“თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია”

    414
    SHARE

    წმინდა ილია მართალი წერდა: “ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივე ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი”.

    ბავშვის შინაგან საიდუმლოებათა ამოცნობა რთულია. ღრმა ცოდნას, ბავშვის გულწრფელ სიყვარულს, მასთან დამეგობრებას და “გულის კარების” მიგნება-გახსნის ოსტატობას მოითხოვს. ისევ წმინდა ილია მართალს დავესესხები: “მზრდელი ყრმისა მეორე შემოქმედია. რასაც ერთი მოჰმადლებს ბავშვს, მეორემ უნდა წვრთნას და ჰზარდოს… თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან – შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოდ კი შესაძლოა სწავლა, ცოდნა მისცე და ადამიანობა არასდროს. მე კი ასე მგონია, რომ ადამიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წვრთნა-სწავლებაში”.
    ამ სიტყვების დაწერის შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ჩვენს წინაშეა თანამედროვე ბავშვი, ახალი მოტივაციით, ახალი ინტერესებითა და სწრაფვებით. დღევანდელ მსოფლიოში ორი დაპირისპირებული ტენდენცია გამოიკვეთა – ეროვნული თვითმყოფადობისა და გლობალიზაციისა. ამგვარი ვითარება, ბუნებრივია, მშობლებსა და მასწავლებლებზეც ახდენს გავლენას. ისმის კითხვა:

    როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი?

    სასაუბროდ ვეწვიეთ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებელს გულიკო ჩიტაძეს, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა.

    თანამედროვე ბავშვი ბევრი რამით განსხვავდება თუნდაც ჩემი თაობის ბავშვისგან: სხვა ინტერესები და ღირებულებები აქვს, სხვა ინფორმაციას ფლობს. გარკვეული ნაწილი ამ ინფორმაციისა სასარგებლოა და დიდ ტექნიკურ სიახლეებთანაა დაკავშირებული, ნაწილი – საკმაოდ დაბინძურებული. ბავშვი სუფთა ფურცელია, რომელიც ამ ყველაფერს აღბეჭდავს. მშობელმა და პედაგოგმა მისი ცნობიერება სისუფთავისკენ უნდა წაიყვანონ. ბავშვის გულსა და გონებაში ფასეულობათა იერარქიის განსაზღვრა სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. თუ ოჯახი ეკლესიურია, ეს პრობლემა სანახევროდ გადაჭრილია, იმიტომ რომ თუ ბავშვს ჰყავს მოძღვარი, უფრო ჯანსაღი ინფორმაციის მიღების საშუალებაც აქვს და მისი ცხოვრების წესიც ერთგვარად ჩამოყალიბებულია. თანაც თუ ოჯახი არის მაგალითი ეკლესიურობისა, ზნეობისა, ტრადიციების პატივისცემისა, მასწავლებელს უფრო უადვილდება ასეთი ოჯახიდან გამოსულ ბავშვთან ურთიერთობა.

    დღეს ოჯახს ბავშვისთვის აღარ სცალია. ეს გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სოციალურმა დაუცველობამ, რომელიც, ძირითადად, საშუალო ფენას დაატყდა თავს. მშობლებს არ სცალიათ საკუთარი შვილების აღსაზრდელად. სათანადოდ ვეღარ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი შვილი. ეს ყველაფერი დიდ ტვირთად აწვება სკოლას და შესაძლოა მომავალში დიდ კატასტროფადაც დაატყდეს თავს ჩვენს ქვეყანას. ბავშვი მთელი დღე მარტოა და თვითონ ირჩევს მეგობარსაც, სატელევიზიო გადაცემასაც, წასაკითხ ლიტერატურასაც (თუ საერთოდ კითხულობს რამეს).

    პედაგოგობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ძნელია, ჩასწვდე თითოეული ბავშვის ხასიათს, ნიჭსა და უნარს, შეაღწიო მის სულიერ სამყაროში… დღეს, მით უმეტეს, ძნელია ამ საქმეს ემსახურებოდე…

    პედაგოგად, ალბათ, უნდა დაიბადო. ბავშვის სუფთა გული ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს, ამიტომაც სწავლების საფუძველი სიყვარული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა კარგად სწავლობს თუ ცუდად, ცელქია თუ დამჯერი – პედაგოგს ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს ისე, როგორც საკუთარი შვილი. არ გაიმეტოს, თავიდან არ მოიშოროს, უპატრონოს.

