რაში ადანაშაულებს სერგო მათითაშვილს და ზაზა სინაურიძეს პატარა ლუკას დედა ლიკა კიკვაძე?

    26703
    SHARE

    ლუკა 5 წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩნდა, ის ოჯახისთვის  მეორე შვილია.  ლიკა კიკვაძე ლუკას დედაა, მისთვის ძალიან ემოციური და სასიხარულო იყო  იმის გაგება, რომ 9 თვეში მეორე შვილის დედა გახდებოდა. მუცელშივე გახდა ლუკა სანატრელი და საოცნებო შვილი. მაგრამ ეს სიხარული შიშმა და მოულოდნელად დასმულ დიაგნოზზე ნერვიულობამ გააქარწყლა.  12 კვირის ორსული ლიკა,  „ევექსი“-ს კლინიკაში, გეგმიურ ვიზიტზე,  ექიმთან მივიდა და მას მძიმე იმფორმაციის მოსმენა მოუწია.

    ლიკა კიკვაძე  www. sabavshvo. info-ს დაუკავშირდა და გვიამბო იმ მძიმე ემოციებისა და სტრესის შესახებ, რაც ორსულობის დროს გადაიტანა.

    ლიკა კიკვაძე  :

    – ყველაფერი  ორსულობის მეთორმეტე  კვირიდან დაიწყო, როცა „ევექსი“-ს კლინიკაში მითხრეს,  რომ ნაყოფს ზომაზე დიდი კისრის ნაოჭი აქვს და მირჩიეს უფრო გამოცდილ სპეციალისტთან მივსულვიყავი ულტრაბგერით გამოკვლევაზე. რადგან საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ სპეციალისტად სერგო მათითაშვილი მიიჩნევა, მეც ავდექი და სწორედ მასთან ჩავეწერე.  ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შევედი მის კაბინეტში. ვერ გადმოგცემთ, როგორ ველოდი მისგან იმის მოსმენას, რომ ყველაფერი კარგად არის და თქვენი შვილი ჯანმრთელი გაჩნდებაო,  მაგრამ ზუსტად 10 წუთი ათვალიერებდა ნაყოფს და მითხრა: ბავშვი სავარაუდოდ, დაუნი იქნება, რადგან პატარა ცხვირი, მოკლე ბარძაყები და კისრის დიდი ნაოჭი აქვსო და მირჩია გენეტიკოსთან წავსულიყავი. ეს იყო ყველაზე საშინელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. არ მახსოვს, მათითაშვილის კლინიკა როგორ დავტოვე… ძალა მოვიკრიბე,  გინეკოლოგს დავურეკე და მოვისმინე ის, რისიც  ყველაზე ძალიან მეშინოდა: თუ დაუნის სინდრომია დროზე გადაწყვიტე აბორტს გაიკეთებ თუ არაო. იმ წუთში თითქოს ყველაფერი დამთავრად ჩემთვის…

    ისევ იმედს ჩავებღაუჭე და წავედი გენეტიკოსთან, რომელმაც გადაამოწმა ბატონი მათითაშვილის დასკვნა და მირჩია,  რადგან 35 წლის ვიყავი და ეს ასაკი ხანდაზმულ ორსულობად ითვლება, გამეკეთებინა ამნიოცენტეზი, რაც  მუცლიდან სითხის ამოღებას გულისხმობს, ესეც გარკვეულ რისკთანაა დაკავშრებული, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ეს ბოლო შანსი იყო გამეგო,  ჯანმრთელ შვილს ვატარებდი მუცლით თუ არა. გენეტიკოსმა კონკრეტული ანლიზის გაკეთება   კლინიკა „პინეო“-ში მირჩია, რადგან იქ მოქმედებს  სახელმწიფო პროგრამა და  ამ ანალიზის დაფინანსება ხდება.

    მივედი „პინეო“-ში. 2 საათიანი ლოდინის შემდეგ შემიყვანეს პალატაში, მაგრამ მუცლიდან სითხე ვერ აიღეს.  ნაყოფი  იმდენად პატარაა ვერ ხერხდება ანალიზის გაკეთება და ერთ კვირაში გავიმეოროთო. რთულია, წარმოიდგინოთ რა დღეები გავიარე იმ ერთ კვირში, რამდენი აზრი მიტრიალებდა, რაზე არ ვიფიქრეე. საუკუნედ გადაიქცა ეს ლოდინი.

