Home ორსულობა რა იწვევს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას? – “აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ...

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას? – “აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა გაიკეთოს ქალმა აბორტი”

1028
SHARE

ჯანმოს მონაცემებით, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების გამო ყოველდღიურად 830 ქალი კვდება. მხოლოდ 2015 წელს ამ პრობლემას 303 000 ქალი ემსხვერპლა. ყველაზე სავალალო ის არის, რომ, ექსპერტთა შეფასებით, შემთხვევათა უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

მედიცინის დოქტორი მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე დედათა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზზე – მშობიარობის შემდგომ სისხლდენაზე, მის მიზეზებსა და თავიდან აცილების გზებზე გვესაუბრა.

 

– რამდენად გავრცელებული პრობლემაა მშობიარობის შემდგომი სისხლდენა და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

– მშობიარობის შემდგომი სისხლდენა მთელ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს დედათა სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში ტენდენცია ერთნაირია. ოთხმოცამდე ქვეყანაში ვყოფილვარ, მინახავს უაღრესად მაღალ დონეზე აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ იქაც კი სამეანო სისხლდენა დედათა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი იყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სისხლდენა მშობიარობათა 2%-ში გვხვდება. ტენდენცია საქართველოშიც ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, გადარჩენის მაჩვენებელი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა.

– მშობიარობას ისედაც ახლავს თან სისხლის დანაკარგი. რამდენი სისხლი უნდა დაკარგოს ქალმა, რომ ეს სისხლდენად მივიჩნიოთ?

– ჯანმოს მიერ მოწოდებული თანამედროვე კლასიფიკაციით, სისხლდენად ითვლება 500 მლ ან მეტი მოცულობის სისხლის დაკარგვა. განასხვავებენ ადრეულ სისხლდენას, რომელიც მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ვითარდება და მოგვიანებითს, რომელიც მომდევნო დღეებში იჩენს თავს. უფრო ხშირი და სახიფათოც ადრეული სისხლდენაა.

 

ვეძებთ მიზეზს

– რა იწვევს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას?

– გამოყოფენ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ოთხ ძირითად მიზეზს. პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ტონუსის დაქვითება – ჰიპოტონია ან ატონია. მოგეხსენებათ, ორსულობისას დედასა და ნაყოფს შორის კავშირი პლაცენტის საშუალებით ხორციელდება. მისი საშუალო სიგრძე 25 სმ-ია, სიგანე კი 20 სმ. პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული. მიმაგრების ადგილას საშვილოსნოს ღია სისხლძარღვები გადის. პლაცენტის გამოძევების შემდეგ ეს სისხლძარღვებით სავსე უბანი ღია რჩება. ნორმაში საშვილოსნო იკუმშება, სისხლძარღვები იჭყლიტება და ითრომბება, ამიტომ ფიზიოლოგიურ მშობირობას თან არ სდევს სისხლდენა. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ პლაცენტა საშვილოსნოს მოშორდა, მაგრამ საშვილოსნო ვერ შეიკუმშა – ღია უბნიდან სისხლი ჭავლივით დაიწყებს დენას. სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ თუ ჩარევა ოდნავ დაგვიანდა, შესაძლოა, ყველაფერი დავკარგოთ. ამ დროს წამებსაც კი მნიშვნელობა აქვს.

მეორე ადგილზეა საშვილოსნოში პლაცენტის ქსოვილის ჩარჩენა. ჩარჩენილი ქსოვილი საშვილოსნოს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს და ღიად დარჩენილ სისხლძარღვებიდან სისხლდენა იწყება. სხვათა შორის, ამავე მიზეზით არცთუ იშვიათა მოგვიანებითი სისხლდენებიც: როცა ჩარჩენილი ნაწილი ძალიან პატარაა, თავდაპირველად საშვილოსნო შესაძლოა ნაწილობრივ შეიკუმშოს და სისხლდენამ რამდენიმე დღის მერეღა იჩინოს თავი. აქვე დავძენ, რომ მშობიარობის მესამე პერიოდის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიას პლაცენტის ქსოვილის ჩარჩენის ალბათობა  მინიმუმამდე დაჰყავს. წინათ მიღებული იყო ლოდინის ტაქტიკა – ველოდით, მომყოლი თავისით როდის გამოძევდებოდა, ახლა კი მესამე პერიოდს აქტიურად ვმართავთ და ქსოვილის ჩარჩენის შემთხვევებმაც იკლო.

