Home სხვადასხვა გართობა ქართველი გოგონას და იაპონელი კოსუკეს სიყვარულის ისტორია

ქართველი გოგონას და იაპონელი კოსუკეს სიყვარულის ისტორია

431
SHARE

სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით უცნაურ „ექაუნთს“ წავაწყდი, ქართული სახელით და იაპონური გვარით.
მარიამი თავიდან იაპონიაზე გაგიჟებული გოგონა მეგონა, თურმე საქმე სულ სხვა რამეშია, მისი სიყვარულის ობიექტი არამხოლოდ მთელი ქვეყანა, ერთი იაპონელი ბიჭი კოსუკეც ყოფილა, რომელიც მისი ქმარია და მარიამიც მეუღლის გვარს ატარებს. ის თითქმის მე-6 წელია იაპონიაში ცხოვრობს და ქართულ-იაპონური ოჯახის დიასახლისია. Marao.ge-ს მან საკუთარი სიყვარულის ისტორია უამბო და ორი ქვეყნის კულტურების განსხვავებებზეც ისაუბრა:

როგორ გაიცანით კოსუკე?

-კოსუკე გავიცანი თითქმის 5 წლის წინ, როცა კიოტოში სასწავლებლად ვიყავი. ერთმანეთს წვეულებაზე შევხდვდით, სადაც  ჩემს ავსტრალიელ მეგობართან ერთად მოვიდა. ყველანი ვცეკვავდით მხოლოდ ის იდგა ბართან, ვისკის წრუპავდა და სულ ჩემკენ იყურებოდა. ვიფიქრე მოწყენილია და მივალ გამოველაპარაკები-მეთქი. მივედი და მას მერე ერთად ვართ. როგორც თვითონ ამბობს, დანახვისთანავე ციდან მეხი დაეცა,ეს ისააო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე ჩემი მეგობრის მეგობარი მეგონა და სინამდვილეში წვეულებაზე მოსვლის წინ გარეთ გაუცვნიათ ერთმანეთი. ალბათ, ბედი იყო მაინცდამაინც იქ და მაინცდამაინც ჩემს მეგობართან ერთად რომ შემოვიდა.

რამ მოგხიბლათ მასში?

– რადგანაც ორივეს შემთხვევაში ერთი ნახვით სიყვარული იყო, ნამდვილად არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე, ნუ რა თქმა უნდა, მესიმპათიურა და უფრო იმიტომ გამოვესაუბრე, ალბათ. სხვა დროს პირველი არასდროს ვიჩენდი ინიციატივას. აი, რომ დაინახავ ადამიანს და გულში ჩაგივარდება მაშინვე, ეს შემთხვევა იყო. ახლა უფრო შემიძლია ვთქვა რა მომწონს მასში. მაგალითად ის,რომ მასაც ჩემსავით უყვარს მოგზაურობა, საერთო ინტერესები გვაქვს, რაც უფრო საინტერესოსა და მარტივს ხდის ურთიერთობას.
რამდენად განსხვავებულია ქართველი ბიჭებისგან, აღზრდილია განსხვავებულ კულტურაზე. როგორ ზრდიან იაპონიაში მამაკაცებს, რა ღირებულებები აქვთ?
ჩემი აზრით ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. ან ხარ ყურადღებიანი ან არა. ან აფასებ შენს პარტნიორს, ან არა და ასე შემდეგ. კულტურული სხვაობა ხშირად იგრძნობოდა, თუნდაც იმაში გზას არასდროს მითმობდა და ღია კარში პირდაპირ შერბოდა, რამდენჯერმე ცოტაც და ცხვირში მომხვდებოდა კარი. საბედნიეროდ, ტიპური იაპონელი არაა, უნივერსიტეტი საზღვარგარეთ აქვს დამთავრებული და ასევე ბევრს მოგზაურობდა. შესაბამისად, ხასიათიც და აზროვნებაც ასე ვთქვათ, თანამედროვე აქვს.
მალე 6 წელი გახდება, რაც აქ ვცხოვრობ და ჩემი დაკვირვებით, იაპონელი მამაკაცები დიდად არ სცემენ პატივს ქალებს. ბევრი რამის მოთმენა უწევთ და თვალების დახუჭვა, რასაც ჩვენ, ქართველი ქალები ვერ ვითმენთ. ამიტომ ხშირად გვქონია კამათი. ახლა უკვე მიეჩვია, რომ მე არ ვარ იაპონელი და რასაც ვფიქრობ, ყველაფერს პირდაპირ ვამბობ, ჩემს აზრსაც თავისუფლად და უშიშრად გამოვხატავ. აქ სამსახურშიც და კაცებთან ურთიერთობაშიც ქალი დაბალი ღობეა და რასაც ეტყვიან ყველაფრის შესრულებას ელოდებიან მათგან. როგორ წარმოგიდგენიათ ქართველი ქალისთვის ასეთ ჩარჩოებში მოქცევა?! დაუმორჩილებელი და ძლიერები ვართ, ამიტომ ვითხოვთ პატივისცემას და როცა პატივს გვცემენ, უფრო მეტს გავუკეთებთ სამაგიეროდ და უფრო გულწრფელად გვეყვარება.

