ხატია მოისწრაფიშვილი: ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი…

    79
    SHARE

    რა შეგრძნება ბებიობა, სამი წლის შემდეგაც ვერ ვარქმევ ამ ემოციას სახელს. ეს იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად გადატრიალდა, იმ მომენტში, როცა მე ელენე დავინახე, დაბადების პირველ წამს. ამაზე დიდი შეგრძნება არაფერი არსებობს, რომ არსაიდან უცებ გაჩნდა ახალი სიცოცხლე და როდესაც ეს ახალი სიცოცხლე პატარა თვალებით მიყურებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მაკვირდებოდა.

    ელენემ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა სრულიად ახალი ბედნიერება, იცით, როგორი? ბედნიერება ყოველგვარი პირობების, ვალდებულებების გარეშე. უპირობო სიყვარული შვილის მიმართაც გაქვს, მაგრამ შვილის მიმართ იმავე წამს ჩნდება ვალდებულებები. მსგავსი ვალდებულება განსაკუთრებულად ვიგრძენი, როდესაც ჩემი შვილი, მარიამი თხოვდებოდა. მქონდა შეგრძნება, რომ მთლიანად ჩემი ვალდებულება იყო, რომ ეს დღე ყოფილიყო ყველაზე ბედნიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. იმდენად ვინერვიულე ამ ყველაფერზე, რომ არ მახსოვს ქორწილის დღე. აი, სრულიად გამქრალია ის დღე ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ მე იმ დღეს გადავიქეცი ერთგვარ რობოტად, რომლისთვისაც იდეაფიქსი იყო, რომ ეს დღე ყოფილიყო საოცარი მისი შვილის ცხოვრებაში.

    შვილიშვილის სიყვარულში სრულიად თავისუფალი ხარ. აქ შეგიძლია მხოლოდ მოეფერო, მხოლოდ დადებითი ემოცია გასცე. ეს ის შემთხვევაა – „მე არ მომთხოვოთ, რომ მას რაღაცა ავუკრძალო“. ელენე რომ გაიზრდება, მინდა ჰქონდეს განცდა – „ხატია იყო ჩემი ცხოვრება, აი, ზღაპრული სამყარო. რაც მაქვს, ეს არის ხატიას დამსახურება.“

    ელენე როცა დაიბადა, აღმოჩნდა, რომ პირველი დღიდან რაღაცნაირად გაფეტიშებულია, ყველა გიჟდება მასზე, ამას თვითონვე ხვდება და იყენებს, ოღონდ კარგი გაგებით. სარგებლობს მთლიანად, ოღონდ არა კაპრიზული გამოხატვის ფორმით. როგორც კი იგრძნობს, რომ, რაღაც მომენტში, სხვა საქმე გამოგიჩნდა, გადაერთე, მაშინვე ამბობს „მიკარხარ“ და ასე გაბრუნებს თავის სივრცეში.

    მე და ელენე დუეტში ცნობილი სელფისტები ვართ. არ ვიცი, მოსწონს თუ არა, ან იქნებ, ხედავს, რომ მე მომწონს და უნდა გამახაროს, ამიტომაც დიდი მონდომებით ერთვება ამ საქმეში. ჩემი შვილები იყვნენ ძალიან სერიოზულები, ეს კი არის ტაშფანდურა, უტაშფანდურესი. აბსოლუტურად ყოველთვის კარგ ხასიათზეა, მთავარია, არ ეძინებოდეს. ერთად სრულ სიგიჟეებს ჩავდივართ, ყველაფერი შეიძლება ვაკეთოთ, დაწყებული იოგის ვარჯიშით, რომელიც არ შემიძლია და არც მიყვარს. ოდესღაც ვიყიდე იოგის დასაფენი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიტანოს და დამაყენოს ყირაზე. ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი, თვითონაც გრძნობს ამას და „დედა“-ს მეძახის. ვეუბნები – მე შენი დედა არ ვარ, შენი დედაა მარიამი. -ხო, ის მეორე დედაა, შენც ჩემი დედა ხარ, – მპასუხობს.

    სულ მენატრება, ხან მის ფოტოებს ვათვალიერებ, ხანაც ვურეკავ და ველაპარაკები, სამუშაო კვირის განმავლობაში, ჩვენი შეხვედრა ცოტა პრობლემურია. ჩვენი ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტია ვიდეოზარი, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე.
    ნებისმიერ ცუდ მომენტში, მის დანახვას ან წარმოდგენას შეუძლია მინიმუმზე დაიყვანოს ყველა პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მღელვარე ადამიანი ვარ, ელენეს გამოჩენა, მისი წარმოსახვა ყველა არსებულ პრობლემას აუფერულებს. ელენეს ღიმილი ჩემი ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ანულებს ყველაფერს, ყველა სირთულეს მნიშვნელობას უკარგავს.
    მინდა ელენემ იცოდეს, რომ ჩემი – ხატია მოისწრაფიშვილის ყველაზე დიდი მიზანი ისაა, რომ ელენე მუდამ ასეთი ლაღი იყოს იმიტომ, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. აუცილებლად იქნება მის ცხოვრებაში იმედგაცრუება, ამის გარეშე არ ხდება, მაგრამ მინდა, აქედანვე იცოდეს, რომ ეს ყველაფერი წავა, პრობლემაც იქნება და სასიხარულო მუხტიც, მაგრამ ამის მიღმა არის მთავარი ის, რომ ცოცხალი ხარ, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იყო ძალიან ბედნიერი.

    წყარო: suavinex.ge

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here