მესამე ადგილს ტრავმა იკავებს. ის მოსალოდნელია, მაგალითად, დიდი ზომის ნაყოფის ან ვიწრო ანატომიური მენჯის დროს. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა მრავალნამშობიარებ ქალებთან – მათი საშვილოსნო ძალზე გათხელებულია და ადვილი შესაძლებელია, გაიხეს. სახიფათოა რბილი სამშობიარო გზების – საშვილოსნოს ყელის, საშოს კედლებისა და შორისის ტრავმული დაზიანებაც.

მეოთხე ადგილი უკავია სისხლის შემდედებელი სისტემის თანდაყოლილ პათოლოგიებს რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია. თავისთავად ცხადია, ასეთი ქალები სისხლდენებისადმი განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი. სხვათა შორის, ორსულობისას სისხლის შედედების უნარი ფიზიოლოგიურად იმატებს. ეს ბუნებრივი დამცველობითი რეაქციაა – ორგანიზმი ამით მშობიარობის დროს მოსალოდნელი სისხლდენის პრევენციას ახდენს. ორსულობისას პროთრომბინის მაჩვენებლის მომატებას ხშირად ექიმებიც კი პათოლოგიად მიიჩნევენ და ათასგვარი საშუალებით ცდილობენ, მაჩვენებელი “ნორმის ფარგლებს” დაუბრუნონ, რაც სრულიად დაუშვებელია.

მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ამ ოთხ მიზეზს უცხოურ ლიტერატურაში 4 აბრევიატურით აღნიშნავენ:

1. Tone – საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება;

2. Tissue – პლაცენტის გამოძევებისა და მოცილების პათოლოგია;

3. Trauma – რბილი სამშობიარო გზების დაზიანება;

4. Trombin – კოაგულოპათია.

ექიმის ამოცანაა, დროზე მიხვდეს, რომელი მიზეზით განვითარდა სისხლდენა, ვინაიდან მკურნლობის ტაქტიკა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა.

 

მთავარი რისკფაქტორი – რისკფაქტორის არარსებობა

– რა ზრდის მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ალბათობას?

– მოგეხსენებათ, თანამედროვე მედიცინა სარწმუნო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოსტულატებზე დგას, ამ მტკიცებულებათა თანახმად კი მშობიარობის შემდგომი სისხლდენის არავითარი რისკფაქტორი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მათი არსებობა ჯერჯერობით დაუდასტურებელია. შეიძლება ისეთ მდგომარეობათა გამოყოფა, რომელთა დროსაც უფრო მეტი ყურადღება გვმართებს, მაგრამ ვიმეორებ – ისინი კლასიკური გაგებით რისკფაქტორები არ არის.

მაგალითად, როდის შეიძლება განვითარდეს ჰიპოტონია ან ატონია? მაშინ, როდესაც საშვილოსნო მეტისმეტადაა გადაჭიმული. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაყოფის დიდი ზომით, მრავალნაყოფიანი ორსულობით, მრავალწყლიანობით. როგორც აღვნიშნეთ, იგივე მიზეზები შეიძლება დაედოს საფუძვლად საშვილოსნოს ტრავმატიზაციასაც. მნიშვნელოვანია ანამნეზიც – ხომ არ ჰქონია ქალს სისხლდენა წინა მშობიარობისას, ხომ არ აქვს სისხლდენის ოჯახური ისტორია. სიფრთხილეა საჭირო საშვილოსნოს განვითარების ანომალიის, განსაკუთრებით – უნაგირა საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ღრუში ტიხრის არსებობის დროს. სისხლდენის ალბათობა დიდია, როდესაც ქალს კოაგულაციური სისტემის პათოლოგია აქვს.

