“გვეგონა, ვერ გადარჩებოდიო…”- თბილისელი გოგოს სვანური ცხოვრება გარდაცვლილი ქმრის ოჯახში

    2258
    SHARE

    ელენე განაია ერთი თბილისელი გოგოა, რომელიც სვანი ბიჭის, გიორგი ნაკანის, სიყვარულმა საცხოვრებლად სვანეთში წაიყვანა. ქმართან სულ სამი წელი იცხოვრა, ის სამი წელი, რომელიც მთელ სიცოცხლედ ღირდა. ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გიორგი ავარიაში დაიღუპა. დარჩა 21 წლის ელენე ორ შვილთან ერთად მარტო. რთული დღეები გადაიტანა… მაგრამ, გიორგის დედ-მამის დახმარებით ფეხზე დადგა, სწავლობს, მუშაობს და ამდენი წლის შემდეგ ისევ მათთან ერთად, სვანეთში ცხოვრობს. 
    ქართულ ამერიკულ-უნივერსიტეტში ვსწავლობდი, პირველ კურსზე ვიყავი, 18 წლის ვხდებოდი… ერთ ხუთშაბათ დღეს იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფართი და მეც ამ წვეულებაზე კლუბში წავედი. იქ ბაია ჯაფარიძე შემხვდა, რომელიც ამ ფაქტამდე, ერთი კვირით ადრე გავიცანი, დღეს კი ჩემი შვილის ნათლიაა. ბაია მეგობარან – გიორგი ნაკანთან ერთად იყო, იქვე გამაცნო და თითქოს ამით დასრულდა ყველაფერი. დაახლოებით ერთ საათში კლუბში ვიღაც უცხო ბიჭმა განგებ გამკრა მხარი ისე, რომ კინაღამ წამაქცია. ძალიან გავბრაზდი, ამ ბიჭს მივუბრუნდი და ვუთხარი, ბოდიში მაინც მოგეხადა-თქო… ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ამ უცხო ბიჭმა მაგრად ვიკამათეთ. ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა გიორგი. არ ვიცი, იმ უცხო ბიჭს რა უთხრეს, მაგრამ ცოტა ხანში მოვიდა და ბოდიშები მიხადა. ამ ფაქტიდან სულ რაღაც ერთ თვეში მე და გიორგი უკვე შეყვარებულები ვიყავით. ის არ ჰგავდა სტანდარტულ ბიჭებს, იყო ძალიან გამორჩეული… მე თვითონ ყოველთვის ძლიერი ვიყავი, სისუსტე არ მახასიათებდა, ისეთი ტიპაჟი ვიყავი, ცოტა წაროუდგენელი იყო, შეყვარებული მყოლოდა, ვიღაც მართლა გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რომ მასზე მეფიქრა და გიორგი სწორედ ასეთი იყო. ცოტა კი გაუჭირდა ჩემთან რაღაცების აწყობა, ხომ იცი, მაინც სვანი ბიჭი მკაცრი ხასიათისაა, მე კიდევ ძალიან მხიარული ტიპი ვარ, ქუჩაშიც სიმღერითა და ცეკვით დავდიოდი, ცოტა აუტანელი ვიყავი.

    ამას როგორ ეგუებოდა სვანი ბიჭი?

    – არ ვიცი, როგორიც ვიყავი ისეთი შევუყვარდი, ეს მოსწონდა ჩემში.. სანამ გამიცნობდა, რამდენჯერმე ვყოლივარ ნანახი და მერე გამომიტყდა, რომ ყველა ნიუანსი ახსოვდა, სად მნახა, რა მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი. თურმე თავიდანვე მოვწონებივარ.

    რამდენ ხანში შექმენით ოჯახი?

    – 9 თვეში დაახლოებით. მართალია, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ თბილისში მე და გიორგის სახლი არ გვქონია, ის თავის მეგობრებთან ცხოვრობდა. მოკრივე იყო და პატარა ასაკიდან სულ ტურნირებზე დადიოდა, მსოფლიო აქვს მოვლილი, ერთადერთი – მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა, თორემ დანარჩენი თითქმის ყველაფერი მოგებული აქვს. ოჯახი რომ შევქმენით, თავიდან თბილისში ქირით ვცხოვრობდით. პატარა ასაკიდან ვმუშაობ, ყოველთვის მინდოდა ჩემი ხელფასი მქონოდა და არ ვყოფილიყავი ჩემს მშობლებზე დამოკიდებული. მათ ისედაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ჩემს განათლებაში და მივხვდი, ეგეც საკმარისი იყო და საკუთარი თავისთვის უნდა მიმეხედა. მოკლედ, ერთ-ერთ ბანკში დავიწყე მუშობა საკმაოდ დაბალ პოზიციაზე, 108 ლარი მქონდა ხელფასი + ბონუსები. ამ პერიოდში უკვე მე და გიორგი შეყვარებულები ვიყავით, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მოვძებნეთ ბინა, ვიქირავეთ და გადავედით.

    mshoblebi
    ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას? საკმაოდ პატარები იყავით..