    ჩვენს წინაშეა თანამედროვე განათლების პროგრამა. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ერთი რამ: ბავშვებმა კარგად ვერ გაიგეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი და გადააჭარბეს კიდეც თავიანთ უფლებებს. ცუდია, როდესაც ადამიანს (მით უმეტეს არასრულწლოვანს) ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ჭერი, მზრუნველობა, სითბო, სიყვარული უფროსების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს მას სჭირდება მეთვალყურეობა, კონტროლი, გაკიცხვაც, ოღონდ სიყვარულით და დაყვავებაც, ოღონდ არა გადაჭარბებულად. პედაგოგსა და მოსწავლეს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისი თქმის უფლება აქვს და რისი არა. უფროსის მითითება უნდა გაიგოს, უფროსის პატივისცემა უნდა ჰქონდეს. იცოდეს, რას ნიშნავს გაკვეთილი, ღვთისგან მოცემული ნიჭი და გონება შეძლებისდაგვარად გამოიყენოს, რადგან ნიჭის უქმად მოცდენა, ჩემი აზრით, დანაშაულია.

    არიან გაზულუქებული ბავშვები, რომელთაც ყველაფერი ლანგრით მიეწოდებათ და არიან ბავშვები, რომელთაც ბევრი რამ აკლიათ და ამის გამო ცოტა არ იყოს გულჩახვეულნი, გულნაკლულნი ხდებიან. და ყველანი იკრიბებიან ერთ სკოლაში, სადაც თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

    თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, ვფიქრობ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია.

    საკმაოდ რთულმა ბავშვებმა გაიარეს ჩვენს გიმნაზიაში. აქ უმთავრესად მორწმუნეებს მოჰყავდათ შვილები, მაგრამ იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა უფრო გადარჩენის მიზნით შემოიყვანეს ჩვენს გიმნაზიაში, რადგან თავად ვერ მოუარეს მათ. პედაგოგებისათვის საკმაოდ რთულია ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ბავშვს იმთავითვე მივაწებოთ ცუდის იარლიყი და დავასკვნათ, არ ივარგებსო. ცხოვრება კიდევ აღზრდის მას, ჩამოაყალიბებს და დახვეწს. საწყისი, რა თქმა უნდა, ოჯახია. დიდი ღვაწლი მიუძღვის სკოლასაც. ხოლო თუკი ბავშვი მოძღვრამდე მივა, მაშინ მის განვითარებას სწორი გეზი მიეცემა, რაც ყველაზე დიდი სიკეთეა ადამიანისთვის.

    პედაგოგი არ უნდა იღლებოდეს თავისი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემით, თავისი საქმე მხოლოდ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, თორემ თუ თვითონ პედაგოგს არ უყვარს თავისი საგანი და ღრმად არ სწვდება მის არსს, ბავშვამდე როგორღა მიიტანს?

    პედაგოგმა, სკოლის ზღურბლს როცა გადმოაბიჯებს, თავისი ოჯახური და ყოფითი პრობლემები უნდა დაივიწყოს. დღეს, ჩვენი სოციალური შეჭირვების ფონზე, ეს ძნელია, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, რადგან სხვაგვარად იგი ვერ შეძლებს სრულფასოვნად ჩასწვდეს თითოეული ბავშვის შინაგან სამყაროს.

    კაცობრიობამ დიდი ცოდნა დააგროვა აღზრდის სფეროში, გამოცდილებაც შეიძინა, მაგრამ დღევანდელმა ვითარებამ ახალი პრობლემები წარმოშვა. მშობლები, ცოტა არ იყოს, დაიბნენ, აღარ იციან – როგორ აღზარდონ ბავშვი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეთ საკუთარ შვილთან…

    ბავშვი უნდა აღიზარდოს სიახლისადმი სწრაფვით და აუცილებლად – სამშობლოს სიყვარულით. გლობალიზაცია გარდაუვალია, მაგრამ ამის ფონზე ერმა უნდა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, კულტურა, რწმენა. თუ არ გავუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ საუნჯეს, რაღა გადავცეთ შთამომავლობას?! სულერთი იქნება ჩვენთვის ჩვენი წარმომავლობა, მემკვიდრეობა, “რანი ვიყავით და რანი ვართ”; თუკი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, სად ვცხოვრობთ, თუ სულერთი იქნება, ვისთან ერთად ვიცხოვრებთ, ოღონდ კი კარგი პირობები შეგვიქმნან, ეგოისტებად ვიქცევით. წაიშლება ჩვენი კულტურაც და მეცნიერებაც. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი და ეროვნული ფასეულობები, ბავშვები არ მოვწყვიტოთ მშობლიურ კულტურას. მართლმადიდებელი სარწმუნოება ყოველთვის იყო და არის უძლიერესი ბერკეტი აღზრდის პროცესში. ამ მხრივ განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც. საკუთარი კულტურის ფესვებიდან ამოზრდილი აღზრდა სრულფასოვნად წარიმართება.

    სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი

    წყარო: karibche.ambebi.ge

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here