Home მედიცინა იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

295
SHARE

მ.იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფო, კლინიკაში მოთავსებული უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მ.იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს საგანგებო განცხადება

ამჟამად კლინიკაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მცირეწლოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მაღალი რისკებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქმის კურსში ჩავაყენოთ საზოგადოება. აღნიშნული პაციენტი პირველად იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შემოვიდა 16 ოქტომბერს, 4 თვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ლიმფური ჯირკვლის გადიდებით, სიფერმკრთალით და მძიმე ანემიით.

შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე და მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დაისვა დიაგნოზი ანემია, ასციტი, პლევრიტი. პროგრესირებადი, კრიტიკული ანემიის საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე მოხდა ერითროციტური მასის ტრანსფუზია სხვა სიმპტომურ საშუალებებთან ერთად, პაციენტი საჭიროებდა ლიმფომის დიაგნოზის გამორიცხვის მიზნით ლიმფური ჯირკვლის პუნქციის ჩატარებას, მაგრამ დედამ და ბაბუამ უარი განაცხადეს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების გაგრძელებაზე და 2 დღეში, 18 ოქტომბერს ხელწერილით გაიყვანეს კლინიკიდან საზღვარგარეთ (გერმანიაში) სამკურნალოდ წაყვანის მოტივით.

13 დღის შემდეგ, 31 ოქტომბერს მოგვმართეს განმეორებით (როგორც გაირკვა, პაციენტი არ წასულა საზღვარგარეთ და მას მკურნალობდნენ ბინაზე სხვადასხვა საშუალებებით). შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა წინა ჰოსპიტალიზაციასთან შედარებით იყო მკვეთრად გაუარესებული. ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევებიდან აღსანიშნავი იყო ლიმფური ჯირკვლების მრავლობითი გადიდება, მძიმე ანემია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკოაგულაცია, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა. რამდენჯერმე ჩატარდა კონსილიუმი კლინიკის ექიმების და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით (ონკოჰემატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი, რევმატოლოგი, ფთიზიატრი, ქირურგი, თორაკოქირურგი, პედიატრი, რეანიმატოლოგი), დაავადების ზუსტი დიაგნოზისთვის განმეორებით იქნა შეთავაზებული ბიოფსიის ჩატარება, რაზეც კვლავ უარი განაცხადეს. მოწვეულ იქნა ეთიკის კომისიის სხდომა და პაციენტის დედას, ბებიას და ბაბუას დეტალურად აეხსნა, როგორც ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, ასევე ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მათ უარს სადიაგნოსტიკო ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა მათი საბოლოო თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მომზადდა წერილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელზე.

ამჟამად პაციენტი აგრძელებს მკურნალობას იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მოხერხდა სისხლის შემადედებელი სისტემის უკიდურესად კრიტიკული პარამეტრების მცირედი გაუმჯობესება, უტარდება ძირითადად სიმპტომური და დამხმარე თერაპია, მოთავსებულია იზოლირებულ პალატაში, მედდის და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ბავშვის ოჯახის წინააღმდეგობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ვერ ხერხდება რიგი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, რაც მიზანმიმართული მკურნალობის დანიშვნის შესაძლებლობისთვის აუცილებელია. პაციენტი არის მაღალი რისკის ქვეშ და თითოეული დღე მისი ჯანმრთელობისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

უფლებას ვიტოვებთ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის გამო, პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგობის მიუხედავად, განვახორციელოთ აუცილებელი ღონისძიებები პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here