    ზუსტად ერთ კვირაში ისევ მივედი კლინიკა „ პინეო“-ში. დიდი ხნის წვალების შემდეგ სითხე ამოიღეს, პროცედურას ექიმი,  ზაზა სინაურიძეც ესწრებოდა. სითხე ძალიან ცოტა იყო და სისხლნარევი, მაგრამ სინაურიძემ, რომელსაც  ახლობელი ელოდებოდა (ეჩქარებოდა სინაურიძეს ექოსკოპია უნდა გაეკეთებინა)  ექიმს უთხრა,  საკმარისი რაოდენობაა,  პასუხი მაინც იქნებაო. მოკლედ გამომიშვეს სახლში და მითხრეს რომ ერთ თვეში დამიკავშირდებოდნენ და პასუხს შემატყობინებდნენ.

    ვერ დაველოდე ერთ თვეს უმოქმედოდ, დავიწყე  მათითაშვილის დასკვნის გადამოწმება. მივაკითხე ბატონ ბადრი შარიქაძეს.  45 წუთი მოანდომა ნაყოფის დათვალიერებას. ყველაფერი გულდასმით გაუზომა, შეუმოწმა და მითხრა-  სანერვიულო არაფერი გაქვთ,  ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, ნაყოფს ყველაფერი ისე აქვს, როგორც საჭიროაო. ბატონი ბადრის ეს სიტყვები  იყო ჩემი შვილის  პირველი დაბადება და ჩემი ცხოვრების ყველაზე  ბედნიერი წუთები.

    მაინც ველოდი კლინიკა „პინეო“-დან ანალიზის პასუხს.  გავიდა  ერთი თვე, მაგრამ კლინიკიდან არავინ მიკავშირდებოდა. ერთ დღესაც თითონ გადავრეკე.  მითხრეს ანალიზის პასუხი არ გვაქვსო. ერთი საათის შემდეგ  თვითონვე გადმომირეკეს – თქვენი სითხე სისხლნარევი იყო და ამიტომ ანალიზი ვერ გაკეთდაო. ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რა დამემართებოდა მაშინ… ისიც არ იკადრეს, დაერეკათ და ეს ყველაფერი თავის დროზე  ეთქვათ, პირიქით,  მისაყვედურეს კიდეც, რომ თურმე ჩემს გამო ძვირიანი კოლბა გაფუჭდათ.

    ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველფერს თავი დავანებე და გადავწყვიტე,  რომ ეს ბავშვი უნდა დაბადებულიყო. მაისში,  ღმერთის წყალობით, ჩაჩავას კლინიკაში  ყოველგვარი გართულებების გარეშე დაიბადა სრულიად ჯანმრთელი,  ჩემი  ლუკა.

    – ლიკა, ბატონ სერგო მათითაშვილთან ხომ არ ყოფილხართ მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი დაიბადა?

    – ვიყავი ბატონ სერგოსთან, ლუკასთან ერთად მივედი. ჩემი დასკვნა მოვითხოვე, კაბინეტში შემიყვანა, ლუკას მოეფერა – რა საყვარელი და კარგი შვილი გყავსო. ეს ის ბავშვია, რომელიც თქვენი დასკვნის საფუძველზე შეიძლება არც გამეჩინა-თქო. ცოტა ანერვიულად, დაიბნადა- გილოცავთ ჯანმრთელი შვილი რომ გყავთო.

    ლუკას დაბადებას ბადრი შარიქაძეს უნდა ვუმადლოდე.  რომ იცოდეთ რამდენი ბავშვი იღუპება არასწორი დიაგნოზის გამო, რამდენი აბორტი კეთდება.  ჩაჩავას კლინიკაში, ერთმა ცნობილმა ექოსკოპისტმა მითხრა,  მათითაშვილი კარგი ბიზნესმენიაო და ამაში მე თვითონაც დავრწმუნდი. არადა როგორ ვენდობოდი მას… საჯაროდ ჩემ ისტორიაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა,  მომავალი დედებისთვის ეს იყოს ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ არ დანებდნენ. როგორი პოპულარული და მაღალკვალიფიციურიც არ უნდა იყოს ექიმი, თუ რამე საეჭვო დიაგნოზსს გეტყვიან აუცილებლად გადაამოწმეთ სხვაგან! მომავალო დედებო, ამით თქვენ თქვენი ჯერ არ დაბადებული შვილები შესაძლოა სიკვდილისგან იხსნათ!..

    www.sabavshvo.info რადიოლოგ-გინეკოლოგ სერგო მათითაშვილს დაუკავშირდა და კონკრეტულ ისტორიაზე კომენტარი სთხოვა.

