Home მედიცინა მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში და საგანგაშო სიმპტომები – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში და საგანგაშო სიმპტომები – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

80
SHARE

რა ხდება მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგვეპაროს, რა უნდა ვიცოდეთ თიაქარზე, პარაზიტებსა და კვებითი ტიპის აუტანლობებზე? – ამის შესახებ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  „ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის ხელმძღვანელი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საუბრობს.

ქალბატონო ინგა, მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ცნობილია, რომ მუცლის ტკივილს ბავშვებში სეზონურობა არ ახასიათებს, თუმცა იგი ყველა სეზონზე აქტუალურია. დავიწყოთ ჩვილობის ასაკიდან : რატომ აწუხებს ზოგიერთ პატარას მუცლის ტკივილი განსაკუთრებით მასინ, როდესაც ზოგიერთ ბავშვს ის არ აღენიშნება? სხვადასხვა გადაცემებში თქვენ ხშირად გიქვამთ, რომ ზოგადად ბავშვებში მუცლის ტკივილი ნორმაა. რატომ არის ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში ეს ჩივილი  მკვეთრად გამოხატული?

მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით სოლიდარობა გამოვუცხადო ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს, დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი გმირი კოლეგა მალე იქნება ჩვენს გვერდით და ყველაფერი გაკეთდება მის დასაბრუნებლად.

ბავშვის დაბადება რასაკვირველია დიდი ბედნიერებაა და ოჯახი ყველანაირად ცდილობს, ახალ წევრს სრულ მზადყოფნაში დახვდეს. ბავშვი იწყებს ადაპტირებას გარემოსთან, პირველი სამი კვირა ძირითადად სძინავს და მშვიდადაა, მაგრამ ამის შემდეგ მშვიდი ბავშვი იწყებს განუწყვეტელ ტირილს, რომელიც შეიძლება სამი საათიც კი გაგრძელდეს. როგორც წესი, ბავშვი ტირილს იწყებს დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს. მშობლები ვერ ხვდებიან, რა მოხდა.

ასეთ დროს სახეზეა ჩვილ ბავშვთა კოლიკა, ანუ მუცლის ჭვალი, მას ვეძახით სამთვიანთა კოლიკასაც, იმიტომ რომ სამი თვის ასაკში ეს კოლიკა ჩვეულებრივ გადის და უკვალოდ ქრება სადღაც 3-4 თვის ასაკში.

მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, ზუსტი ეთიოლოგიური ფაქტორები დადგენილი არ არის. ზოგადად მუცლის კოლიკა განპირობებულია იმით, რომ ბავშვის კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის მიკრობიოტა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია.

როცა ბავშვი იბადება , ის ფაქტიურად იბადება სტერილური ნაწლავებით და დაბადებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ  იწყება უკვე მისი „დასნებოვნება“ ბაქტერიებით. ბავშვი იწყებს სუნთქვას, წოვას და ა.შ იწყება მისი ნაწლავის მიკრობიოტის წარმოქმნა. ამ დროს  ფერმენტული აქტივაცია ჯერჯერობით დაბალია, ფერმენტაცია კი შესაბამისად,დაქვეითებული, რადგან ფერმენტები წარმოიქმნება მიკროფლორის გამრავლების შედეგად. ამ დროს ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნერვული დაბოლოებების ინერვაცია და აქედან გამომდინარე, პერესტალტიკა მტკივნეულია.

ამ ასაკში ბავშვი ძუძუს წოვს ხარბად  და სწრაფად. ეს ხდება არა მხოლოდ შიმშილის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბავშვი ამ დროს დედასთან დაკავშირებულად გრძნობს თავს და  განშორება უჭირს. ამის გამო ნაწლავებში ხდება აეროფაგია ანუ დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა, რაც იწვევს მუცელში,პირდაპირ ნაწლავებში გაზების ადგილობრივად გახეთქვას.ამის გამო ბავშვი იწყებს უცბად ტირილს, წითლდება, ხელებს მუშტებად კრავს, ფეხებს მუცელთან იბჯენს და აქვს ძალიან შეწუხებული გამომეტყველება.

