Home განათლება როგორ და რა ასაკში ვასწავლოთ ბავშვს უცხო ენა

როგორ და რა ასაკში ვასწავლოთ ბავშვს უცხო ენა

61
SHARE

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ალბათ აღარავის უკვირს მცირეწლოვანი ბავშვებისგან ინგლისურად ლაპარაკი, მშობლები მაინც ძალიან ამაყობენ, როცა პატარა უცხო ენაზე გვესაუბრება.  აღფრთოვანებულები აუდიტორიასთან კი მერე ყველა ერთი და იმავე ფრაზებით ვიმყარებთ სიამაყის ამ გრძნობას: „სულ თავისით ისწავლა“, „ინგლისურად უფრო კარგად ლაპარაკობს, ვიდრე ქართულად“ და ა.შ.

ზოგადად, ბავშვი მეტყველების თანდაყოლილი უნარით იბადება, თუმცა მის ალაპარაკებას გარკვეული გარემო ფაქტორები სჭირდება. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ შორენა მამუკაძესთან ერთად სწორედ იმ ძირითად ფაქტორებს განვიხილავთ, რომლებიც ადრეულ ასაკში ბავშვის უცხო ენაზე ამეტყველებას განაპირობებს.

 

  • ორენოვანი ოჯახი – როდესაც მშობლები (ან ოჯახის სხვა წევრი) სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, ოჯახის თითოეული წევრი ბავშვს მხოლოდ ერთ ენაზე ესაუბროს. მაგალითად, თუ დედა ქართულენოვანია, მამა კი ინგლისურენოვანი, დედა ბავშვს მხოლოდქართულად ესაუბრება, მამა კი – მხოლოდ ინგლისურად. „ენას აქვს თავისი სტრუქტურა, სინტაქსი, არტიკულაცია, მორფოლოგია. როცა ერთი მშობელი ბავშვს ხან ერთ ენაზე ესაუბრება, ხან მეორეზე, ენის ეს სტრუქტურები უფრო მეტად ირევა. როცა ერთი მშობელი მხოლოდ ერთ ენაზე ელაპარაკება, ასე ნაკლებად ხდება არევა.  დედას რომ დაინახავს, რაღაცნაირად განწყობა ექმნება, ვთქვათ, ქართულის, მამას რომ ხედავს – ინგლისურის.“ ზოგადად, ერთი ადამიანისგან ბავშვთან სხვადასხვა ენაზე საუბარი რეკომენდებული არ არის.
  • უცხოენოვანი ძიძა – ხშირად მშობლები პირველივე თვეებში ირჩევენ უცხოენოვან ძიძას იმისთვის, რომ ბავშვმა შესაბამისი ენა ადრეულ ასაკში მშობლიური ენის დონეზე აითვისოს. ასეთ შემთხვევაშიც ორენოვანი ოჯახის პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, როგორც მშობლების შემთხვევაში, აქაც რეკომენდებულია,  რომ ძიძა ბავშვს მხოლოდ ერთ ენაზე ესაუბრებოდეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა სპეციალისტები მშობლებს გარკვეულ ასაკამდე მოცდას ურჩევენ.

    „როცა ბავშვს აქვს შეფერხება განვითარებაში  და ამას ემატება უცხოენოვანი ძიძა, ძალიან მძიმდება სიტუაცია. გვქონია შემთხვევები, როცა ბავშვებს თვეებიდან ჰყავთ რუსულენოვანი ძიძა. მერე ვეღარც რუსულად ლაპარაკობენ, ვეღარც ქართულად და ამ შემთხვევაში ცალსახა რეკომენდაციაა, რომ ბავშვს ჰქონდეს ერთენოვანი გარემო. მე, როგორც მშობელი დაველოდებოდი 2-3 წლის ასაკს, რადგან ამ დროს უკვე ნათლად ჩანს, არის თუ არა ბავშვის ენობრივი განვითარება ნორმის შესაბამისი. და თუ ნორმაშია, რატომაც არა, ეს სწორედ რომ ბუნებრივი გზაა – ცოცხალი კომუნიკაცია და თამაში – ენის ათვისების.“

