Home აღზრდა “უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ… ” – თამარ გაგოშიძე მშობლების მთავარ შეცდომებზე

“უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ… ” – თამარ გაგოშიძე მშობლების მთავარ შეცდომებზე

280
SHARE

მოზარდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს, მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ არაფერი გამორჩეთ. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება საპრისპირო ეფექტს ქმნის. რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მოზარდ შვილებთან ურთიერთობისას მშობლები და როგორ უნდა ავირიდოთ ეს შეცდომები, ნეიროფსიქოლოგი, თამარ გაგოშიძე UNICEF Georgia-სთან საუბრობს.
“მოზარდობა ზუსტად ის ხანაა, როდესაც თავად მოზარდს უჭირს არა მხოლოდ გარემოსთან ურთიერთობა, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ის აღარც პატარაა და ჯერ არც ზრდასრულია.

პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ის, რომ ჩვენ მათ ვექცევით როგორც პატარას.
მეორე შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ, არ ვაძლევთ საშუალებას, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, მის მაგივრად ვაკეთებთ ყველაფერს.
მესამე ყველაზე ხშირი შეცდომა, სუფთა ემოციური ხასიათისაა. ჩვენ უბრალოდ გვეშინია მოზარდების. არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნებათ და ამიტომ ხან ვცდილობთ, რომ ყველაფერი შევუსრულოთ ან ვცდილობთ, რომ არაფრის უფლება მივცეთ. როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?

  • მოზარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ბავშვები ამ ასაკში მშობლებთან ურთიერთობის შიმშილს განიცდიან.
  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოსმენა, მივცეთ დრო, რომ გვიპასუხოს და მოთხოვნის რეჟიმიდან გადავიდეთ ემოციების გაზიარების რეჟიმზე.
  • მივცეთ პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ უკან დავსდევს, ყველაფერს უსრულებს, ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებს – თუ თქვენ გაუკეთებთ ყველაფერს, თვითონ ვერაფერს გააკეთებს და თავადაც ჩათვლის, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია.
  • ზედმეტი კონტროლის მეორე უკიდურესობა ყველაფრის უფლების მიცემაა. როგორც წესი, ჩვენ გვეშინია ხოლმე, რომ ჩვენმა შვილმა არ გამოთქვას პროტესტი, ემოციურად არ განიცადოს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და ასე შემდეგ. ამიტომ, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ეს მას ხელს არ უწყობს არც თავისუფალ არჩევანში, არც პიროვნების განვითარებაში. ისევე, როგორც პატარა ბავშვებს, მოზარდებსაც სჭირდებათ ჩარჩო, მოლაპარაკება, შეზღუდვები, რომელშიც თვითონ იქნებიან ჩართულები და მათ მოლაპარაკებებისა და დისკუსიების საფუძველზე, თვითონ ექნებათ გაცნობიერებული არჩევანი – რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here