კოლიკის ტკივილი ისევე უცბად ქრება, როგორც იწყება. სხვათა შორის,დადგენილია, რომ  კოლიკის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება სითბოს და სიყვარულის დეფიციტი. ჩვილი ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს ე.წ.“კანით კანთან“ კონტაქტი მშობლებთან, ბავშვი ხშირად უნდა მივიკრათ შიშველ კანზე. საჭიროა ოჯახში იყოს სიმშვიდე და მოვერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

როცა ბავშვს ეწყება შეტევა, უნდა მოვახდინოთ ტკივილიდან ყურადღების გადატანა. ამ დროს ბავშვი უნდა გადავაწვინოთ მუხლზე, ან თუმდაც მამამ გადაიწვინოს მუცლით. ბავშვს უნდა დავადოთ თბილი საფენები და თბილ წყალში ჩავსვათ.

სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ მშობლები იყენებენ  უამრავ სიმეტიკონებს, პრობიოტიკებს და სხვადასხვა საშუალებებს, რაც აბსოლუტურად მცდარია. შეიძლება პრეპარატებმა პატარას მცირე შვება მოუტანოს, მაგრამ ზედმეტ ჩარევას არ ვემხრობი,რადგან ეს არის კუჭ-ნაწლავის ადაოპტაციის პროცესი გარემოსთან და ის თავისით გაივლის, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ ლაპარაკი არ არის რაიმე სხვა სახის გართულებაზე. ამიტომ ეს უნდა იყოს ცნობილი ზუსტად, ჩვენ საქმე გვაქვს ჩვილ ბავშვთა კოლიკასთან თუ ბავშვს აქვს კიდევ რაიმე სხვა სახის პრობლემა, თუნდაც რაიმე სახის საკვების აუტანლობა.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ბიჭებს უფრო მეტად აქვთ ეს პრობლემა გამოხატული ვიდრე გოგონებს, რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას?

მე ასეთი კვლევა არ შემხვედრია. ჩემი პირადი გამოცდილებით ორივე სქესის ბავშვებში კოლიკა თანაბრადაა გამოხატული, საერთო ჯამში კი ეს პრობლემა ჩვილ ბავშვთა დაახლოებით 50-60%-ში გვხვდება.

თქვენ დაასახელეთ კონკრეტული ასაკი, თუ როდის იწყება კოლიკა, როდის აღწევს პიკის და როდის სრულდება. აღნიშნეთ ისიც, რომ ამ დროს ბავშვი ტირის ხანდახან რამოდენიმე საათს. მაგრამ ძალიან ხშირად ბავშვის ტირილი ისეთი მწვავეა, რომ მშობლებს უჩნდებათ კითხვა: ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე სხვა სახის პრობლემასთან? გარდა ამისა მინდა გკითხოთ, რამდენად შეიძლება კოლიკა დაკავშირებული იყოს კვებასთან? ვიცით, რომ არსებობს სპეციალური საკვები იმ ბავშვებისთვის, ვისაც კოლიკა აწუხებს. ხშირად ხდება ისეც, რომ მშობლები ცვლიან  ექიმის დანიშნულ საკვებს, საუბარია როგორც ერთი სახის ხელოვნური საკვების მეორეთი ჩანაცვლებაზე, ასევე ძუძუთი კვებაზეც, როცა ბავშვს უმატებენ რაიმე სხვა საკვებს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

როგორც ვთქვით, ეს არის სამთვიანთა კოლიკა, რომელიც იწყება 3 კვირის ასაკიდან და გრძელდება 3-4 თვის ასაკამდე. რაც შეეხება ინტენსივობას, ბავშვებს ტკივილი აქვთ კვირაში სამ დღეს, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სახის ტკივილი საკვებთანაა დაკავშირებული.

მინახავს მშობლები, რომლებსაც  ფარმაცევტების რეკომენდაციით, თვითნებურად შეუცვლიათ ექიმის დანიშნული კვება. ისინი ყიდულობენ ანტიკოლიკურ ან ჰიპოალერგიულ საშუალებებსაც.

