კახა გვანცელაძე: საბავშვო ბაღებში ჯერ კიდევ გვაქვს 4 000 თავისუფალი ადგილი

    172
    SHARE

    “საბავშვო ბაღებში ჯერ კიდევ გვაქვს 4 000 თავისუფალი ადგილი”, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა. ​

    როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის 12:00 საათიდან 7 000 ბავშვი დარეგისტრირდა.

    „15 000 ადგილი გვქონდა საბავშვო ბაღებში. რეგისტრაციის პირველი ეტაპზე, როდესაც კონკრეტული კატეგორიები რეგისტრირდებოდნენ 4 000 ბავშვი დარეგისტრირდა. დღეს 12:00 საათიდან 7 000 ბავშვი დარეგისტრირდა და ჯერ კიდევ გვაქვს 4 000 თავისუფალი ადგილი. თუ მეტი მოთხოვნა იქნება, მშობლებმა უნდა მიმართონ ბაღებს და სარეზერვო სიაში მოხვდებიან. როგორც კი გათავისუფლდება ადგილი ამა თუ იმ ბაღში, სარეზერვო სიის მიხედვით მოხვდებიან ბავშვები ბაღებში. თუ ადგილები არ გათავისუფლდა, ისინი ვერ გადანაწილდებიან ბაღებში. არის კონკრეტული ბაღები, სადაც ადგილები აღარაა და შეივსო, არის ბაღები სადაც ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფალი ადგილები. ყველაზე სამართლიანი პრინციპია დასწრებითობის პრინციპი და სწორედ ამას ვიყენებთ რეგისტრაციისას“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

    რაც შეეხება მშობელთა გარკვეული ნაწილის პრეტენზიას სარეგისტრაციო პროცესში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ სისტემურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია.

    „ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არსებობს. შემიძლია გაჩვენოთ, როგორ იმუშავა სისტემამ 12:00 საათიდან. მშობელს შეეკითხეთ რა პრობლემა ჰქონდა. ჩვენი მხრიდან გაუმართაობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

    თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ვებგვერდზე – registration.kids.org.ge დღეს 12:00 საათზე დაიწყო.

    აღნიშნულ ეტაპამდე უკვე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხებიან ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

    რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ანუ საყოველთაო რეგისტრაციას, დარეგისტრირებას შეუძლია ყველა იმ აპლიკანტს, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

    რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here