Home მედიცინა რატომ გახშირდა ბავშვებში ნაღველკენჭოვანი დაავადება?

რატომ გახშირდა ბავშვებში ნაღველკენჭოვანი დაავადება?

374
SHARE

ნუ გგონიათ, ნაღველკენჭოვანი დაავადება ბავშვებს არ ემართებათ. წინათ ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო, ბოლო ხანს კი ულტრასონოგრაფიულმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფრო და უფრო ხშირად აღმოუჩენენ ნაღვლის ბუშტში კენჭებს. გვესაუბრება რადიოლოგი ეკა ლაშხი.

– რისი ბრალია, რომ ასე დაიწია ნაღველკენჭოვანი დაავადების ასაკობრივმა ზღვარმა?

– ეს აიხსნება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რაც, თავის მხრივ, კვების არასწორი რეჟიმითაა გამოწვეული. ნაღვლის ბუშტში გუბდება ნაღვლის წვენი, მისი კომპონენტები გარდაიქმნება და ჯერ ნალექს, მერე კი კენჭებს წარმოქმნის. ეს კენჭები შედგება ქოლესტერინისგან, ნაღვლის პიგმენტ ბილირუბინისა და კალციუმის მარილებისგან. თუ ბავშვი იკვებება მაღალცილოვანი, რაფინირებული და ცხიმიანი საკვებით, ეს ნივთიერებები დაკრისტალებას იწყებს. ამ პროცესს აჩქარებს გაზიანი ტკბილი სასმელების შეუზღუდავი მიღება.

მიეცით ბავშვს რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული – მათი უჯრედისი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას, რაც, თავის მხრივ, კენჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

– რომელ ბავშვებს მიაკუთვნებენ რისკჯგუფებს?

– ნაღველკენჭოვანი დაავადების რისკჯგუფში შედიან ჭარბი წონის მქონე ბავშვები. აკონტროლეთ მათი მენიუ, რომ ზომაზე მეტი არ ჭამონ, ნუ დაუშვებთ კვებათა შორის დიდ ინტერვალებს. უმჯობესია, ბავშვი მიირთმევდეს მცირე ულუფებით და ხშირად, დღეში 5-6-ჯერ.

როცა ბავშვი დღეში 3-ჯერ იკვებება, ნაღვლის ბუშტში გუბდება ნაღვლის წვენი და იწყება ნალექის წარმოქმნა. ნაღვლის წვენი ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში მაშინ გადადის, როცა იქ საკვები ხვდება. თამაშით გართულ ბავშვს აღარაფერი ახსოვს, შიმშილს ვეღარ გრძნობს, ორგანიზმი კი თავის საქმიანობას განაგრძობს, გამოყოფს ნაღვლის წვენს, რომელიც ნაღვლის ბუშტიდან აღარ გადის, იქვე გროვდება, გუბდება და მის კედლებზე ილექება.

– კიდევ რა უწყობს ხელს ნალექის წარმოქმნას?
– ცხოვრების თანამედროვე, ნაკლებად მოძრავი წესი. ბავშვები უმეტესად კომპიუტერს უსხედან, აღარ მისდევენ სპორტს, აღარ ჩადიან ეზოში და არ იქცევენ თავს სპორტული თამაშებით.

ჰიპოდინამიის დროს იმატებს კუჭის წვენის გამოყოფა და მჟავიანობა, ირღვევა საჭმლის მონელებისა და შეწოვის პროცესები ნაწლავებში.

გირჩევთ, დღეში ორი საათი ბავშვთან ერთად გაატაროთ სუფთა ჰაერზე და ჩართოთ იგი აქტიურ თამაშებში.

მოზარდებისთვის არ შეიძლება შიმშილობა ჭარბ წონასთან ბრძოლის მიზნით. დიეტოლოგები გვთავაზობენ დიეტებს, რომლებიც ითვალიწინებს დღეში რამდენიმეჯერ, საათობრივად კვებას მცირე ულუფებით. საკვები ერთფეროვანი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველა საჭირო ინგრედიენტის, ვიტამინებისა და მინერალური მარილების შემცველი.

გირჩევთ, შეიძინოთ პროდუქტები, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია: “ბიო”, “ეკო”, “საბავშვო”. ეს პროდუქცია გაივლის მკაცრ ეკოლოგიურ კონტროლს და ორგანიზმისთვის უვნებელია.

 

წყარო:    mkurnali.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here