ვერაფრით ვერ დავეთანხმები თვითნებურ გადაწყვეტილებებს ასეთ დროს. თითოეული კონკრეტული შემთხვევა უნდა იქნას განხილული ექიმთან, რომელსაც შეუძლია დასვას დიაგნოზი და ზუსტად თქვას არის თუ არა ეს ჩვილ ბავშვთა კოლიკა. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს შეიცვალოს თუ არა კვება. ცხადია არსებობს ანტიკოლიკური საკვები, რომელიც კოლიკის მხრივ აძლევს შვებას ბავშვს, მაგრამ მან შეიძლება სხვა პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად ყაბზობა.

არანაირად არ მივესალმები კვების ხშირად და თვითნებურად შეცვლას, მითუმეტეს ყოველ დღე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პედიატრთან ერთად უნდა მივიღოთ.

 

თქვენ ბრძანეთ, რომ როდესაც ჩვილ ბავშვს აქვს ტკივილი, შესაძლებელია ისიც, რომ ეს არ იყოს კოლიკა და იყოს რაიმე სხვა, მაგალითად რაიმე ტიპის აუტანლობა. ვისაუბროთ ლაქტოზის აუტანლობაზე, დიაგნოზზე, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმება. რა განსხვავებაა კოლიკასა და მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობით გამოქვეულ ტკივილს შორის და როგორ უნდა შეძლოს მშობელმა მათი განსხვავება?

მართალია, დღეს ძალიან გახშირდა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვებში. როგორც ვიცით ლაქტოზა რძის შაქარია, რომელიც ზოგადად ძალიან სასარგებლოა და ხელს უწყობს უამრავი ნივთიერების შეწოვას ორგანიზმში,მაგალითად ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, როგორიცაა კალციუმი და რკინა. გარდა ამისა, შემდგომში ხდება ლაქტოზის გალაქტოზად გარდაქმნა და ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის განვითარებას.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ბავშვის ორგანიზმს აქვს ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი და ამის გამო უვითარდება ლაქტოზის აუტანლობა. აუტანლობა შეიძლება იყოს სრული, როცა ბავშვი საერთოდ ვერ იტანს რძის შაქარს, ან ნაწილობრივი, რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.როცა სახეზეა ლაქტოზის ნაწილობრივი აუტანლობა, რაღაც დროის შემდეგ ბავშვი ახერხებს მის გადალახვას და აღარ აქვს ეს პრობლემა.

ტირილი, რომელსაც აუტანლობით გამოწვეული ტკივილი იწვევს, კვეთრად განსხვავებულია. თუ კოლიკის დროს ბავშვი დაახლოებით 3 საათი ტირის, მაგრამ შემდეგ მშვიდდება და იძინებს, ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში ტირილი უფრო ხანგრძლივია. პარალელურად შეიძლება გამოიკვეთოს  წონაში კლება და უმადობა, ხმაური მუცელში.

ამ დროს ბავშვს აქვს ძლიერი ტკივილები და მუდმივად შეწუხებულია, ყალიბდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ბოლოს განავალს მოყვება სისხლი.

ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ეს ორი პრობლემა და ზუსტად დავადგინოთ ჩვილ ბავშვთა კოლიკასთან გვაქვს საქმე თუ ლაქტოზის აუტანლობასთან. როგორც გითხარით, კოლიკა გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრდება, აუტანლობა კი არა. ის უფრო ღრმავდება , მატულობს სიმპტომები. შეიძლება ბავშვი თავიდან ნორმალური წონის იყოს, მაგრამ მერე დაიწყოს წონაში კლება. თუ სახეზე არ არის სრული აუტანლობა, ის შეიძლება გადაილახოს მას შემდეგ, რაც ბავშვის კვება გახდება უფრო მრავალფეროვანი, დაემატება ფაფები, ხილფაფები და ა.შ. მაგრამ არსებობს სრული მუდმივი აუტანლობაც, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ეს ორი მდგომარეობა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან,მიუხედავად იმისა რომ სიმპტომებში არის გარკვეული მსგავსებები. ძალიან ხშირად ჩვილ ბავშვთა კოლიკის დროს ან დიაგნოზის დასმამდე გვიხდება ბავშვისთვის დამამშვიდებელი საშუალების მიცემა, იმიტომ რომ მას სხვა არანაირი საშუალება არ აძლევს შვებას.