    – კი, ის 21 ის იყო, მე 19-ის ვხდებოდი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და აზრი აღარ ჰქონდა ასე ცალ-ცალკე ყოფნას. ჩემს მშობლებს სიმართლე გითხრა, არ გაუკვირდათ ჩემი ეს ნაბიჯი. მამაჩემმა ძალიან მკაცრად გამზარდა, მაგრამ გიორგის რომ ელაპარაკა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, იმდენად სხვა ადამიანი იყო გიორგი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კაცი იმედით აავსო. როცა გაიგო, ასეთი ადამიანის გვერდით დავდიოდი, სულ რომ შუაღამისას შევსულიყავი, პრობლემა არ ჰქონდა.

    მოკლედ, შევქმენით ოჯახი, დავრჩი ორსულად, ვმუშაობდი და ვსწავლობდი. დეკრეტში რომ გავედი სვანეთში წამოვედით, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, იდეაში 1 თვით წამოვედით, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სვანეთში ვიყავით, როცა სრულიად შემთხვევით შემოვიდა მეზობელი და მკითხა, ბანკში საქმეები როგორ გაქვსო? აქ რეორგანიზაციებია და ახალ კადრებს ეძებენო. ვიფიქრე, ვცდი და თუ ამიყვანეს, ერთი წელი დავრჩებით სვანეთში გიორგის დედ-მამასთან-თქო. ასეც მოვიქეცი, ამიყვანეს ბანკში დავიწყე მუშაობა და იქიდან გავიცანი მთელი სვანეთი, ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ და მთელ სვანეთთან მქონდა შეხება. გიორგის ვეხუმრებოდი, ცოტა ხანში შენ ისე გაგიცნობენ, როგორც ელენეს ქმარს-თქო და ერთხელ მართლა ეგრე მოხდა, შენ ხო ჩვენი ელენიკოს ქმარი ხარო, ვიღაცამ უთხრა (იცინის).
    ამასობაში გავაჩინე მარიამი, რომლის გაზრდაშიც მეხმარებოდნენ და დღემდე მეხმარებიან გიორგის მშობლები ნინო და ლერი, ძალიან ახალგაზრდანი არიან, 49 წლისანი, მაშინ 40-ისები იყვნენ, 5 შვილი ჰყავთ და მეც მათ შვილად მიმიღეს, ოღონდ არ ვაჭარბებ, მართლა ასეა.
    ამ ერთი წლის მერე მოხდა ისე, რომ მეორე ბავშვზე დავფეხმძიმდი და წლი-ნახევრის შემდეგ ანასტასია გავაჩინე. მერე ისევ გადავედი თბილისშ,ი რომ სწავლა დამემთავარებინა, მარიამი კი ნინომ და ლერიმ დაიტოვეს – მე ორ პატარა ბავშვთან ერთად ვერ შევძლებდი სწავლას. ანასტასია გავაჩინე 17 მაისს და სადღაც 1 თვის შემდეგ მოხდა ის ცუდი ამბები, რაც მოხდა… ტასო 40 დღის ხდებოდა, უნდა მოგვენათლა და სვანეთში ჩამოვფრინდით. დაახლოებით 1 საათში გიორგი გავიდა მეგობრების სანახავად, ნახა კიდეც, მჟავე წყლებზე იყვნენ, მანქანაში ხუთნი ისხდნენ… ავარიაში მოყვნენ და გიო გარდაიცვალა…  მაშინ 21 წლის ვიყავი.. ჩვენმა მეუფემ, ჩემმა მოძღვარმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ მე ეს ყველაფერი გადამელახა. გიორგი დღემდე ისე ემოციურად მიყვარს, გადმოცემაც შეუძლებელია. გიორგის რომ ვუყურებდი, ეგეც კი მიხაროდა, უბრალოდ რომ დამენახა, ეგეც საკმარისი იყო ჩემთვის… ძალიან მძიმე დღეები მქონდა, ბევრი მეუბნებოდა, გვეგონა, ვერ გადარჩებოდიო… ახლიდან დავიწყე ცხოვრება… ახლაც რომ ვფიქრობ, როგორ ვარ დღეს ხალისიანი, სიცოცხლით სავსე? ღმერთმა შემაძლებინა.

    mshoblebi
    ბავშვებს მამა არ ემახსოვრებათ… რა შეგრძნებაა როცა შვილებს მამა უნდა გაუცოცხლო?

    – ნინოც, ლერიც ძალიან ახალგაზრდები და სიცოცხლით სავსეები არიან. ნინო ძალიან მორწმუნეა. გიორგი დღეს ბევრ ცოცხალ ადამიანზე უფრო მეტად ცოცხალია. ანასტასიას და მარიამს არ აქვთ სახლში მამის გადიდებული სურათები, ჩვენ მას მოვიხსენიებთ როგორც ცოცხალს. ბავშვობიდან მებრძოლი ვიყავი, ვიცოდი რომ ოჯახს დიდი სიყვარულით შევქმნიდი, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ვერაფრით ვიფიქრებდი…. მერვე წელი დაიწყო გიოს გარეშე, ფიზიკურად, თორემ სულიერად ბევრ რამეში მეხმარება, შეიძლება ვიღაცისთვის სიგიჟეებს ვლაპარაკობ, მაგრამ ასეა. გიორგი ულამაზესი, უსიმპათიურესი იყო, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი სიყვარულის ღირსი გამხადა, ასეთი ძლიერი გრძნობით შევქმენი ოჯახი და არსებობს ადამიანი, რომელიც არანორმალურად მიყვარს, მიუხედავად იმისა, სად არის ახლა. ბედნიერი ვარ, რომ ის არის ჩემი შვილების მამა. ყველა ადამიანს თვაისი ჯვარი აქვს და მე ბევრს ვიბრძვი, რომ ეს ჯვარი ვატარო.

