Home სხვადასხვა „არ ვნანობ, რომ შევწყვიტე ორსულობა“… „გოგოს ადამიანსაც კი ვერ უწოდებ“… „მუცელზე ფეხებს...

„არ ვნანობ, რომ შევწყვიტე ორსულობა“… „გოგოს ადამიანსაც კი ვერ უწოდებ“… „მუცელზე ფეხებს მირტყამდნენ“…

844
SHARE

პატრიარქალური საზოგადოება, სადაც გოგოები ხშირად მეორეხარისხოვნად ითვლებიან, ქალებს ავალდებულებს შვან ბიჭები. ხდება ისე, რომ დედებს, რომლებიც გოგოებს შობენ, სცემენ, მამებს კი წუნის მკეთებლებს უწოდებენ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ბავშვის სქესის წინასწარ დადგენა დაიწყეს, ასეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში პოპულარული გახდა სელექციური აბორტები. ბევრმა ოჯახმა დაიწყო არასასურველი ბავშვის თავიდან მოცილება, რამაც გენდერული დისბალანსი გამოიწვია.

გაეროს თანახმად, სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის მინიმუმ 170 მილიონია. მძიმე გენდერული ვითარებაა კავკასიაშიც.

აზერბაიჯანში 100 გოგოზე მოდის 114 ბიჭი, სომხეთში – 112, საქართველოში – 109, ნორმად კი 100 გოგო ითვლება 106 ბიჭზე.

„კმარა გოგოები“ – კიფაიათი, ბავაკანი, კისტამანი…

აზერბაიჯანში არსებობს ასეთი ტრადიცია: ქორწილში სიძის ძმა პატარძალს წითელ ლენტს შემოაბამს, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ იგი ქორწილამდე ქალიშვილი იყო. ამის შემდეგ წარმოთქვამს ფრაზას (“Yeddi ogul isterem birce dene gız gəlin”):

„ვუსურვებ ოჯახს მრავალ ბიჭს და ერთ გოგოს – საპატარძლოდ“. მეორე, მესამე და მეოთხე გოგოს კი შეიძლება დაარქვან სახელები: გიზბიასტი, კიფაიათი ან იეტიარი, რაც ნიშნავს „კმარა გოგოები“.

სომხეთში პატარძალს, როდესაც სასიძოს სახლში მიჰყავთ, ჯერ აძლევენ საჩუქრებს, შემდეგ კი ხელებში თოთო ბავშვს ჩაუსვამენ – როგორც წესი, ბიჭს, რათა მან თავის ოჯახს ბიჭი გაუჩინოს. არასასურველ გოგოებს სომხეთში არქმევენ ბავაკანს – „კმარა“,

დაღესტანში კი – კისტამანს („კმარა გოგოები“) ან ულანგერეკს („ბიჭებო, მოდით“), ხოლო ყუმუხებში არსებობს ანდაზა: „აგურს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე გოგოს“.

„მეც მკვლელი ვარ“

როდესაც 30 წლის აზერბაიჯანელმა ამინა ალიევამ შეიტყო, რომ მესამე გოგოზეა ფეხმძიმე, ოჯახმა მას ბავშვის მოშორება მოსთხოვა.

„ბავშვის სქესის დასადგენად ქმარსა და დედამთილთან ერთად წავედით. როდესაც ექიმმა თქვა, გოგოაო, მათთვის თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა. მითხრეს, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა“, – ჰყვება ამინა.

მას აბორტის გაკეთებას გინეკოლოგიც ურჩევდა. ცოლის უარის შემდეგ ქმარი განქორწინებით დაემუქრა და უთხრა, იმას მიაღწევ, გოგოების გაზრდა მარტოს მოგიწევსო. საბოლოო ჯამში, ამინა დათანხმდა. იგი ფიქრობს, რომ ფეხმძიმობის მე-15 კვირაზე აბორტის გაკეთება უკანონო იყო, ვინაიდან, აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ოპერაცია მხოლოდ მე-12 კვირამდეა შესაძლებელი.

„ამ მკვლელებმა ბავშვს ხელ-ფეხი მოაჭრეს. მაგრამ მეც მკვლელი ვარ. ჩვენ ჩავიდინეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოდვა. ყველამ – დედამ, მამამ და ბებიამ. ჩვენ, როგორც ველურებმა, ისე მოვკალით უმწეო არსება“, – ამბობს ამინა.