ეს სიტუაცია ცხადია არ არის გამოუვალი, ვიცით, რომ არსებობს სპეციალური კვება ბავშვებისათვის, რომლებსაც აქვთ ასეთი ტიპის აუტანლობა.

დიახ, არსებობს სპეციალური, ჰიდროლიზირებული კვება, რომელიც პედიატრთან შეთანხმებით უნდა იქნას გამოყენებული.

ვისაუბროთ შედარებით მოზრდილ ბავშვებზეც, ერთი წლის ზემოთ პატარებზე, რომლებსაც ხშირა აწუხებთ მუცლის ტკივილი. რა არის ამის მიზეზი და რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს?

დღესდღეობით ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი გახშირდა და ხშირი მომართვიანობის მიზეზია. მუცლის ტკივილს შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც შეიძლება იყოს გასტროენტერალურ ტრაქტთან დაკავშირებული, შეიძლება მიზეზი იყოს პნევმონია, იმ შემთხვევაში როცა ფილტვის ქვედა წილში მიმდინარეობს ანთება, ან საშარდე გზების ინფექციები.

როცა ბავშვი შემოდის ჩივილებით, ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით მშობელს თუ როდის დაიწყო ტკივილი, რამდენი ხანია გრძელდება, რა ინტენსივობით, სად ხდება ტკივილის ლოკალიზაცია და ა.შ. ბავშვმა თვითონ უნდა გვიჩვენოს ხელით ასეთ დროს,თუ სად აწუხებს ყველაზე მეტად. როგორც წესი ბავშვები ჭიპის არეზე, ე.წ. ეპიგასტრიუმის არეზე ანიშნებენ.

ტკივილი შეიძლება იყოს ემოციური ან სიმულაციური, რაც ასევე ძალიან ხშირია. შეიძლება მისი გამომწვევი მიზეზი იყოს ჭიებიც. თუ სხვა მიზეზები ირიცხება, ასეთ დროს ტარდება პარაზიტოლოგის კონსულტაცია.

ჩემი აზრით, მუცლის ტკივილის მიზეზს ბავშვთა ასაკში  ძირითადად არასწორი კვება წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია.

თუ ბავშვი იკვებება არასათანადოდ, ყოველდღიურად იღებს დიდი რაოდენობით ცომეულს და  ტკბილეულს, გაზიან სასმელებს, ეს ცხადია ავითარებს მეტეორიზმს, რისი შედეგიც არის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

მუცლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს არარაციონალურმა ანტიბიოტიკოთერაპიამ, რაც თავის მხრივ იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, შებერილობას და დისკომფორტს. შედეგად ასევე ხდება საკვების მოუნელებლობა.

მუცლის ტკივილს აუცილებლად სჭირდება დიფერენციაცია. არსებობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული მუცლის ტკივილი.

ტკივილი მწვავეა, როცა  დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდება მისი მოხსნა და აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს ქირურგის კონსულტაცია, რომ გამოირიცხოს უფრო სერიოზული მიზეზები.

თუ დედა ამბობს, რომ ბავშვს აქვს დილის მშიერი ტკივილები, საყურადღებოა თორმეტგოჯა ნაწლავი.

თუ ტკივილი იწყება საკვების მიღების მერე, ეს შეიძლება იყოს გასტრიტი. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, ცნობებს, რომელსაც გვაწვდის მშობელი ან თვითონ ბავშვი.

ქრონიკული ტკივილი დუნედ მიმდინარეობს და ხშირად სანაღვლე გზების დისკინეზიის  პრობლემებითაა გამოწვეული.

როგორც აღვნიშნე, ზოგადად მუცლის ტკივილები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა და მე ვთვლი, რომ ეს არის კვების ბრალიც.

