Home მედიცინა 1600-მდე ბავშვი ონკოლოგიური დიაგნოზით – ბოლო ორი წლის საგანგაშო სტატისტიკა

1600-მდე ბავშვი ონკოლოგიური დიაგნოზით – ბოლო ორი წლის საგანგაშო სტატისტიკა

196
SHARE

2018-2019 წლებში მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებით 1600-მდე ბავშვი აღირიცხა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნაში ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის მთავარი სამედიცინო დაწესებულებაა, შესაბამისად შემთხვევათა თითქმის სრული რაოდენობა სწორედ ამ კლინიკაში აღირიცხება.

„პრაიმტაიმის“ მიერ იაშვილის კლინიკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 0-დან 18 წლის ჩათვლით 822 პაციენტი ჰყავდათ აღრიცხული, 2019 წელს კი – 759.

აქვე განვმარტავთ: ეს რაოდენობა არ გულისხმობს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ ახალ შემთხვევებს. აღნიშნულ მონაცემებში მოიაზრება, როგორც ახალი შემთხვევები, ასევე წინა წლებში დასმული დიაგნოზებიც, რომელთა მკურნალობა  კვლავ გრძელდება.

მოზარდებში სიმსივნური დაავადებების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ:

„საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ დიდხანს საქართველოში კიბოს დიაგნოზის სტატისტიკას არასრულად, ან საერთოდ არ აწარმოებდნენ და მონაცემები ერთი შეხედვით თითქოს საგანგაშოდ არ გამოიყურებოდა.

წლების განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველოში იგზავნებოდა რეპორტები, სადაც ჯანმო მიუთითებდა, რომ ქართული მხარის მიერ აღრიცხული მონაცემები არაზუსტია. ორგანიზაციის გამოთვლებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 12 ათასამდე კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ნაცვლად 7 ათასისა.

2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. შეიქმნა ე.წ. კიბოს რეესტრი, რის შემდეგაც ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია თითოეული შემთხვევა კიბოს რეესტრში დააფიქსიროს. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პროგნოზირებულ მონაცემებს მიუახლოვდა.

წყარო: marshalpress.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here