    სერგო მათითაშვილი:

    – ეს ქალბატონი ჩემთან მოვიდა ორსულობის მე-12 კვირის ვადაზე. ის იყო 35 წლის, ასაკს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ხაზს ამიტომ ვუსვამ. სკრინინგული ექოსკოპია, რომელიც ქალბატონმა ჩემთან ჩაიტარა, კეთდება 11-იდან 13,5  კვირამდე,  იმისთვის, რომ დავადგინოთ არის თუ არა ნაყოფში ექოსკოპიური მარკერები,  რომლის ნახვის შემდეგ, შეიძლება დავასკვნათ,  ბავშვი შედის თუ არა რისკის ჯგუფში ქრომოსომული დაავადებისთვის. ეს მარკერები სერგო მათითაშვილის მოგონილი არ არის, ეს კარგად გაწერილია ყველა გაიდლაინში და ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს ულტრაბგერითი  დიაგნოსტიკის სპეციალისტმა, აუცილებლად  კონკრეტულ  ვადაზე. ამ მარკერებში არის 5 ძირითადი მარკერი, რომლის ნახვაც შეიძლება. 1. მარკერი- ეს არის კისრის ნაკეცი, რომელიც უნდა იყოს 3მმ-ზე ნაკლები, როცა არის 3 და მეტი ეს არის არასასურველი, მეორე მარკერია – ცხვირის ძვალი, ამ ვადაზე ცხვირის ძვალი უნდა იყოს 2,5 მმ-იდან 3, 5მმ, ეს ცხვირის ძვალი ამ ბავშვს ჰქონდა 2.2 კისრის ნაკეცი ჰქონდა 3, 1. ამასთან ერთად ბავშვს ორივე კისრის არეში ჰქონდა გაფართოებული ლიმფური კოლექტორები, ესეც შედის მარკერებში. ამიტომ ეს ყველაფერი ავღნიშნე, ფოტოები გადავუღე, რასაც ყველა პააცინეტთან ვაკეთებ და დასკვნაში  დავწერე- რეკომენდირებულია გენეტიკოსის კონსულტაცია-თქო.  იმის მერე მე ნაყოფი აღარ მინახავს.  ვიცი, რომ ქალბატონს გაუკეთდა  ანალიზი- ორმაგი და სამმაგი ტესტი, რომელიც გაიგზავნა შტუტგარდის ლაბორატორიაში. იქედან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვი შედის მაღალ რისკში დაუნის და რისკი შეადგენს ერთი ოცდახუთთან. ეს ნიშნავს, რომ 25 ბავშვიდან ერთი იბადება დაუნი, 24 ნორმალური. მე ძალიან გამიხარდა და ვულოცავ ამ ქალბატონს, რომ ის და მისი შვილი აღმოჩდნენ ბედნიერ 24 პაციენტში.

    – ბატონო სერგო, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, მან სხვა რადიოლოგ-გინეკოლოგთანაც გაიკეთა კვლევა და იქ დასკვნაში წერია, რომ ნაყოფს ანომალიები არ აღენიშნება და ბავშვი სრულიად ჯანმრთელია?

    – სერგო მათითაშვილს არ შეუძლია დასკვნაში დაწეროს დაუნი, ექოსკოპია არ ადგენს დაუნის დიაგნოზს. ექსოკოპიის კვლევით მხოლოდ შემიძლია ვთქვა- არის თუ არა რისკები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ვნახე, რომ რისკები არსებოდბა, მე რეკომენდაცია მივეცი და გავუშვი გენეტიკოსთან. მეტი მე არაფერი არ მევალება.