ძალიან კარგად ვიცით როგორ უყვართ ბავშვებს ე.წ. „ფასტ ფუდი“. სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები არ არის სასარგებლო. უნდა ვეცადოთ რომ ბავშვმა ის ძალიან იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში მიიღოს, მაგრამ ყოველდღე არავითარ შემთხვევაში.

მყავს პაციენტები, რომლებიც სახლში გაკეთებულ სადილს, რომელიც ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტებითაა დამზადებული, არ ჭამენ. მიმაცნია, რომ ბავშვი უნდა იკვებებოდეს ასაკის შესაბამისად. სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საჭმლის გარდა, სასურველი არ არის ზედმეტად მწარე, ცხარე და შემწვარ-მოხრაკული საკვების მიღება, მით უმეტეს ყოველდღიურად.

 

რას გვეტყვით ჭიების შესახებ? როგორც არნიშნეთ, მუცლის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს.

დიახ, ჭიებით ინვაზია შესაძლოა მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი გახდეს. უკანასკენ პერიოდში განსაკუთრებით სამი ძირითადი სიმპტომი იკვეთება, რომლების გამოვლენისასაც მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს ჰყავს ჭიები

ეს არის:

  • კბილების კრაჭუნი ღამით, ე.წ „ბრუკსიზმი“, რომელიც დამახასიათებელია არა მხოლოდ ჭიებით ინვაზიის დროს, არამედ ემოციურ ბავშვებში, ძილის გარკვეულ ფაზებში.
  • მეორე სიმპტომია ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, იმდენად ჭარბად, რომ ბავშვი ბალიშს ასველებს ძილის დროს. თუმცა ამაზეც ვერ ვიტყვით რომ ეს სიმპტომი ასი პროცენტით ჭიებზე მიუთითებს. შეიძლება ის სხვა ფაქტორებითაც იყოს განპირობებული,მაგალითად ცხვირ-ხახის ინფექციებით ან ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.
  • მესამე სიმპტომი, რაც ასი პროცენტით მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პარაზიტებთან არის ანალური ქავილი.

ასეთ შემთხვევაში ბავშვები დიდ დისკომფორტს განიცდიან, პარაზიტებმა შესაძლოა არაერთი პრობლემა გამოიწვიონ. მაგ. მათ შეიძლება დატოვონ ანალური ხვრელი და მოხვდნენ სასქესო ორგანოებში, რამაც შესაძლოა გოგოენბში ცისტიტი, უფრო სწორად ცრუ ცისტიტი გამოიწვიოს. ნაწლავის ლორწოვანში, რომელიც პარაზიტს უცხო სხეულად აღიქვამს, მის ინვაზიას მოსდევს მუცლის ტკივილი, რადგან ორგანიზმი ცდილლობს მისგან გათავისუფლებას. შეიძლება პარაზიტები მოხვდნენ აპენდიკულარულ არეში და განვითარდეს აპენდიციტიც.

თქვენ ბრძანეთ საკვების და ფასტ ფუდის შესახებ. იმ ბავშვებში, ვინც მიდრეკილი არიან ჩივილისკენ და ვიცით, რომ ეს კვებითაა გამოწვეული, რაზე უნდა ვთქვათ უარი, რომ მსგავსი გართულებები თავიდან ავიცილოთ?

არიან დაკვირვებული მშობლები, რომლებიც პირდაპირ უკავშირებენ ბავშვის მუცლის ტკივილს რაიმე პროდუქტს. შეიძლება ტკივილს იწვევდეს რძე, ანუ რძის აუტანლობა, ან ზედმეტი ტკბილეული. მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი პროდუქტიც, რომელიც იწვევს შებერილობას, მაგალითად კომბოსტო და ლობიო.

ბავშვის მენიუ ყურადღებით უნდა შევადგინოთ. სასარგებლო პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი თუ ბავშვის ორგანიზმი მას ვერ იტანს. როგორც აღვნიშნე, ბავშვი უნდა იკვებოს ასაკის შესაბამისად. არ არის საჭირო ყოველდღიურად შემწვარი და ცხარე საკვები. არასასურველია მაიონეზიც. შეიძლება ბავშვს გაასინჯოთ საკვები, მაგრამ ყოველდღიურ მენიუში ჩართვა არაა სასურველი.

