Home სხვადასხვა ღვთისმშობლის მონოლოგი

ღვთისმშობლის მონოლოგი

366
SHARE
რატომ დამხატეთ მწვანე წალკოტში
ბაგით მღიმარით? თვალებით მშვიდით?
თქვენ ხომ არ იცით, როგორ გავრბოდი,
ნაკვალევს ცრემლით როგორა ვშლიდი,
თქვენ ხომ არ იცით, როგორ ვეწამე,
როგორ ვთრთოდი და როგორ ვტიროდი
და ჩემს სარკმლიდან შემოსულ ლანდებს
ჰქონდათ პროფილი დიდი ჰეროდის.
ვნება _ზმანება, შვილი _ სიშორე,
სისხლის ცრემლებით გამოტირება.
რწმენა _ სიმაღლე, გოლგოთა _ ჯვარცმა…
მამაუფალმა ასე ინება.
ჰო, აღასრულა, რაც გარდუწყვიტეს,
რაც დაუწერა განგებამ ბედად,
თქვენთვის ის ღმერთის ძეა მაღალი,
მაგრამ მე მაინც დედა ვარ, დედა.
და მეც ვიტვირთე თქვენი ცოდვები,
მეც რწმენის ჯვარზე ათასჯერ მაცვეს.
ზეცის ბილიკზე დამზრალ შროშანებს
ცრემლებით რწყავდა შემკრთალი მაცნე.
სხივი, რომელიც გინათებთ გზაწვრილს,
ჯვარზე გაკრული ღმერთის წულია,
ხეებს რომ ასე აკვნესებს ღამით,
ქარი კი არა, დედის გულია.
თუ განსაცდელი ელის ქვეყანას,
დღეები სევდით თუ დაიბინდა,
გფარავდეთ ჩემი ტანჯული შვილი,
მამაუფალი და სულიწმინდა.
მაყვალა გონაშვილი
წყარო:    http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=7214
Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here