საინტერესოა, რომ ასეთი ქალები გართულებებს უფრო იშვიათად ეჯახებიან, რადგან იციან საკუთარი პრობლემის შესახებ და თავადაც ყურადღებით არიან და მედპერსონალსაც აფრთხილებენ. პრობლემის დროულად გამოვლენა ყველაზე ძნელი სწორედ მათთანაა, ვისთანაც გართულება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ რამდენიმე წლის წინ ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილი ქალების ისტორია შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მათი 75% რისკის ჯგუფებში არ იყო. ამიტომ, თანამედროვე მიდგომით, უფრო უპრიანია, პაციენტები რისკჯგუფებში კი არ გადავანაწილოთ, არამედ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად ვმართოთ. ამ კონცეფციას ქეის მენეჯმენტი ეწოდება. დღეს მსოფლიოს მედიცინა სწორედ ამ მიდგომაზე დგას.

 

როდის წარმოიშობა საფრთხე

– შესაძლოა თუ არა, სისხლდენა ორსულობის დროსაც განვითარდეს?

– რა თქმა უნდა. ეს საუბრის ცალკე თემაა. ორსულობისას სისხლდენის მიზეზი ყველაზე ხშირად პლაცენტის პათოლოგიაა, მაგრამ არა იზოლირებული პათოლოგია – საქმე გვაქვს ან სისხლძარღვოვან პრობლემებთან, ან ექსტრაგენიტალურ დაავადებებთან. პირველ შემთხვევაში ვგულისხმობ ორსულობის მეტად საშიშ გართულებებს – პრეეკლამფსია-ეკლამფსიას, როდესაც იმატებს არტერიული წნევა, ვითარდება შეშუპება, შარდში ჩნდება ცილა. ექსტრაგენიტალური დაავადებებიდან კი ძალზე საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. პლაცენტაზე ასევე ძალიან უარყოფითად მოქმედებს თანდაყოლილი ინფექციები. ამიტომ არის საჭირო, ქალი ორსულობას მომზადებული შეხვდეს.

– პლაცენტის სახელდობრ რომელი პათოლოგიაა მოსალოდნელი ამ დროს?

– უმთავრესად – ორი: ნაადრევი აცლა და წინამდებარეობა.

არასწორ დროს, არასწორ ადგილას

– პლაცენტა, ჩვეულებისამებრ, იმ ადგილას ვითარდება, სადაც მოხდა პირველადი ჩასახვა – პირველადი ნიდაციო. უმეტესად ეს არის საშვილოსნოს უკანა კედელი, მარჯვენა ან მარცხენა ზედა კუთხე. მოგეხსენებათ, მშობიარობისას იხსნება საშვილოსნოს ყელი, იქიდან გამოდის ნაყოფი, მას კი პლაცენტა მოჰყვება. განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად, აბორტის დროს, ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი და განმეორებითი ორსულობისას შესაძლოა ჩასახვა მოხდეს არა ზედა კუთხეში, არამედ ქვემოთ. ამრიგად, პლაცენტა ფარავს საშვილოსნოს ყელს, მის ზემოთ კი ნაყოფია. შესაბამისად, როდესაც ყელი გაიხსნება, პირველად პლაცენტა წამოვა, მის აცლას კი ძლიერი სისხლდენა მოჰყვება. ეს გახლავთ მეტად საშიში მდგომარეობა, რომელიც დედასთან ერთად ნაყოფსაც უქადის საფრთხეს. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა გაიკეთოს ქალმა აბორტი.

პლაცენტის წინამდებარეობა შესაძლოა ანთებითი რეაქციის შედეგადაც ჩამოყალიბდეს. საბედნიეროდ, ექოსკოპიური კვლევის დროს ეს პათოლოგია ჩანს და პრობლემას მომზადებულები ვხვდებით.

რაც შეეხება პლაცენტის ნაადრევ აცლას, მისი რისკფაქტორი სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, ამიტომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ქალი, რომელსაც მაღალი წნევა, დიაბეტი, შეშუპება, ვასკულიტი აქვს.