მინდა აქვე ვთქვა, რომ დღეს ძალიან გახშირდა ბავშვებში ჰელიკობაქტერიით გამოწვეული  კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები. როცა ბავშვს ეპიგასტრიუმის არე დიდი ხანი სტკივა და ჩივის, საჭიროა დროული ვიზიტი ექიმთან.

შეიძლება მუცლის ტკივილი იყოს თვითონ მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, ასევე ავტოიმუნური ან ალერგიული დაავადებების და ზოგადად ძალიან ბევრიი სხვა სისტემის დაავადების შედეგად გამოვლენილი სიმპტომი.

რამდენად შეიძლება მუცლის ტკივილი ვირუსულ ინფექციასთან იყოს კავშირში და რამდენად შეიძლება მუცლის ტკივილით დაიწყოს ან განვითარდეს კონკრეტული ინფერქცია და კიდევ, თქვენ აღნიშნეთ, რომ თუ 6 საათის განმავლობაში ვერ იხსნება ტკივილი , უკვე საჭიროა ექიმის ჩართვა. ცხადია ბავშვის ყველა დაჩივლებაზე, რომ მუცელი სტკივა, მშობლები ექიმს არ მიმართავენ, მაგრამ რას გვირჩევთ, როდის უნდა მივიდეთ აუცილებლად ექიმთან?

მოგეხსენებათ, რომ არსებობს ნაწლავური ვირუსები.რასაკვირველია თუ საქმე გვაქვს ნაწლავურ ვირუსებთან, ისინი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. თუმცა მუცლის ტკივილი შეიძლება რესპირაციულმა ვირუსმაც გამოიწვიოს. რადგან ვირუსები ლორწოვან გარსში ლოკალიზდებიან, მათ შეუძლიათ გადაინაცვლონ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და იქაც გამოიწვიონ ანთებითი პროცესი.

მაგ: ჩირქოვანი ანგინის შემთხვევაში ბავშვებს თითქმის ყოველთვის სტკივათ მუცელი. ასე რომ, როგორც წესი ვირუსული ინფექციის დროს მუცლის ტკივილი ჩვეული ამბავია, მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი, ან გააძლიეროს ნაწლავური პერესტალტიკა, გამოიწვიოს კუნთოვანი ნაწილის გაღიზიანება. კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი შეიძლება გააღიზიანოს ნებისმიერმა მედიკამენტმა, განსაკუთრებით ,იბუპროფენის ტიპის მედიკამენტებმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს დაუყოვნებლივ, ეს უნდა გააკეთოთ შემდეგი სიმპტომების არსებობისას:

  • თუ მუცლის ტკივილი დაიწყო და ძლერდება, ინტენსივობა კი არ კლებულობს.
  • თუ ტკივილი ლოკალიზდება გარკვეულ ადგილას.
  • თუ ბავშვი იძულებულია მიიღოს გარკევული პოზა, რომელსაც ვერ იცვლის.
  • თუ სპაზმური საშუალებები არ მოქმედებს.
  • თუ მოზრდილი ბავშვი თავს ვერ იკავებს და ტირის.
  • თუ გამოხატულია უმადობა.
  • თუ სახეზეა ღებინება და მკვეთრი დიარეა.
  • თუ სახეზეა განავალში სისხლი.

ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს თიაქარი. არსებობს ფარული თიაქარიც.  თიაქარის ჩაჭედვის დროსაც სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს.

შეგვიძლია საუბარი დავასრულოთ სასიამოვნო ამბით: ყველა იმ სიტუაციიდან, რაზეც თქვენ ისაუბრეთ გამოსავალი არსებობს, უბრალოდ საჭიროა დროული მიმართვა და დროული დიაგნოსტირება.

დიახ, ნამდვილად ასეა. არც ერთი ეს სიმპტომი არაა საგანგაშო. გამოსავალი არსებობს. საჭიროა უბრალოდ დროული მოქმედება. ჩამოთვლილი სიმპტომების დროს დროულად უნდა მივმართოთ ექიმს.

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here