ყველაზე მეტად რა გაოცებდათ ურთიერთობის დასაწყისში?

– როდესაც მეგობრებთან ერთად სადმე მიდიოდა საჭმელად, ან ბარში დასალევად, მე მიწევდა სახლში ყოფნა და ლოდინი. რამდენჯერ მომიმზადებია ვახშამი, დავლოდებივარ და უცებ მირეკავს, ბიჭებთან ერთად მივდივარო. ეს არ მომწონდა და ავუხსენი, რომ ჩემ ირგვლივ ყველა ოჯახთან, მეუღლესთან ან შეყვარებულთან ერთად მიდის გასართობად, საჭმელად და დროის გასატარებლად (ჩემი ოჯახი დღემდე ასეა). მას მერე მეც სულ თან მივყავარ.
ასევე თავიდან ძალიან იშვიათად იწერებოდა და რეკავდა. ზოგადად აქაური წყვილები ერთმანეთს რამდენიმე თვეში ერთხელ ნახულობენ, კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე მოიკითხავენ ერთმანეთს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და არის. მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, რომლის მიზანიც დღემდე არ მესმის.

დაქორწინებამდე რამდენი ხანი იცნობდით ერთმანეთს და რამდენად რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლობლები რას გეუბნებოდნენ? თუ გახსოვთ ის განცდები, რას ფიქრობდით, რისი გეშინოდათ, რა გაფიქრებინებდათ, რომ სწორედ ეს იყო ის, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდოდათ?

– დაქორწინებამდე 1 წელი და 4 თვე ვიცნობდით ერთმანეთს. 11 აპრილს გახდება 5 წელი, რაც ერთმანეთს შევხვდით. ქორწილიც ისე უცებ გადაწყდა დაფიქრების დრო და საშუალებაც კი არ გვქონდა. აგვისტოში კიოტოში საშინელი სიცხე იცის, მე კიდევ ვუთხარი საქართველოში წავიდეთ იქ გრილა-მეთქი. .თბილისის აეროპორტში როგორც კი ჩამოვედით, მაშინვე საშინელი უჰაერობა და სიცხე დაგვხვდა (დღემდე ყველას ეუბნება, მარიმ მომატყუა და საქართველოში ისე წამიყვანაო). ჩამოვედით თბილისში და მამაჩემმა პირდაპირ თავისი მეგობრის დაბადების დღეზე გაგვაქანა. კოსუკე „გაჭყიპეს“ ღვინით, როგორც ხდება ხოლმე. ერთხელაც მოდის და მეუბნება, აქ ვიქორწინოთო. სულ 10 დღით ვართ ჩამოსულები, ამ ათ დღეში მთელი ქორწილია დასაგეგმი თავისი კაბით, ტორტით და ასე შემდეგ. იმდენად ვიყავი ჩართული მზადებაში, რომ არც შიშს ვგრძნობდი, არც რაიმე სხვას. ასე უცებ დავქორწინდით, შესაბამისად არავის ჰქონდა დრო, რომ რაიმე აზრი შემოეშველებინა. სპონტანური ქორწილი წარმატებული იყო. რაც შეეხება ეს იყო „ის“ თუ არა, დროდადრო უფრო ხვდები, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა, როცა უკვე 5 წელია ერთად ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ არ შევცდი.