გადამწყვეტი წამები

– ასიდან 85-89 შემთხვევაში დედათა სიკვდილიანობის თავიდან აცილება შესაძლებელია. პრევენციისთვის აუცილებელია ორი რამ: დროის ეფექტური გამოყენება და კარგად მომზადებული გუნდი. სისხლდენა მშობიარობის შემდგომია თუ მშობიარობამდელი, დრო გადამწყვეტია! ქალი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხვდეს შესაბამის დაწესებულებაში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს მდგომარეობის სწორი მართვა. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მულტისისტემურ, გუნდურ მიდგომას. სათანადოდ მომზადებული გუნდის გარეშე ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან რთულია, შეუძლებელიც კი. ერთი კაცი, რაც უნდა მაღალი დონის პროფესიონალი იყოს, ამას ვერ მოახერხებს. მართვაში ჩართული უნდა იყოს ყველა – დამლაგებლით დაწყებული, დირექტორით დამთავრებული. ყველამ უნდა იცოდეს იმ მომენტში თავისი ფუნქცია. ეს არ არის ქრონიკული პათოლოგია, როცა დრო თავზე საყრელად გვაქვს და შეგვიძლია, ყველაფერი კარგად მოვიფიქროთ, ავწონ-დავწონოთ. აქ წამებზეა საუბარი! როცა გუნდი სინქრონულად მუშაობს, გადარჩენის შანსი მკვეთრად იმატებს.

– სისხლდენის დროს უპირველესი ამოცანა სისხლის დანაკარგის დროული და სწორი შეფასებაა.

– როგორ ფასდება სისხლის დანაკარგი, რამდენად სუბიექტურია შეფასება?

– შეიძლება ითქვას, სავსებით სუბიექტური. ამას მთელი მსოფლიოს ექიმები ებრძვიან. ცდილობენ, ერთი უნივერსალური კრიტერიუმი შეიმუშაონ, რათა სისხლის დანაკარგის შეფასების ობიექტივიზაცია მოხდეს. ჯერჯერობით ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს. ხილული სისხლის ოდენობას შეკრებ და დაითვლი, მაგრამ, მაგალითად, ვერავინ განსაზღვრავს, რამდენი სისხლი შეიწოვა ტამპონებმა. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ექნიჭება ექიმის გამოცდილებას. მოგვიანებით სისხლის დანაკარგი ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე აისახება და მისი განსაზღვრა იოლდება, მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს.

 რა ხდება დანაკარგის შეფასების შემდეგ?

– შემდგომი ტაქტიკა დეტალურად გაწერილ გეგმას ეფუძნება. ეს პროტოკოლი ზედმიწევნით უნდა იცოდეს გუნდის ყველა წევრმა, რათა სწორი გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია სისხლდენა. მაგალითად, თუ მიზეზი საშვილოსნოს ან რბილი სამშობიარო გზების გახევაა, ცხადია, ისინი უნდა გაიკეროს.

სისხლდენის მიზეზი ყველაზე ხშირად, როგორც აღვნიშნეთ, საშვილოსნოს ატონიაა. ასეთ დროს ინტრავენურად შეგვყავს უტეროტონული ანუ საშვილოსნოს შემკუმშავი საშუალება და ვატარებთ გარეგან მასაჟს. თუ სისხლდენა არ შეწყდა, ხელით შევდივართ საშვილოსნოს ღრუში და ვატარებთ. შინაგან-გარეგან მასაჟს. როცა ესეს უეფექტო აღმოჩნდა, გადავდივართ საოპერაციოში.

– საშვილოსნოს ამოსაკვეთად?

– არა, ეს მოძველებული მიდგომაა. რატომ უნდა ამოვკვეთოთ საშვილოსნო და წავართვათ ქალს შვილოსნობის უნარი, როდესაც ჩვენი ამოცანა არა საშვილოსნოს ამოკვეთა, არამედ სისხლდენის შეჩერებაა? თანამედროვე მიდგომა ასეთია: ვკვანძავთ საშვილოსნოს მკვებავ არტერიებს და სისხლდენა წყდება. საშვილოსნო შესაძლოა 2-3 დღის შემდეგ შეუკუმშოს; რაც მთავარია, სისხლი აღარ დის და ქალი შვილოსნოსნობის უნარს ინარჩუნებს.

ხდება ისეც, რომ მკვებავი არტერიების გადაკვანძვა სისხლდენას ვერ აჩერებს. ამ შემთხვევაში უფრო ზედა დონის სისხლძარღვს – თეძოს შიდა არტერიას ვკვანძავთ. ეს მეთოდი  უტყუარია. კიდევ უფრო თანამედროვე მეთოდია საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია. ეს გაცილებით დამზოგველი ჩარევა გახლავთ. ფაქტობრივად, უოპერაციოდ, იმავე პრინციპით, რომლითაც ტარდება კორონაროგრაფია, შესაბამის არტერიაში შეჰყავთ ემბოლი. ეს იმავე ეფექტს იძლევა, რასაც გადაკვანძვა. მაგრამ ამ ოპერაციისთვის მომზადება დროს მოითხოვს. როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ქალს სისხლის შემდედებელი სისტემის პათოლოგია აქვს, ემბოლიზაციის დასაგეგმავად დრო საკმარისია, მოულოდნელი სისხლდენის შემთხვევაში კი ეს ვერ ესწრება. აქვე დავძენ, რომ მისი ჩატარება მხოლოდ პოლიპროფილურ საავადმყოფოშია შესაძლებელი.

