Home ორსულობა 7 რამ მშობიარობის შესახებ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

7 რამ მშობიარობის შესახებ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

105
SHARE
მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილისა და დისკომფორტის შესახებ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები, თუმცა აღნიშნულ პროცესს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ახლავს თან. ჩვენს სტატიაში მშობიარობის შესახებ ნაკლებად ცნობილ და საინტერესო ფაქტებს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნა ქალბატონებისთვის ​აუცილებელია.

კუჭ-ნაწლავის უნებლიე მოქმედება
მშობიარობის პროცესში ჭინთვებისთვის მუცლის სწორედ ის კუნთები გამოიყენება, რომლებიც კუჭის მოქმედების დროს აქტიურდება. სწორედ ამიტომ ქალებს სამშობიარო ბლოკში კუჭ-ნაწლავის უნებლიე მოქმედება ხშირად აწუხებთ, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუ ქალბატონი მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა, ე.ი. ის სწორად იჭინთება და ბავშვის გაჩენა არ გაუჭირდება. ეპიდურალური გაუტკივარებისას კუჭ-ნაწლავის უნებლიე მოქმედება უფრო ხშირია. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ქალების ბავშვებს, რომლებიც მშობიარობისას მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, სასარგებლო ნაწლავულ ბაქტერიასთან უხდებათ შეხება, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
 
გულისრევა და ღებინება
მშობიარობის დროს გულისრევის შეგრძნება ქალებს ხშირად აწუხებთ. ზოგიერთ მათგანს ღებინებაც აღენიშნება. გულისრევის შეგრძნება განსაკუთრებით მშობიარობის აქტიურ ფაზაში მძაფრდება და ჭინთვებისას პიკს აღწევს. ქალბატონები, რომლებიც ეპიდურალურ ანესთეზიას მიმართავენ, ხშირად არტერიული წნევის ვარდნას უჩივიან, რაც, თავის მხრივ, გულისრევის შეგრძნებას აჩენს. როგორც წესი, ექიმები მშობიარე ქალებს საჭმლის მიღებისგან თავშეკავებას ურჩევენ, რადგან ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის ან სასწრაფო საკეისრო კვეთის საჭიროების შემთხვევაში, მომავალი დედა, შესაძლოა, ასპირაციის (სასუნთქ გზებში საკვების ნაწილაკის მოხვედრა) საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
 
მშობიარობის ხანგრძლივი პროცესი 
მშობიარობის პირველი ეტაპი, ანუ საშვილოსნოს ყელის გახსნის პროცესი, 3 ძირითადი ფაზისგან შედგება, ესენია: ლატენტური, აქტიური და შენელების ფაზები. მშობიარობა ხანგრძლივად ითვლება, თუ მისი საწყისი ეტაპი პირველმშობიარეთათვის 20 საათზე მეტხანს გრძელდება, ხოლო მეორე ან მომდევნო მშობიარობის შემთხვევაში – 14 საათზე მეტს. გაჭიანურებული მშობიარობა მომავალ დედებს განწყობას უფუჭებს და მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა, როგორც წესი, ის მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და არც საკეისრო კვეთის საჭიროებაზე მიგვანიშნებს. თუ ყელი გახსნას აგვიანებს, მშობიარე ქალბატონმა ემოციები უნდა მოთოკოს, ფეხით ისეირნოს, აბაზანა მიიღოს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.
სწრაფი მშობიარობა
მშობიარობის პროცესი, შესაძლოა, საკმაოდ ხანმოკლეც აღმოჩნდეს. ზოგიერთი ქალბატონი ბავშვს საშვილოსნოს ყელის შეკუმშვების დაწყებიდან 3 საათში აჩენს. როგორც წესი, მომავალი დედები სწრაფ მშობიარობაზე ოცნებობენ, თუმცა მას უამრავი ნეგატიური მოვლენა ახლავს თან. როდესაც ბავშვი ძალიან სწრაფად იბადება, მშობიარეს საავადმყოფოში მისვლისთვის დრო ხშირად არ ჰყოფნის, როგორც წესი, მას არც გაუტკივარების გაკეთება შეუძლია და ბავშვის სტერილურ და უსაფრთხო გარემოში გაჩენასაც ვერ ახერხებს, რადგან ექიმებამდე მისვლას ვერ ასწრებს. გარდა ამისა, ქალი არც ემოციურად არის მზად მოულოდნელი მშობიარობისთვის და მეტადაც ღელავს, ვიდრე ჩვეულებრივ.
შორისის თვითნებური ჩახევა
მშობიარობის პროცესში შორისის მიდამოებში ჩახევა არცთუ იშვიათი მოვლენაა. ქალბატონების 90 % მშობიარობის დროს მსგავსი პრობლემის წინაშე დგება. ბუნებრივია, შორისის დაზიანების ხარისხი ყველა მშობიარესთან განსხვავებულია. მსუბუქი ჩახევები, როგორც წესი, 1-2 კვირაში ხორცდება და ახალბედა დედას ხანგრძლივ დისკომფორტს არ უქმნის, თუმცა თუ ჩახევა სერიოზულია, მის მკურნალობას 3-4 კვირა ან მეტიც შეიძლება დასჭირდეს.
ანალური ნაპრალის გაჩენა
ანალური ნაპრალი ანალურ მილში რექტუმსა და ანუსს შორის წარმოიქმნება და მას შორისის მძიმე ფორმის ჩახევა იწვევს. მსგავსი შემთხვევები მშობიარობისას საკმაოდ იშვიათია. მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად ჭინთვების დროს ქალბატონებს შორისის მიდამოებში თბილ კომპრესებს ადებენ. გარდა ამისა, ნაპრალის გაჩენისგან თავის დაღწევა, მშობიარობის დროს პერინეული მასაჟის ჩატარებითაც არის შესაძლებელი. შორისის მიდამოს მეანები წყალზე დამზადებული ლუბრიკანტებით ამასაჟებენ, რაც მის ელასტიურობას ზრდის.
პლაცენტის მოშორების დაგვიანება
ბავშვის დაბადებით მშობიარობის პროცესი არ სრულდება, რადგან საშვილოსნოს პლაცენტაც უნდა მოსცილდეს, რის გამოც ის შეკუმშვას კვლავინდებურად განაგრძობს. რიგ შემთხვევებში პლაცენტა გამოსვლას აგვიანებს და საშვილოსნოს დროულად არ შორდება. როგორც წესი, პლაცენტის მოშორების დაგვიანება საშვილოსნოს შეკუმშვების სისუსტით არის გამოწვეული. პლაცენტის მოშორების დაგვიანება მშობიარეებში ციებ-ცხელებას, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენს, ძლიერ ტკივილს და სისხლდენას იწვევს. მეანები მუცელზე დაწოლით და საშვილოსნოს სტიმულირებით პლაცენტის გამოდევნას ცდილობენ, თუმცა თუ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება, რადგან დროული რეაგირების გარეშე აღნიშნული მდგომარეობა ქალის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
წყარო: moms.ge
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here