“შეეგუე, რომ საკლასო სივრცეში ბავშვის რეალობაც არსებობს!” – მანანა ჯინჭარაძის მიმართვა მასწავლებლებს

    103
    SHARE

    ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” თანადამფუძნებლის, მანანა ჯინჭარაძის მიმართვა მასწავლებლებს:

    “შენ გინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა და სხვა რეალობა არ არსებობდეს: შეეგუე, რომ საკლასო სივრცეში ბავშვის რეალობაც არსებობს!

    შენ გინდა, რომ მარტო შენი ჭეშმარიტება არსებობდეს გაკვეთილზე… არადა, სულ ცოტა, ორგზის სხვა ჭეშმარიტებაც არსებობს და განიხილე!

    შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ 12 წელი… არადა შენი თვალების გარდა, სხვა სამყაროშიც უწევთ ჩახედვა და გაითვალისწინე!

    შენ გინდა, რომ ზუსტად ისევე გიჯერებდნენ, როგორც მეხუთე კლასში… არადა, ზოგჯერ, სხვა სამართალიც არსებობს და თქვენი აზრები ერთმანეთს ცდება… ნუ შეეცდები, სულ ჭკვიანად იყოს!

    შენ გინდა, რომ შენს სიტყვას კანონის ძალა ჰქონდეს და ამ კანონს არავინ გადავიდეს…არადა, მასაც აქვს თავისი კანონები და ჰკითხე მის შესახებ!

    შენ გინდა, რომ მას ისევე უყვარდეს, როგორც შენს საყვარელ ლიტერატურულ გმირს… მას კი მისეულად და სხვანაირად უყვარს, – ჩათვალე, რომ ესეც სიყვარულია და გაულამაზე!

    შენ გინდა, რომ შენი ღირებულებებით ცხოვრობდეს და ეს პატარაობიდანვე მოცემულობად მიიღოს.. დაეხმარე, რომ თავად შექმნას ის!

    შენ გინდა, რომ ზეპირად ისწავლოს და სხაპასხუპით ჩაგაბაროს…მიაჩვიე, რომ ზეპირსაც შინაარსი აქვს, შინაარსს კი მნიშვნელობა, – გაააზრებინე იგი!

    შენ გინდა, რომ ისევე სწრაფად აზროვნებდეს, როგორც შენი ფავორიტები…არადა იგი უნდა დაფიქრდეს და მერე გითხრას, – აფიქრე ერთხანს!

    შენ გინდა, რომ თეატრალური პოზა მიიღო და ასეთი შეგიყვაროს…ესაუბრე გულიდან წამოსულ შენ განცდებზე, – უფრო გენდობა და იქნებ შეგიყვაროს კიდეც!

    შენ გინდა, რომ შენი საგანი მოსწონდეს და ხარკიც არ გაიღო… ათასი ჯოჯოხეთი გადალახე და გააგებინე, რომ ამას მისთვის აკეთებდი, – დაინტერესდება!

    შენ გინდა, რომ სულ შენ იყო არენაზე და ხიბლი არ დაკარგო…მასაც მიეცი სიტყვა, – იქნებ, რას გეუბნება?!

    შენ გინდა, რომ ფეხზე იდგე და ისე ჩაწვდე მის გრძნობებს, – ხანდახან ჩაიმუხლე მის დონეზე და მეტს გაიგებ!

    შენ გინდა, რომ ყველა დღე დატვირთული იყოს… ერთხელ განტვირთე და ნახე რამდენი სიკეთე მოიტანოს, – ესეც ხომ სწავლებაა?!

    შენ გინდა, რომ მხოლოდ წიგნით ასწავლიდე, – ხანდახან ცხოვრებითაც ასწავლე!

    შენ გინდა, რომ სხვის მაგალითებზე გაზარდო, შენ იყავი მოდელი, – შენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს!

    შენ გინდა, რომ ზარზეიმით მოგილოცო შენი დღე, – მე ასე გილოცავ:
    – ყველა ნატვრის ახდენას გისურვებ, რომელიც ბავშვებს უკავშირდება,
    – ყველა სურვილის ასრულებას, – რომელიც პროფესიაში დაგეხმარება!”- წერს მანანა ჯინჭარაძე.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here