– გამოდის, საშვილოსნოს ამოღება არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული?

– ძალიან იშვიათად, უმთავრესად მაშინ, როცა სისხლდენის მიზეზი საშვილოსნოს ტრავმა ან ჩაზრდილი პლაცენტაა.

ორმაგი განსაცდელი

– რა ელის ნაყოფს?

– როდესაც სისხლდენა მშობიარობის შემდეგ ვითარდება, ცხადია, ნაყოფს არაფერი ემუქრება, მშობიარობამდე განვითარებული სისხლდენა კი მას დიდ საფრთხეს უქმნის. მაგალითად, განასხვავებენ ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის აცლის ორ ხარისხს. პირველი ხარისხი ტოტალურ აცლას გულისხმობს. ამ დროს ბავშვი, სამწუხაროდ, მყისიერად იღუპება. ნაწილობრივი აცლის შემთხვევაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროს: უნდა მოესწროს ნაყოფის ამოყვანა. მისი გადარჩენის შანსი, ცხადია, ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული.

ნაყოფისთვის საშიშია პლაცენტის წინამდებარეობაც, ვინაიდან ქალი კარგავს სისხლს იმ აუზიდან, რომლიდანაც იკვებება ბავშვი. აქაც, დრამატული შედეგების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო ჩარევაა საჭირო.

– სისხლდენის რისკი საკეისრო კვეთის დროსაც არსებობს?

– არსებობს, თანაც გაცილებით მაღალი, ამიტომ წინააღმდეგი ვარ, როდესაც მომავალი დედები გაუზარებლად, ჩვენების გარეშე ითხოვდნენ საკეისრო კვეთის ჩატარებას. თავად განსაჯეთ: საშვილოსნო გაჭრილია, ნერვული დაბოლოებები, სისხლძარღვები და კუნთოვანი ბოჭკოები – დაზიანებული; ცხადია, შეკუმშვა მას უფრო მეტად გაუჭირდება. ატონიის მიზეზით სისხლდენა საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ.

ტრაგედია უგმიროდ

– ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შედეგად ქალი დაიღუპა? არის თუ არა შედეგი ყოველთვის ექიმზე დამოკიდებული? როდესაც ყველა ღონისძიება დროულად და სწორად ტარდება, აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს თუ შესაძლოა, მიუხედავად ყველაფრისა, დასასრული მაინც ლეტალური აღმოჩნდეს?

– ძალზე მძიმე საკითხს შეეხეთ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ პროტოკოლი ყველა მეანმა თვალდახუჭულმა იცის. თუ არ იცის, მაშინ, გაუზვიადებლად, სწორედ ის არის დამანაშავე! მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი მეანი საქართველოში არ არსებობს.

ლეტალური შედეგის დადგომაში, ჩემი აზრით, ორ ფაქტორს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ორგანიზაციული სირთულეები. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს მონოპროფილურ დაწესებულებებში, როდესაც დროულად ვერ ხერხდება, მაგალითად, სისხლის მიწოდება, ადგილზე არ არის შესაბამისი კომპეტენციის ექიმი – რეანიმატოლოგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი თუ სხვა. მეორე – ყველა ადამიანი სხვებისგან განსხვავებული ინდივიდია. ერთ პაციენტს შესაძლოა 500 მლ სისხლის დაკარგვის შემთხევვაშიც კი ჰემორაგიული შოკი განუვითარდეს, მეორემ კი ორ ლიტრ-ნახევრის დაკარგვასაც გაუძლოს, ამიტომ როცა პროტოკოლი ზედმიწევნით დაცული, ვისიმე დადანაშაულება ძნელია.

– შესაძლებელია თუ არა შეფასებაა, რამდენად კარგა იყო დაცული პროტოკოლი?