„მუცელზე ფეხებს მირტყამდნენ“

30 წლის აზერბაიჯანელ ელნაზ ჯავადოვას ორი გოგო ჰყავს, რომელთა გაჩენამ დედა დიდ განსაცდელში ჩააგდო: როგორც კი ცნობილი ხდებოდა, მომავალი ბავშვის სქესი, ქმარი და დედამთილი აბორტის გაკეთებას აძალებდნენ და ყოველთვის, როცა ელნაზი უარს ამბობდა, ქმარი სცემდა.

„მცემდნენ – რბილად ნათქვამია. ფეხებს მირტყამდნენ მუცელზე, ქმარმა სკამს ფეხი მოატეხა და მირტყამდა წელზე, რომ მუცელი მომშლოდა. მაგრამ, მადლობა ალაჰს, ისინი გადარჩნენ და სრულიად ჯანმრთელები დაიბადნენ“, – ამბობს ელნაზი.

„დედამთილი და ქმარი ყურს არ მიგდებდნენ“

ნარინე სომხეთის სოფელ გეხარკუნიკში ცხოვრობს. მისი ქმარი რუსეთში მუშაობს, ოჯახს წელიწადში ერთი ორჯერ ნახულობს. ყოველ ჯერზე იგი ცოლს შეახსენებს, რომ მათ ორი გოგო ჰყავთ, ოჯახს კი ბიჭი სჭირდება. როდესაც ნარინე მესამედ დაფეხმძიმდა, გაირკვა, რომ ისევ გოგოზეა. ამის შემდეგ დედამთილმა დაუწყო შვილს რეკვა და დაჟინებით უმეორებდა, რომ საჭირო იყო აბორტის გაკეთება.

„29 წლისა ვიყავი, ხანში შესული ქალი, და ცოტა მეშინოდა, რომ აბორტს თუ გავიკეთებდი, ვეღარ შევძლებდი კვლავ დაფეხმძიმებას, მაგრამ ჩემი დედამთილი და ქმარი ყურს არ მიგდებდნენ. ისინი ამბობდნენ, ამას 15-20 წუთი დასჭირდება და მერე აღარც კი გემახსოვრებაო. მაგრამ როცა ვუყურებ ჩემს გოგოებს, არ შემიძლია არ ვიფიქრო მათ გაუჩენელ დაზე. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ მის დასაცავად საკმარისი ძალა არ აღმომაჩნდა“, – ამბობს ნარინე.

სომხეთის კიდევ ერთმა მცხოვრებმა, ტატევიკმა, ორსულობის მეხუთე თვეზე გადაწყვიტა აბორტის გაკეთება. იგი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო და არაფერს ნანობს:

„თავიდან მითხრეს, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ გოგო გვეყოლებოდა. ორსულობის მეხუთე თვეზე გადავწყვიტე აბორტის გაკეთება. ახლა მყავს ბიჭი და არაფერს არ განვიცდი“.

ქმარმა მაიძულა აბორტი გამეკეთებინა

სოციალური გამოკითხვების თანახმად, საქართველოში ოჯახების 46% ვაჟიშვილის ყოლას ამჯობინებს და მხოლოდ 9 % – ქალიშვილისას. ბევრი ქალი აღიარებს, რომ ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი ბავშვის არასასურველი სქესის გამო.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ქართულ ოჯახებში, ყველას სურდა, ტყუპი ბიჭი ყოფილიყო. ჩემი ქმარი გოგოების გაჩენის წინააღმდეგი იყო და მაიძულა აბორტის გაკეთება“, – ამბობს ია.

საქართველოში მცხოვრები თეონა ჰყვება, რომ როდესაც მისი და ბავშვს ელოდებოდა, ირგვლივ ყველა ბედნიერი იყო, ქმრის ნათესავებმა კი მას სახელიც შეურჩიეს. მაგრამ ეს ბედნიერება იქამდე გაგრძელდა, ვიდრე ექიმები ბავშვის სქესს დაადგენდნენ.

„ჩვენ გავიგეთ, რომ გოგო იქნებოდა. ეს ამბავი ძალიან არ მოეწონა ჩემი სიძის ოჯახს. მას ძალიან შეძლებული მშობლები ჰყავს. ისინი სულ ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში უფროსი უნდა იყოს ბიჭი. აცხადებდნენ, რომ გოგო მათგან არაფერს არ მიიღებდა და არ დაეხმარებოდნენ, ვიდრე ბიჭი არ დაიბადებოდა. მათ იქამდე მიიყვანეს სიძე, რომ დაიჟინა აბორტის გაკეთება. ჩემი და ეწინააღმდეგებოდა, ტიროდა, მაგრამ, ოჯახის დანგრევის შიშით, საბოლოოდ, იძულებული გახდა დათანხმებულიყო“, – იხსენებს თეონა.

