7 რჩევა “ფეთიან” დედებს – როგორ დავაღწიოთ თავი “შავ” ფიქრებს

    534
    SHARE

    დედა რომ შვილზე ღელავს, ამაში საკვირველი არაფერია, თუმცა ზომიერება აქაც უნდა დავიცვათ. ამავდროულად, დედის შფოთვა ძალაუნებურად გადადის ბავშვზე და შესაძლებელია, ამან მასზე უარყოფითი კვალი დატოვოს. თუ ასეთი “ფეთიანი” დედების კატეგორიას მიეკუთვნებით, დროა, ამ საშინელი ჩვევის მოშორებაზე იფიქროთ.

    გამოიყენეთ ლოგიკა

    გამოძებნეთ თავისუფალი წუთი, დაჯექით და სათითაოდ ჩამოთვალეთ, მაინც რისი გეშინიათ. ვირუსი შეეყრება? – ვის არ შეყრია.
    ბავშვისთვის სავსებით ბუნებრივია მავნე ფაქტორებთან გამკლავება. ეს აკაჟებს მის ორგანიზმს. წაიქცევა და რამეს დაიშავებს? – ბავშვობა გაიხსენეთ. პერიოდული მარცხი უყალიბებს სიფრთხილეს, მოთმენის უნარს. მუხლის გადაყვლეფით ქვეყანა არ იქცევა. მეორედ უფრო ფრთხილად იქნება. თქვენი შვილი ცხოვრებას იწყებს, რომელიც მისთვისაც რთულია. აცადეთ, საკუთარ საფრთხეებს თავისი შესაძლებლობის მიხედვით გაართვას თავი.

    მოთოკეთ ემოციები

    ალბათ ყველაზე უარესი სცენარით წარმოგიდგებათ, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ბავშვს. შეეშვით ამ უარყოფით ემოციებს. ის ბავშვზეც გადადის და მართლაც შეიძლება რამე ავნოს, გაუჩნდეს დაძაბულობის განცდა, მისთვის სტრესი აღმოჩნდეს ან შეაშინოს. დამშვიდდით და მხოლოდ კარგზე იფიქრეთ. თქვენ ხომ ბედნიერი ხართ – ულამაზესი შვილი გაჩუქათ ღმერთმა.
    დატკბით. მასზე ნერვიულობა იმ დროისთვის შემოინახეთ, ცოლის მოყვანას ან გათხოვებას რომ დააპირებს.

    სითამამისთვის… დალიეთ

    არა, ალკოჰოლი არა – მისით დამშვიდებული არავის უნახავს. დამამშვიდებელ წვეთებს გირჩევთ – ვალერიანის წვეთები ან დამამშვიდებელი მცენარეების ნაკრებისგან დამზადებული პრეპარატები მიიღეთ.

    ჩახედეთ თვალებში სიმართლეს

    დაფიქრდით, განა თქვენი ღელვა ბავშვს საფრთხეს ააცილებს თავიდან? სულაც რომ გული ხელით გეჭიროთ და ღამით თვალი არ მოხუჭოთ, ეს რამეს შეცვლის? რა თქმა უნდა, არა. ბავშვის დაცვა მხოლოდ გაწონასწორებულ, კეთილგონიერ მშობელს შეუძლია, რომელიც საღი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს და არ არის დანევროზებული ზედმეტი ფიქრებით.

    სასიამოვნო სასარგებლოსთან

    რა არის თქვენი ჰობი? უფრო სწორად, რით იქცევდით თავს, სანამ დედა გახდებოდით? აუცილებლად დაუბრუნდით მას ან ახალი გაიჩინეთ. ეს მხოლოდ გართობის კი არა, თქვენი გადარჩენის გზაა. გულს გადააყოლებთ და სისულელეებზე ნაკლებს იფიქრებთ. მეგობრებსაც ხომ არ ჩამოცილდით? არც იფიქროთ, ეს დაგღუპავთ. დრო არ გრჩებათ? არ დაგრჩებათ, უნდა გამოძებნოთ. გაიღეთ მსხვერპლი, შეეხვეწეთ დედას, დედამთილს, ქმარს და ბავშვი ცოტა ხნით დაუტოვეთ. თქვენ კი კვირაში 1 საათი მაინც მეგობრების გარემოცვაში და განსხვავებულ ატმოსფეროში გაატარეთ.

    ცუდი აზრები მაგნიტივით არის

    ხომ გაგიგიათ, თუ მუდამ ცუდზე ფიქრობთ, ბოლო-ბოლო მართლაც ახდება. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ჰოდა, ნუ მიიზიდავთ საფრთხეს თქვენი შვილისკენ.

    მოდუნდით და ისიამოვნეთ

    მომატებულ შფოთვას ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან მიჰყავხართ. აუცილებლად დაისვენეთ – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს ჯანსაღი დედა ურჩევნია მოკრიალებულ იატაკს. ასე თქვენც მშვიდად იქნებით და ისიც.

    ზომიერი სიფრთხილე და ყურადღება აუცილებელია, ამის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი – გადამეტებული არაფერი ვარგა, არც თქვენთვის და არც ბავშვისთვის.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here