  • ტექნიკიდან ნასწავლი უცხო ენა –  ბავშვს, იმ ასაკში, როცა მან ენა უნდა ამოიდგას, სპეციალისტების რეკომენდაციით, ტექნიკასთან  შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ტექნიკა არც ენის შესწავლის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. „ენობრივი უნარი ვითარდება სოციალური ინტერაქციით. ტექნოლოგიებიდან ათვისებული ენა, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ ჩაყრილი ინფორმაცია, რომელსაც კომუნიკაციისთვის ვერ იყენებს ბავშვი იმიტომ, რომ კომპიუტერი უკუკავშირს არ ითხოვს. ჩვენ ვთხოვთ ხოლმე მშობლებს, რომ ტექნოლოგიების მაგივრად, თვითონ ასწავლონ თუნდაც ის უცხო ენა. ტექნიკას ერთი თვისება აქვს – სადაც სუსტი რგოლი გაქვს, იქ დაგარტყამს, დაწყებული ფიზიკური განვითარებიდან, დამთავრებული გონებრივით.“თუმცა დღეს ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ტექნიკის გამოყენებით უცხო ენაზე გარკვეული სიტყვები მაინც არ უსწავლია და ამას სპეციალისტები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მაგრამ თუ ბავშვმა კომპიუტერის წყალობით, მაგალითად, ინგლისურად ამოიდგა ენა – ეს უკვე საყურადღებო შემთხვევაა.
  • მშობლების უცხო ენაზე საუბარი ბავშვთან – იმ მიზეზით, რომ „მშობლიურ ენას მერე მაინც ისწავლის და ჯობია, მცირე ასაკში უცხო ენა უკეთ აითვისოს,”  ხშირად ქართულენოვანი მშობლები ბავშვებს ინგლისურად ესაუბრებიან. შედეგად, ბავშვები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც როგორც მშობლებთან, ასევე გარე სამყაროსთან ინგლისურად ურთიერთობენ.

    „როცა 3 წლის ბავშვი ქართულად არ ლაპარაკობს და ინგლისურად  საუბრობს – ეს არ არის ჯანსაღი. თუ ოჯახი უცხოეთში მიემგზავრება საცხოვრებლად,  ასეთ შემთხვევაში კიდევ შეიძლება გამართლება. და თუ აქ ცხოვრობ, საფრთხეს უქმნი საკუთარი შვილის ემოციურ მდგომარეობას, ენობრივს რომ თავი დავანებოთ. კარგი, მოიწონა თავი, რომ ინგლისური იცის შენზე უკეთესად, მაგრამ მერე დგება საგნების მშობლიურ ენაზე სწავლის საჭიროება, ასევე ბავშვებთან კომუნიკაციის მოთხოვნა, რასაც სათანადოდ ვეღარ ახერხებს.  ბავშვს ეწყება შფოთვა, რაც თვითშეფასებაზე მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკი მშობლიური ენის ათვისებისთვის და ეს კრიტიკული პერიოდი ბავშვმა არ უნდა დაკარგოს. მშობლიური ენა უნდა იცოდეს ასაკისთვის სრულყოფილად. პატარაობიდანვე სწორი ქართული არტიკულაცია უნდა ესმოდეს.“


როცა საქმე უცხო ენას ეხება, მშობლების სიჩქარის მიზეზს ძირითადად ის მოსაზრება წარმოადგენს, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ტვინი ყველაზე მოქნილია და ამ ასაკში ენას ბევრად უფრო მარტივად და სრულყოფილად აითვისებს. ეს მართლაც ასეა, თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ენის შესწავლისთვის ყველაზე ეფექტური პერიოდი დაბადებიდან 7-8 წლამდე გრძელდება.

თუ ბავშვს მეტყველების შეფერხება აღენიშნება, მისთვის მცირე ასაკში ცალსახად რეკომენდებულია ერთენოვანი გარემო. ხოლო თუ ბავშვის ენობრივი განვითარება ნორმაშია (ერთი წლის ასაკში ცალკეულ სიტყვებს ამბობს, წყვეტის გარეშე ამდიდრებს ლექსიკას, ორი წლის ასაკში ორსიტყვიან კომბინაციებს ხმარობს და შემდეგ უკვე ხვეწს და ართულებს  წინადადებებს), სპეციალისტები მეორე ენის შესასწავლად სწორედ 3-დან 7 წლამდე პერიოდს ამჯობინებენ.

ზოგი მკვლევარი ოქროს ასაკად 5 წელს მიიჩნევს, როცა მშობლიური ენის სტრუქტურის ათვისება პრაქტიკულად დასრულებულია. მათ კი, ვინც კიდევ უფრო ჩქარობს, სპეციალისტები 3 წლამდე დაცდას მაინც ურჩევენ, იმისთვის, რომ ბავშვის ენობრივი განვითარების შეფერხების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

რაც შეეხება მეთოდს, ის ყველა შემთხვევაში ერთი უნდა იყოს – თამაში და ცოცხალი კომუნიკაცია, რაც ბავშვის შემეცნების ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here