური ისტორია. თუ თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონია სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან მსგავსი მდგომარეობა – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის პირისპირ დგახართ.

* გენეტიკური განწყობა. არსებობს მოსაზრება, რომ სტივენ-ჯონსონის სინდრომის განვითარების ალბათობას HLA-B 1502 გენიც ზრდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი იღებს გულყრების ან მენტალური პრობლემების საწინააღმდეგო პრეპარატებს. დადგენილია, რომ აღნიშნული გენი უმთავრესად ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ინდოეთის მოსახლეობაშია გავრცელებული.

 

გართულებების შესახებ

სტივენს-ჯონსონის სინდრომი თავადაც მძიმე დაავადებაა, თუმცა ერთიორად შთამბეჭდავია მოსალოდნელ გართულებათა სია:

* კანის მეორეული ინფექცია, მაგალითად, ცელულიტი, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა სეფსისი გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია ინფექციის კერიდან სისხლში ხვდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. სეფსისი სწრაფად პროგრესირებადი გართულებაა, რომელმაც შესაძლოა შოკამდე და ორგანოთა უკმარისობამდე მიგვიყვანოს.

* თვალის ლორწოვანის ანთება. მისი მსუბუქი ფორმა გაღიზიანებითა და მშრალი თვალის სინდრომით შემოიფარგლება, მძიმე ფორმის დროს კი მოსალოდნელია ქსოვილის სერიოზული დაზიანება, დანაწიბურება და სიბრმავეც კი.

* შინაგანი ორგანოების დაზიანება. სინდრომი – იშვიათად, მაგრამ მაინც – შესაძლოა  ფილტვების, გულის, თირკმელებისა და ღვიძლის ანთებაში გადაიზარდოს.

* გამონაყარის ალაგების შემდეგ კანზე შესაძლოა პიგმენტური ლაქები და ნაწიბურები დარჩეს. არც თმის ცვენა და ფრჩხილების დაზიანებაა გამორიცხული.

დიაგნოზის დასასმელად ბევრი გამოკვლევა არ არის საჭირო – გამოცდილ ექიმს ხშირად პაციენტის გასინჯვა და ანამნეზის შეკრებაც ჰყოფნის. საეჭვო შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს კანის ბიოფსია – კანის ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის.

 

მოვლა და მკურნალობა

კიდევ ერთხელ გავისვამთ ხაზს, რომ სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, ხშირად – ინტენსიურ ან დამწვრობის განყოფილებაშიც კი.

ექიმი, უწინარეს ყოვლისა, მოითხოვს ყველა იმ პრეპარატის შეწყვეტას, რომელსაც მანამდე იღებდა პაციენტი, ვინაიდან ძნელი დასადგენია, სახელდობრ რომელმა მათგანმა გამოიწვია ალერგიული რეაქცია.

მიზეზის ლიკვიდაციასთან ერთად იწყება დამხმარე თერაპიაც, რომელიც გულისხმობს სითხის უხვ მიღებას, კანისა და ლორწოვანი გარსების მოვლას.

ვინაიდან კანის აქერცვლისას ბევრი სითხე იკარგება, მისი მარაგის შევსება მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სითხის მიწოდება შეიძლება ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით, რომელიც ცხვირის გავლით კუჭში ჩადის.

კანის მოვლა სველი ცივი საფენების დადებას გულისხმობს – ეს ამცირებს ტკივილს და აჩქარებს შეხორცებას. ექიმმა შესაძლოა ფრთხილად მოგაშოროთ მკვდარი კანი და დაზიანებული უბნები გადაგიხვიოთ. თვალების ლორწოვანის მოვლაში შესაძლოა ოფთალმოლოგიც ჩართონ.

მედიკამენტებიდან ყველაზე ხშირად იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ქავილის შემთხვევაში – ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, საჭიროებისამებრ  – ანტიბიოტიკებს, დ აბოლოს _ სტეროიდულ მალამოებს ანთებითი პროცესის შესამცირებლად.

გამომწვევ ფაქტორთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ ანთება  თანდათან ცხრება, ხოლო რამდენიმე დღეში ახალი კანი იწყებს ზრდას. მძიმე შემთხვევებში კანის სრულ აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის გადატანის შემდეგ ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. კარგად უნდა დაიმახსოვროთ იმ პრეპარატის დასახელება, რომელმაც ალერგიული რეაქცია გამოიწვია და ის აღარასოდეს მიიღოთ. სასურველია, ერიდოთ ამავე ჯგუფის სხვა წამლებსაც. კარგი იქნება, თუ ატარებთ სპეციალურ სამაჯურს, რომელზეც ეწერება ინფორმაცია ალერგიისადმი თქვენი მიდრეკილებისა და რეაქციის გამომწვევის შესახებ.

 

პრევენციის შესახებ

ამ არაპროგნოზირებადი დაავადების პრევენცია ძნელია, თუმცა თანამედროვე მედიცინა მეტ-ნაკლებად მაინც გვაძლევს ამის საშუალებას. კერძოდ, ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ინდოეთის მოსახლეობას ურჩევენ, კარბამაზეპინის – ეპილეფსიის, ბიპოლარული აშლილობისა და სხვა ფსიქიკური პათოლოგიების სამკურნალო საშუალების – მიღებამდე კონსულტაცია გაიარონ ექიმთან. ამ პრეპარატების მიღება მიზანშეუწონელია HLA-B 1502 გენის მქონე პირებისთვისაც, თუმცა ამ გენის აღმოსაჩენად საჭირო გამოკვლევა, ბუნებრივია, ყველას არ უტარდება. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონების მკვიდრ მოსახლეობას ურჩევს, კარბამაზეპინის მიღებამდე ჩაიტარონ გენეტიკური გამოკვლევა HLA-B 1502 გენზე.

რეციდივის თავიდან აცილება უფრო იოლია, რადგან პირველი ეპიზოდის შემდეგ უკვე ვიცით საეჭვო პრეპარატის დასახელება. გახსოვდეთ ისიც, რომ სტივენს-ჯონსონის სინდრომის რეციდივი, წესისამებრ, პირველ გამოვლენაზე მძიმეა და შესაძლოა, ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

თამარ არქანია

 

წყარო: www.aversi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here