„არ ვნანობ, რომ შევწყვიტე ორსულობა“

34 წლის მახაჩყალელ მარიამს ოთხი ქალიშვილი ჰყავს. იგი 18 წლისა გათხოვდა, მალევე სკოლის დამთავრების შემდეგ. 19 წლისას ქალიშვილი შეეძინა.

„როდესაც ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს გვითხრეს, რომ გოგო გვეყოლებოდა, ქმარს ძალიან გაუფუჭდა გუნება. ამბობდა, ოჯახში უფროსი ბიჭი უნდა იყოსო. იმედოვნებდა, რომ ექიმი შეცდა და რომ ბიჭს ისევ გამოეზრდებოდა „ზანზალაკი“. მაგრამ გოგო დაიბადა. ქმარმა ბავშვი, ცხადია, მაშინვე შეიყვარა, მაგრამ სულ იმეორებდა, რომ ბიჭი უნდა. დედამთილი ამშვიდებდა, ჯერ გოგო და მერე ბიჭიო“, – ჰყვება მარიამი.

როდესაც მეორედ დაფეხმძიმდა, გაირკვა, რომ ისევ გოგო იყო:

„უკვე პირველი ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს გავიგეთ, რომ ტყუპები იქნებოდნენ. მახსოვს, მაშინ ქმარმა მითხრა, „ერთი მაინც ნამდვილად ბიჭი იქნებაო“. როდესაც გვითხრეს, რომ ორი გოგოა, კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მიბრაზდებოდა: „არ შეგიძლია ბიჭის გაჩენაო“. მე სასკოლო ბიოლოგიის კურსს ვახსენებდი: ბავშვის სქესი კაცის ქრომოსომებზეა დამოკიდებული-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა, მამტყუნებდა ბიჭის ჩასახვის უუნარობაში. შემდეგ უკვე დედამთილიც ჩაერთო და ამბობდა, რომ ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ბიჭი და რომ მეტი ხორცი უნდა ვჭამო, რათა შემდგომში ბიჭი გაჩნდეს“.

მესამედ ქალი 25 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მე-13 თვეში ულტრაბგერითმა გამოკვლევამ კვლავ გოგო აჩვენა. ახსენდებოდა რა წარსული საყვედურები, მარიამმა თავად გადაწყვიტა ნაყოფის მოშორება.

„ახლა ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, მე თავად მინდოდა ბიჭი, თუ ქმარმა ჩამაგონა ეს. მაგრამ სახლში უამისოდ უკვე იყო ორი გოგო. თანაც, მახსენდებოდა ყველა სიტყვა და საყვედური, რაც წინა ორსულობის დროს ჩემი მისამართით გამოითქვა. მოკლედ, არ ვნანობ, რომ შევწყვიტე ის ფეხმძიმობა“, – ამბობს მარიამი, რომელმაც მეოთხედ ბიჭი გააჩინა.

„გოგოს ადამიანსაც კი ვერ უწოდებ“

აკმოორი ყირგიზეთში ცხოვრობს. მის ქმარს ყოველთვის ბიჭი სურდა. როდესაც მეხუთე შვილს ელოდებოდნენ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ აკმოორი კვლავ გოგოზე იყო ფეხმძიმედ. მისი ქმარი ისე გაბრაზდა, რომ ოჯახი მიატოვა.

„ყველა მეგობარი მსაყვედურობდა იმას, რომ ვაჟიშვილი არ მყავს, – ჰყვება აკმოორი. – ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო. მეოთხე გოგო რომ შემეძინა, მეუბნებოდნენ: აი, ისევ გოგოაო. ქმარი ყოველდღე სვამდა, სახლში მოსული კი მეუბნებოდა, გოგოებს ადამიანებსაც კი ვერ უწოდებო. მეუბნებოდა, ისინი აქ აღარ დავინახოო. ამას მძიმედ განვიცდიდი. სიცოცხლეც აღარ მინდოდა“.

აკმოორი ქმარს გაშორდა, მაგრამ ულტრაბგერითი გამოკვლევა მცდარი აღმოჩნდა. აკმოორს ბიჭი შეეძინა. ყოფილმა ქმარმა, ეს რომ გაიგო, მოინდომა ოჯახში დაბრუნება, მაგრამ აკმოორმა აღარ მიიღო.

„ის მოვიდა, მაგრამ მე არ მოვინდომე მასთან ცხოვრება. ის ხომ ადამიანებად არ თვლიდა თავის გოგოებს! როცა ბიჭი გაჩნდა, უცებ შერიგება მოუნდა. მაგრამ გოგოებიც ადამიანები ვართ“.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here