– სავსებით შესაძლებელია. ჯერ ერთი, დღეს თითქმის ყველა სამშობიაროში პარტნიორული მშობიარობა ტარდება – პროცესს ესწრება ქალის ოჯახის წევრი და საკუთარი თვალით ხედავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იყო უყურადღებოდ, ვინ დაიგვიანა… დიდ ინფორმაციას იძლევა ავადმყოფის ისტორია, და, რაღა თქმა უნდა, პათანატომიური კვლევა, რომლის მიხედვითაც ადგენენ, რამდენად სწორად მიეცა ქალს სამკურნალო საშუალება და რამდენად დროული იყო ესა თუ ის ჩარევა.

– რას გვეტყვით მოგვიანებით სისხლდენაზე. როდემდე არსებობს მისი განვითარების რისკი?

– ლოგინობის ხანა 6-8 კვირამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სისხლდენა თეორიულად მოსალოდნელია, თუმცა პრაქტიკაში გვიანდელ ვადაზე – ძალიან იშვიათი. ის უმეტესად მესამე-მეოთხე დღეს იჩენს თავს. მისი მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექცია ან პლაცენტის ნაწილის ჩარჩენაა. ჩარჩენის თავიდან ასაცილებლად მშობიარობის შემდეგ ზედმიწევნით უნდა დათვალიერდეს გამოძევებული პლაცენტაც და სანაყოფე გარსიც. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევაც, რომელიც გამოაჩენს, არის თუ არა საშვილოსნოში ჩარჩენილი ქსოვილის ნაწილი. დიდი მნიშვნელობა აქვს რადიოლოგის კვალიფიკაციას, ვინაიდან საშვილოსნო სავსეა კოლტებით, რომლებიც ძალიან ჰგავს პლაცენტის ქსოვილს. დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმია საჭირო იმის განსასაზღვრად, კოლტია ეს თუ ქსოვილის ნაწილი.

მომდევნო დღეებში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გამონადენის ხასიათს. პირველი 5 დღე გამონადენი წითელია და მთლიანად სისხლისგან შედგება, მე-5-დან 8 დღემდე ფერს იცვლის და მოყვითალო ხდება, მომდევნო ათი განმავლობაში მოყავისფროა, კიდევ ათი დღის შემდეგ კი ლორწოვან კონსისტენციას იძენს. როცა სისხლიანი გამონადენი ათი დღის შემდეგაც გრძელდება ან ლორწოვანის ფონზე ხელახლა ჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

– როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელმაც სისხლდენა გადაიტანა?

– უპირველეს ყოვლისა, ზედმიწევნით აკონტროლოს ჰემოგლობინი, ვინაიდან მშობიარობის დროს მისი მაჩვენებელი დრამატულად ეცემა, აღდგენას კი თვეები სჭირდება. სისხლის გადასხმა მყისიერ ეფექტს გვაძლევს, მაგრამ გადასხმული სისხლი ერთ კვირაში იშლება და ჰემოგლობინის მაჩვენებელი შესაძლოა ისევ დაეცეს. სულ მცირე, ექვსი თვე ქალი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. სიფრთხილით უნდა წარიმართოს მომავალი ორსულობაც. დაუშვებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, გავრცელებული პრაქტიკაა, გადატანილი სისხლდენის გამო მომდევნო ორსულობისას ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდეს. ამით სისხლდენის რისკს არათუ ვერ შევამცირებთ, არამედ გავზრდით კიდეც.

 

ჯანმრთელობის ოქროს წესი

– საუბრის დასასრულს მინდა ერთი რამ ვთქვა: გახსოვდეთ, ორსულობას არ სჭირდება მკურნალობა, ის ისეთივე ფიზიოლოგიური პროცესია, როგორიც ახლაგაზრდობა ან სიბერე. ახალგაზრდობას მკურნალობთ? ასევე არ არის საჭირო ორსულობისას ათასგვარი წამლის მიღება. ძილის სწორი რეჟიმი, ფსიქოლოგიური კომფორტი და სწორი კვება – ეს არის ჯანმრთელი მშობიარობის საწინდარი და ყოველგვარი გართულების საუკეთესო პრევენცია.

გვანცა გოგოლაძე

წყარო:  https://www.aversi.ge/cnobari/1657/sixldena-mSobiarobis-dros

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here