იაპონიამ გაგიმართლათ იმედები? რამდენად რთული იყო პირველი პერიოდი, რა სირთულეებს აწყდებოდით და როგორი იყო ახლადშექმნილი ქართულ-იაპონური ოჯახი?

– თავდაპირველად იაპონიაში სრულიად მარტო სტუდენტური სამწლიანი პროგრამით ჩამოვედი. თავიდან არ მიჭირდა, ყველაფერი ახალი იყო, საინტერესო, სუფთა და მოწესრიგებული. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. სტუდენტური ცხოვრებაც ძალიან სახალისო და თავგადასავლებით სავსე იყო. ბევრს ვმოგზაურობდით.
შემდეგ კურსელები ნელ-ნელა დავიშალეთ, შევცოტავდით. მათი უმეტესობა 1 წლით ან რამდენიმე თვით იყო ჩამოსული და მოუწიათ უკან დაბრუნება. მეც მოვიწყინე და მარტოდ ვიგრძენი თავი. ცოტა ხანი სახლში ჩაკეტილიც კი ვიყავი და Friends-ის ყველა სეზონს კიდევ ერთხელ ვუყურე. ბოლოს ჩემს თავს დავაძალე და გავედი გარეთ, შემდეგ კოსუკეს შევხვდი და მარტოც აღარ ვიყავი. ქართულ-იაპონურ ოჯახს ძალიან უყვარს სტუმრები, ამიტომ ძალიან ხშირად გვაქვს ქართული წვეულებები, სირთულეები არ გვქონია, არაფერი შეცვლილა შეყვარებულობის პერიოდიდან,პირიქით უფრო მეტად გაძლიერდა ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. სახლის საქმეებშიც ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვუსმენთ და ერთად ვწყვეტთ თუ რაიმე გვაწუხებს.

როგორია ქართველი გოგონას იაპონური ცხოვრება დღეს?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ 6 წელიწადში დიდი გამოცდილება მივიღე სხვადასხვა სფეროში მუშაობით. ვიყავი მასწავლებელლი, გიდი ბუდისტურ ტაძარში, გადაცემებს ვეხმარებოდი, ტურისტული გიდიც ვიყავი, სხვადასხვა პროექტებში მივიღე მონაწილეობა. სულ მალე ერთი წელი გახდება რაც ქართულ რესტორანში მუშაობას დავანებე თავი, შეფი ვიყავი და საკმაოდ რთული და დატვირთული სამსახური იყო.ხერხემალზე პრობლემა შემექმნა, ამიტომაც წამოსვლა მომიწია . ახლა ახალი სამსახურის დასაწყებად ვემზადები. პირველი აპრილიდან კიოტოს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტში ვიწყებ მუშაობას, ადგილობრივი ბიზნესების მხარდამჭერი და მათი უცხოელ ბიზნესმენებთან დამაკავშირებელი და ხელშემწყობი განყოფილებაში. ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის და თან ვცდილობ თავისუფლების ბოლო ერთი თვე სრულიად გამოვიყენო, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო,ბევრი ვიბოდიალო კიოტოს ულამაზეს ქუჩებში და უამრავი ფოტო გადავიღო.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here