Home სხვადასხვა საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

64
SHARE

საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება. საკანონმდებლო მაცნეში, საქართველოს მთავრობის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

თუმცა, საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებიდან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უკვე უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად.

2021 წლიდან მწარმოებელი ვალდებული იქნება სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მწარმოებელი, რომელიც ჩათვლის, ან ექნება ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა.

იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს  წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

კონტროლი გამკაცრდება ისეთ სათამაშოებზე, რომელიც განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მოხმარებისთვის.

სათამაშოების მიმართ დადგენილი სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები:

სათამაშოს, მის ნაწილებსა და, ფიქსირებული სათამაშოების შემთხვევაში მათ ფიქსატორებს/შემაერთებელ ნაწილებს, უნდა ჰქონდეს საჭირო მექანიკური ძალა და სტაბილურობა, რათა გამოყენებისას, გატეხვისა და დაზიანების გარეშე, გაუძლოს ფიზიკური ტრავმის გამომწვევ ზემოქმედებას.

სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ სათამაშო და მისი ნაწილები არ ქმნიდნენ გაგუდვის რისკს; მისი ნაწილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ პირის ღრუში ჩადების ან ქვედა სასუნთქ გზებში გაჭედვის შემთხვევაში არ ქმნიდნენ ასფიქსიის რისკს; სათამაშო, რომელიც ცალსახად განკუთვნილია 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, და მისი შემადგენელი ნაწილები, მათ შორის, ნებისმიერი ისეთი ნაწილი, რომლის მოხსნაც შეიძლება, უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ შეუძლებელი იყოს მათი გადაყლაპვა ან შესრუტვა; სათამაშო, რომელიც მოთავსებულია ან შერეულია საკვებში უნდა იყოს შეფუთული. აღნიშნული შეფუთვა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სათამაშოს გადაყლაპვის ან/და შესუნთქვის რისკი; წყლის სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მისი დანიშნულების გათვალისწინებით მაქსიმალურად იქნეს შემცირებული სათამაშოს ტივტივისა და ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის დაკარგვის რისკი; სათამაშოდან სასროლი ნაწილების ფორმა და შემადგენლობა და მათ მიერ გამომუშავებადი კინეტიკური ენერგია, როდესაც ხდება მათი შესაბამისი სათამაშოდან გასროლა, სათამაშოს სახეობის გათვალისწინებით უნდა იყოს იმგვარი, რომ არ არსებობდეს მომხმარებლის ან მესამე მხარის დაშავების რისკი; სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს წარმოებული, რომ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ზედაპირის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა შეხებისას არ იწვევდეს დაზიანებას;

მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის მიმართ

სათამაშოში გამოყენებული დაწვადი მასალები არ უნდა ქმნიდეს ცეცხლის გაჩენის რისკს.

გამკაცრდება მოთხოვნები სათამაშოების ქიმიური თვისებების მიმართ.

სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ინფექციის, ავადმყოფობის ან მოწამვლის ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სათამაშო დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს იმგვარად, რომ აკმაყოფილებდეს ჰიგიენისა და სისუფთავის მოთხოვნებს.

36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი გაწმენდა.

სათამაშოებს სპეციალური გამაფრთხილებელი მითითებები უნდა ჰქონდეთ, მაგალითად უსაფრთხოების ზომები, რა ასაკის ბავშვისთვის არის გამოყენებადი და ა.შ.

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ გავრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:

საახალწლო დეკორაციები; საკოლექციო პროდუქტები;  სპორტული აღჭურვილობა – გორგოლაჭები,  სკეიტბორდები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონაც აღემატება 20კგ-ს; ველოსიპედები, რომელთა სავარძლის სიმაღლე აღემატება 435 მმ-ს; სკუტერები; ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე, ბილიკებზე ან ქვაფენილზე მგზავრობისთვის; წყლის აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია ღრმა წყლებში გამოსაყენებლად, ასევე ბავშვისთვის ცურვის სასწავლებელი მოწყობილობა; თავსატეხები, რომელიც შედგება 500-ზე მეტი ნაწილისაგან; მშვილდოსნობისთვის განკუთვნილი 120 სანტიმეტრზე დიდი ზომის მშვილდები, პნევმატური თოფები და პისტოლეტები, გარდა წყლის თოფებისა და წყლის პისტოლეტებისა; პიროტექნიკა, მათ შორის ასაფეთქებელი ნაწილები, რომლებიც არ არის უშუალოდ სათამაშოსთვის განკუთვნილი; მეტალის წვერიანი დართსის ნაკრების მსგავსი პროდუქტები და თამაშები, რომლებშიც გამოიყენება სასროლები, ბასრი წაწვეტებული თავით; ფუნქციონალური საგანმანათლებლო პროდუქტები, მათ შორის, ელექტროღუმელები, უთოები, რომლებიც განკუთვნილია ექსკლუზიურად სასწავლო მიზნებისთვის ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად;  პროდუქტი, მათ შორის, სამეცნიერო აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია სკოლაში ან სხვა პედაგოგიურ კონტექსტში საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით, ზრდასრული ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად;  ელექტრონული აღჭურვილობა, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი და სათამაშო კონსოლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ საკუთარი სათამაშო ღირებულება გააჩნიათ, როგორიცაა სათამაშო ჯოისტიკები ან საჭეები; ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის, მაგალითად, კომპიუტერული თამაში და მისი შესანახი საშუალება მათ შორის კომპაქტური დისკი; ბავშვის საწოვარები;ბავშვებისთვის მიმზიდველი მანათობელი ნივთები; ბავშვების მოდური აქსესუარები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სათამაშოდ გამოყენებისთვის.

იხილეთ ვრცლად 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here