Home სხვადასხვა შემეცნება “აუცილებელია, ბავშვის ცხოვრებაში მშობელმა შეიტანოს მუსიკა” – “მასტერკლასის” გამარჯვებულის დედა, შვილის წარმატებაზე...

“აუცილებელია, ბავშვის ცხოვრებაში მშობელმა შეიტანოს მუსიკა” – “მასტერკლასის” გამარჯვებულის დედა, შვილის წარმატებაზე საუბრობს

125
SHARE

მუსიკალური შოუს “მასტერკლასის” პირველი სეზონის გამარჯვებული კესო რუსია გახდა. მან შეძლო და წარმატებით გაიარა კონკურსის ყველა ეტაპი და პირველი ადგილი დაიმსახურა. კესო მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. დედამისი ნია უნდილაშვილივოკალის პედაგოგია და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონცერტმეისტერი, ანსამბლის ხელმძღვანელია. მამა კი ბასისტია. კესოს დედა შვილის განვლი გზასა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:
სულ პატარას “იავნანას” რომ ვუმღეროდი, მყვებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, მაშინ ლაპარაკი არ იცოდა, მაგრამ ფრაზას რომ ვიწყებდი, ის აბსოლუტურად გამართულად და მელოდიურად ამთავრებდა. პატარა ასაკში უფრო ბავშვურად ვუდგებოდით ამ საკითხს, მაგრამ დაახლოებით 6 წლიდან უკვე სერიოზული მუშაობა დავიწყეთ. ჩამოვუყალიბე სწორი ვოკალი და დღეს უკვე პროფესიონალურად მღერის.

თქვენ რა როლი გაქვთ მის წარმატებაში, თავად ამეცადინებდით?

სულ მე ვამეცადინებდი. სახლშიც და “ბზიკები-სტუდიოშიც, სადაც  ვმუშაობ და კესოს პედაგოგი მე ვიყავი და ახლაც მე ვარ.

თავად რატომ არ გახდით მომღერალი ან თუ გიოცნებიათ როდესმე დიდ სცენაზე?

ბევრჯერ მქონია ამის შესაძლებლობა, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ბავშვებთან ვმუშაობ, თორემ ვიწრო წრეში, თავადაც ვმღერი.

თუ ელოდით კესოს გამარჯვებას?

კონკურსზე ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ამ კონკურსამდე სხვა ბევრ

კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა. სიმართლე რომ გითხრათ, მქონდა იმის მოლოდინი, რომ აქაც არაფერი იქნებოდა, იმიტომ, რომ სხვა კონკურსებიდან არ გვქონდა დიდი შედეგები. “მასტერკლასმა” კი ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული მოგვანიჭა. ამდენ პროფესიონალ მუსიკოსთან მუშაობა, გადაღებები, კამერები, სცენაზე დგომა – ყველაფერი ეს ძალიან დიდი გამოცდილება და ბედნიერება იყო. ყველა მშობელს უნდა, რომ თავისი შვილი წარმატებული და გამარჯვებული ოყოს, თუმცა კონკურენტები საკმაოდ ძლიერი ბავშვები იყვნენ და ვუშვებდით იმასაც, რომ შეიძლება არ გაგვემარჯვა. ჩვენთვის ისიც დიდი გამარჯვება იყო, რომ ბავშვმა ამხელა გამოცდილება მიიღო.

კონკურსებზე ბავშვებს რთულად შესასრულებელი სიმღერების შესრულება უწევთ ხოლმე. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მსგავსი დატვირთვა ამ ასაკში, არ შეიძლება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

გააჩნია ბავშვის ვოკალურ შესაძლებლობას. თუ ბავშვი შესაძლებლობას გაძლევს, რომ მისცე მსგავსი სირთულის სიმღერები, რა თქმა უნდა, კარგია. რაც მეტ სირთულეს შეეჭიდება, ზრდა, გნვითარება ბევრად მალე მიდის, ბევრად მეტი შედეგი და მიღწევები აქვსთ. თუმცა, ბავშვს და მის შესაძლებლობებს გააჩნია.

კონკურსში ბავშვებს დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, როგორ ართმევდით ამას თავს?

იყო ემოციური ფონი, მაგრამ იმდენად კარგი გარემო შეიქმნა, ბავშვებს რეპეტიციები, საგაკვეთილო პროცესი, გადაღებები ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. საერთოდ არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ კონკურსში იყვნენ. იმდენდ ერთიანები და შეკრულები იყვნენ, რომ ახლა რომ დაშორდნენ, ძალიან განიცდიან. სკოლაშიც, რა თქმა უნდა, ბევრი გაცდენა გვქონდა, მაგრამ ძალიან შეგვიწყვეს ხელი. როცა ვახერხებდით მისვლას, დაგროვილ ტესტირებებსა და ჩასაბარებელ გაკვეთილებს ვაბარებდით და პროგრამას არ ჩამოვრჩენილვართ.

სამომვლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ჯერ ზუსტად ჩამოყალიბებულები არ ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ უფრო სერიოზულად მეცადინეობას და მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

თქვენს სხვა მოსწავლეებსაც მსგავსი შედეგები აქვთ?

დიახ, ბევრი კარგი და ნიჭიერი ბავშვი მყავს. ჩვენი სტუდიიდან ევროვიზიაზე 3 გამარჯვებულია, ახლაც ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვები არიან. ჩემი მოსწავლეები “X ფაქტორსა” და სხვადასხვა კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას და მათაც არანაკლებ გვასახელეს.

თქვენი, როგორც დედის, ემოციები რომ გადმოგვცეთ ამ კონკურსის მიმდინარეობისას?

ეს ძალიან ემოციური ეტაპი იყო. არის ბედნიერება, უდიდესი სიხარული, ნერვიულობა და განცდა. თან ვცდილობდი, რომ ეს ნერვიულობა კესოსთვის არ მეჩვენებინა. ერთ-ერთ ტურზე, გაცივებული იყო, ალერგია ჰქონდა და ხმაზე მოქმედებდა. კესო ძალინ ნერვიულობდა და მეც, რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად სასიხარულო იყო თითოეული ტური, ამ ნერვიულობას ქარწყლებდა და ბედნიერების მეტი არაფერი მრჩებოდა.

ზოგადად, რა დანიშნულება აქვს მუსიკას და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ცხოვრებაში?

მუსიკა ჩემთვის ადამიანია, რომლის გარეშეც ნებისმიერი წუთი წარმოუდგენელია. აუცილებელია, ყველა ბავშვის ცხოვრებაში მშობელმა შეიტანოს მუსიკა. როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე, ჯაზური, მცირე დოზით აუცილებლად უნდა იყოს მათ ცხოვრებაში. ეს ძალიან მოქმედებს ბავშვის ინტელექტზე. საოცრად ინტელექტუალურები, ჰუმანურები, ადამიანურები იზრდებიან. მუსიკა იმდენად კეთილია და იმდენად სათნო, რომ ადამიანს გულში აგრესიის ადგილი აღარ რჩება. ამიტომ, აუცილებლად აზიარეთ შვილები ხელოვნებასა და მუსიკას.

 

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here