    13, 5 კვირის შემდეგ ეს მარკერები არ ინახება. ის, რაც მე ვნახე და გავზომე, ეს მხოლოდ კეთდება 11-დან 13,5 კვრიამდე. შემდეგ არჩანს და ვერავინ გასზაღრავს და ვერ განიხილავს,  არსად მსოფლიოში. ამიტომ სხვა ექოსკოპისტი ვერ დაინახავდა იმას, რაც მე დავინახე და გავზომე, იმ კონკრეტულ ვადაზე.

     

    ესაუბრა: ნინო ფაჩუაშვილი

    Banner 5

    4 COMMENTS

    1. დაუნის სინდრომი ექისკოპიური მარკერები ჩანს მხოლოდ 11დან 13 კვირამდე….შემდგომ ეს ვეღარ ფასდება ფიზიკურად.ბატონი ბადრიც და საერგოც უძლიერესები არიან თავის საქმეში… მათ მდგომარეობა სხვადასცვა ეტაპზე შეაფასებინეთ …რაც არასწორ დასკვნას გაკეთებინებთ

      • “ევექსი”–ს კლინიკის ექიმის გვარი,რომელმაც ურჩია მისი დიაგნოზის გადამოწმება უფრო გამოცდილ სპეციალისტთან არ წერია, გინეკოლოგის გვარი, ვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ორსული არ წერია, ჩაჩავას კლინიკის ცნობილი ექოსკოპისტის გვარი არ წერია , ბ–ნ სერგო მათითაშვილის დასკვნა არ არის ბოლომდე ნაჩვენები სტატიაში, სადაც ზუსტად წერია რეკომენდაცია, დაუნის სინდრომის მარკერებზეც ინფორმაცია უნდა მოეძია ავტორს …… დანარჩენი კითხვა–პასუხი –წერტილ–მძიმით არის აღწერილი.. დაკვეთილი სტატიაა ???????????
        სამწუხაროდ კომენტარის სახით ვერ ვაქვეყნებ, საიტი არ მაძლევს საშუალებას

    2. “ევექსი”–ს კლინიკის ექიმის გვარი საერთოდ არ არის ნახსენები, სადაც პაციენტი იყო ორსულობის მე–12 კვირაზე და რომელმაც ურჩია გადაემოწმებინა დიაგნოზი, არც გინეკოლოგის გვარი წერია ,ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ორსული, ბ–ნ სერგო მათითაშვილის დასკვნა ბოლომდე არ სჩანს სტატიაში, სადაც წერია რეკომენდაციები, ჩაჩავას კლინიკის ცნობილი ექოსკოპისტის გვარიც არ წერია …..დაუნის სინდრომის მარკერებზეც ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა ავტორს…სხვა კითხვა–პასუხი წერტილ–მძიმით არის აღწერილი….
      დაკვეთილი სტატიაა ????

    3. მოდი ჯერ ასე ვთქვათ რომ არაფერი ისეთი არ უთქვამს რადიოლოგს ნახა რაღაც რისკ ფაქტორი და რეკომენდაცია მოგცა ანალიზებზე არავინ გეტყოდა გინდა თუ არა დაუნის სინდრომი აქვსო,როცა მერე გაიკეთე მანდ უკვე აღარც გამოჩნდებოდა როცა ეგ რისკი ჩანს ეგ პერიოდი გაცლილი იყო,მე 40 წლის ვარ მეორე შვილი ეხლა გავაჩინე,მეც ბატონ სერგოსთან გავიკეთე ეხო და არაფერი უთქვია ესეიგი არ იყო ეგ რისკი ტესტებს რაც შეეხება ასაკიდან გამომდინარე მაინც გამიკეთეს და ეხლა მაგას ახალგაზრდებიც იკეთებენ ასე რომ ორსულს ყველაფერზე გამძაფრებული ემოცია აქვს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სუბიექტური შეფასება გააკეთო,ასევე ბატონ ზაზამ მამშობიარა,უფრო ჰუმანური ექიმი და უფრო პროფესიონალი ალბათ საქართველოში მართლა თითზე ჩამოსათვლელია და ამნეოცენტეზს ან რატო უნდა დასწრებოდა?მოხდს ვერ გაიგეს პასუხი და მერე რა?
      საერთოდ არ გამიკეთებია ეგ მეც მირჩიეს მაგრამ ორმაგი და სამმაგი ტესტის მერე არ ჩავთვალე საჭიროდ,რას შეცვლიდა?ასე ხელ აღებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here