Home განათლება “ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ”

“ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ”

502
SHARE

საერთაშორისო ორგანიზაციის – “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA – კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ და განათლების დონის თვალსაზრისით, ქვეყანაში მძიმე მოცემულობაა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, “2020NEWS” ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა. „რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მრჩება შთაბეჭდილება, ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, მათი გონებრივი შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციას ვერ ჩაწვდება“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

სააგენტოსთან საუბარისას ნანა ჩაჩუა იმ მიზეზებსა და გარემო ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.

თამაში – რისთვისაც ბავშვებს დრო აღარ რჩებათ!

ჩაჩუა ბავშვის განვითარებისთვის ფიზიკური აქტიურობისა და ბუნებრივი გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას მისი თქმით, ბავშვის ფიზიკური აქტიურობა გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ბუნებრივ გარემოსთან კომუნიკაციით ბავშვს ახლის შექმნის უნარი უნვითარდება.

„ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ბიო-ფსიქო-ფიზიკური არსება და ცხადია,რომ შესაბამისი აქტივობები მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ფიზიკური აქტივობების შეზღუდვა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, ინტერესებისა და მოტივაციების აღძვრაზე.

ბავშვისთვის ყველაზე აქტუალური არის თამაში. მითუმეტეს, თამაშს, ასაკობრივ განვითარებასთან ერთად, აქვს თავისი შესაბამისი მოთხოვნები. ყველა ასაკს თავისი ტიპის თამაში შეესაბამება. თამაში შეიძლება, იყოს: ილუზორული, როლური, წესებით თამაშები და სხვა. თამაშში ბავშვი ვითარდება, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარემოს შემეცნებით და ამავდროულად, უყალიბდება სოციალური უნარ-ჩვევები. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეზოების არსებობას. ანუ შუეძლიათ თუ არა ბავშვებს ეზოებში, მათივე თანატოლების ჯგუფთან კონტაქტის დამყარება.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ურბანიზაციის აქტუალური თემაა ხელოვნური ეზოები. ხშირად ხელოვნურად შექმნილი სათამაშო ეზოები, მოედნები , სივრცეები , ბავშვის შემოქმედებით უნარისა და ფიზიკურ აქტიურობის გაზრდას ისე ვერ უწყობს ხელს, როგორც ბუნებრივი გარემო.

თამაშის პროცესში, ბუნებრივ გარემოში, ნებისმიერი დეტალი – ქვის ნატეხი, ჩამოვარდნილი ფოთოლი და სხვა, ფანტაზიის ბიძგია და ახლის შექმნის შესაძლებლობაა, ანუ ბუნებრივ გარემო გამზადებული გარემო არ არის და ის ბავშვს ახლის შექმნის ბიძგს აძლევს“, – აცხადებს ჩაჩუა.

გაჯეტი – ბავშვის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი!

“2020NEWS”-თან ნანა ჩიჩუა ხაზგასმით საუბრობს თანამედროვე მსოფლიოს ახალ გამოწვევაზე – გაჯეტებზე, რომლებიც შემეცნებითი ინტერესებისა და სწავლის უნარ-ჩვენების ჩამოყალიბებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცნენ.

“ახალ თაობას მოტივაცია აქვს დაკარგული და წერა-კითხვის უცოდინრობისკენ მივდივართ. შემეცნებითი უნარების დაქვეითება ხდება. პრობლემა მარტო ის კი არ არის, წერა-კითხვის უცოდინარ საზოგადოებას რომ ვღებულობთ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ისიც, აბსოლუტურად გაუცნობიერებელია მოტივაციები, რომლებიც უნდა აღიძრას ცხოვრებისეულად, პროგრესულად. შემოქმედებითი უნარები რამაც უნდა წარმოქმნას, იმ მოტივაციებს საფუძველი თანდათან ეკარგება. ამ თვალსაზრისით გაჯეტების არსებობა, შემეცნებითი ინტერესების გაჩენის, სწავლის უნარ-ჩვენების ჩამოყალიბებისა და ახალის შექმნის სურვილის აღძვრისთვის დამაზიანებელია.

სამწუხაროდ, გაჯეტებს ხომ წინ ვერაფერი აღუდგება? ეს ხომ ეპოქის ენაა, მაგრამ თუ ამ მიმართულებით იქნება მშობლების ემოციური ჩართულობა, მოზარდების განვითარებისთვის ძალიაბ კარგი იქნება. გაჯეტების დიდი დოზით მომხმარება შემცირდება.

კანადური კვლევების მიხედვით კანადელი ფსიქოლოგების მიერ პირდაპირ აიკრძალა გაჯეტების მოხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. სკოლის პერიოდში კი, როცა გარკვეული საგანმანათლებლო ფუნქცია ენიჭება მის მოხმარებას, მხოლოდ მაშინაა დაშვებული სასწავლო პროცესში“, – აცხადებს ჩაჩუა.

სასკოლო სახელმძღვანელოები – სასწავლო პროცესის აქილევსის ქუსლი!

სააგენტოსთან საუბარში ფსიქოლოგი აცხადებს, რომ ქართულ სკოლებში ბავშვები სწავლობენ ისეთი სასკოლო სახელმძღვანელოებით, რომლებიც მოსწავლეების გონებრივ განვითარებას აფერხებს.

„რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, მათი გონებრივი შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციას ვერ ჩაწვდება.
სახელმძღვანელოებში ყველაფერი ისეა აგებული და აწყობილი, რომ ლოგიკურ კავშირს ვერ იპოვი. მე მინახავს მსგავსი სახელმძღვანელოები: ქიმიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და სხვა საგნებშიც. ამ მხრივ დაწყებით და მაღალ კლასებშიც მძიმე მდგომარეობაა“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი არსებული, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს უპირველესად სახელმძღვანელოების დახვეწასა და პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებაში ხედავს.

,,იმ ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, საცოდაობაა, ხელოვნური შეზღუდვები დაუწესო. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სკოლამ, მშობლებმა? ასე პირდაპირ რომ დასვა ბავშვი და უთხრა, ლოგიკური აზროვნება ისწავლე ან განივითარეო, შეუძლებელია. უპირველესად, უნდა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები და დაფასდეს პედაგოგების შრომა, რათა მასწავლებელს მუშაობის მოტივაცია ჰქონდეს და ამის საფუძველი კი მაღალი ანაზღაურებაა. ასევე უნდა შეიცვალოს მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ნათქვამია, რომ ომს კარგი მასწავლებელი და კარგი სკოლა იგებს“,- განაცხადა ჩაჩუამ.

ავტორი: ანა ქორჩილავა

წყარო: “2020NEWS”

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here