    მას შემდეგ დარჩი და ცხოვრობ სვანეთში გიორგის ოჯახთან?

    – გიორგის ამბების შემდეგ წამოვედი თბილისში მარტო. გავაგრძელე სწავლა და ავიღე დიპლომი. ჩემებს პრობლემები ჰქონდათ, ვერ მომეხმარებოდნენ, ამიტომ ბავშვები სვანეთში ლერისთან და ნინოსთან დავტოვე. თბილისში წამოსული არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობდი, ვმუშაობდი ორ ცვლაში, ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი, თვეში ერთხელ კი სვანეთში ჩავდიოდი. დაახლოებით ორი წელი ვიცხოვრე ასეთ რეჟიმში, შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაზე. 2014 წელს კი დავბრუნდი სვანეთში და გადავწყვიტე, რომ მის ოჯახში უნდა მეცხოვრა და ჩემი განათლება, რესურსები, ენერგია სვანეთის განვითარებისთვის მიმეძღვნა, რათა ჩემი შვილები უფრო განვითარებულ გარემოში გაზრდილიყვნენ. დავიწყე სვანეთის მერიაში მუშაობა, თან მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და ძალიან მიწყობდნენ ხელს, რომ მევლო თბილისში და დამესრულებინა სწავლა. სანამ ჩემი დედამთილ-მამამთილი, ეს ორი უნიკალური ადამიანი იარსებებენ, მეც აქ ვიქნები ჩემს შვილებთან ერთად. მეც ჩემს შვილებთან ერთად გამზარდეს და დღემდე ერთმანეთით ვართ, ერთმანეთს ვამაგრებთ. არაა ისე, რომ ელენეა კარგი, ან ნინო და ლერი არიან კარგები, ორივე მხარე ერთმანეთისთვის ვართ. ნინოს გიორგის გარდა 4 შვილი ჰყავს და არც ერთ შვილზე არ აქვს იმხელა ამაგი, როგორიც ჩემზე, ხან მგონია, რომ მათ შვილებზე მეტად ვუყვარვარ, ზეადამიანია. ოდნავ რომ მოვიწყენ, თუ ვინმე ამჩნევს და მეკითხება რა მოხდა – ეს ნინოა. მათი დამსახურებაა ჩემი სწავლა-განათლებაც, ის რომ მე დღეს დოქტორნატი ვარ და ცხრა წელია უწყვეტად ვსწავლობ მიუხედავად ჩემს თავს მომხდარი მოვლენებისა და ტრაგედიისა. სულ ხელს მიწყობენ რომ ვისწავლო, განვვითარდე, ვიმუშაო, ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ 24 საათი გარეთ ვარ, მეგობრებთანაც დავდივარ გასართობად. სულ მეუბნებიან, წადი, გადი გარეთ, გაერთე… რაც არ მიყვარს ადამიანში უმადურობა და დაუნახოაბაა, ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ მადლიერება გამოვხატო. მე რომ ფიქრის დრო მქონდეს, ბევრად ცუდად ვიქნებოდი, მადლობელი ვარ, რომ ასეთი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ჩემი შვილებიც დამოუკიდებელ პიროვნებებად იზრდებიან ღირსეულ ოჯახში, ისეთი ნინო ზრდით მათ, რომ კარგი და დამოუკდიებელი ადამიანები დადგებიან.

    mshoblebi
    ახლა სად მუშაობ?

    – უკვე 7 თვეა წამოვედი მერიიდან და ახლა ვარ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების კოორდინატორი, ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც გულისხმობს ევროპული მოდელის დანერგვას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ვმუშაობთ სვანეთის განვითარებაზე, აქცენტი ახალგაზრდებზე გვაქვს გაკეთებული. ძალიან მიხარია რომ ამ პროექტის ოჯახის წევრი ვარ. გარდა ამისა, მესამე წელია ამერიკის საელჩოს პროექტით ვასწავლი ინგლისურს – ესაა ინგლისური ენის ხელმისაწვდომობა მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სრულიად უფასოდ აქვთ ამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ მიიღონ განათლება. მადლობელი ვარ რომ შესაძლებლობა მომეცა, გავცნობოდი ახალგაზრდების პრობლემებს, მემემგობრა მათთან. სოფლებში ნაკლები შესაძლებლობებია და მინდა, რომ ხელმისწავდომი იყოს ყველაფერი ის, რაც ახალგაზრდების განვითარებისთვისაა საჭირო.

    mshoblebi
    წყარო: mshoblebi.ge
    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here