Home მედიცინა რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას და როგორ ვებრძოლოთ მას – პედიატრის სასარგებლო...

რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას და როგორ ვებრძოლოთ მას – პედიატრის სასარგებლო რჩევები

450
SHARE

“რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას და როგორ ვებრძოლოთ მას”- ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ facebook-ის გვერდზე წერს.

“თავიდანვე გეტყვით – ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები ხშირად გენეტიკური განწყობითაა გამოწვეული. ამიტომ, სანამ პანიკას ატეხთ და ექიმთან გაიქცევით, ჯერ სარკეში საკუთარი ქუთუთოები შეამოწმეთ.

მეორე მიზეზი ბავშვის თხელი კანი და მისი სიახლოვეა სისხლძარღვებთან. ვერც ამ მოვლენას ვერაფრით უშველით. თქვენი პატარა ასეთია და მორჩა.

ახლა პათოლოგიას მივხედოთ და თვალების ქვემოთ სიშავის უხშირესი მიზეზები განვიხილოთ.

თუ თქვენი პატარა დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ატარებს, თვალების ირგვლივ მუქი წრეების მიზეზს სხვაგან ძებნას ნუ დაუწყებთ.

თუ ბავშვი სისტემატურად იძინებს გვიან, დღის მანძილზე თვალების ირგვლივ მუქი წრეები და დაღლილი სახე აუცილებელად მიიქცევს ყურადღებას.

მოუწესრიგებელი, არაბალანსირებული კვება, საკვებში ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ასევე შესაძლოა გახდეს თვალების ირგვლივ შავი წრეების მიზეზი.

არ გამოგრჩეთ ტრავმები – ბავშვები ხანდახან ტრავმას არ ამხელენ. თვალებს ქვემოთ საეჭვო სიწითლე ან სილურჯე შესაძლოა ტრავმაზე მიგვითითებდეს.

თვალების ირგვლივ მუქი წრეები შესალებელია რკინადეფიციტური ანემიით იყოს გამოწვეული. ამ დროს ბავშვს დაღლილი სახე, მკრთალი კანი და ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები აქვს.

ასეთივე ცვლილებების გამოწვევა გულს-სიხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი და შეძენილ დაავადებებს შეუძლია.

ორგანიზმის ნებისმიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ქუთუთოების ჩამუქება. ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებება ან სულაც ვირუსების ან ბაქტერიების შხამები იყოს. ალბათ შენიშნავდით, ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობის დროს პატარას სახე დაღლილი, ფერდაკარგული აქვს, თვალებს ირგვლივ კი მუქი წრეები ვლინდება.

ჭიით ინვაზია – თუ პატარას ჭიები ჰყავს, მათი ცხოველქმედების პროდუქტების ტოქსიკურობის გამო ბავშვს სხვა მოვლენებთან ერთად თვალების უპეების სიშავეც უჩნდება.

ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობისას შესაძლებელია თავბრუსხვევასთან, გულისცემის პერიოდულ აჩქარებასთან, ოფლიანობასთან და ძილის დარღვევებთან ერთად თვალების ჩამუქებაც შენიშნოთ.

თვალების ირგვლივ შეშუპება და მუქი წრეები შესაძლოა საშარდე გზების დაავადებაზე მიუთითებდეს, ხოლო შეშუპება და სიწითლე ალერგიულ დაავადებებს ახასიათებს.

ქვედა ქუთუთოების ჩამუქება შესაძლოა ადენოიდების გადიდების, ქრონიკული ტონზილიტის ან სინუსიტების დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) შენიშნოთ.

ნებისმიერი მწვავე დაავადება, სასუნთქი გზების სულ უბრალო ინფექციაც კი, განსაკუთრებით, თუ მას ცხელებაც ახლავს, შესალებელია თვალების ჩამუქების მიზეზი გახდეს. ეს მდგომარეობა გამოჯანმრთელებიდან სულ რამდენიმე დღეში გაივლის.

თვალის უპეების მკვეთრი გამუქება და თვალების ჩავარდნა შესაძლოა ნაწლავთა აშლილობით იყოს გამოწვეული, ღებინების ან დიარეის დროს, როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი და ელექტროლიტები იკარგება, გაუწყლოება ვითარდება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ქუთუთოების ჩამუქება და თვალების ჩავარდნაა.

ახლა კი, როცა მიზეზები როცა იცით, ებრძოლეთ მუქ წრეებს თვალების გარშემო.
პირველ რიგში:

მოაწესრიგეთ ბავშვის ძილი; ძილის წინ გაანიავეთ მისი საძინებელი ოთახი. ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს კომპიუტერი და ტელევიზორი.

დაეხმარეთ დროის სწორად განაწილებაში.

შეამცირეთ საეკრანო დრო.

გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე, იქ, სადაც ბევრი ჟანგბადია – ქალაქგარეთ ან რეკარეაციულ ზონებში.

შეარჩიეთ ბავშვთან ერთად სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც მას განსაკუთრებულად მოსწონს.

მაქსიმალურად შეეცადეთ, ბავშვის საკვებ რაციონში შეზღუდოთ სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი ტკბილი და ენერგეტიკული სასმელებები. 

უპირატესობა ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ბურღულეულს, ხორცეულს, რძის პროდუქტებს მიანიჭეთ, რომელთა განაწილება საკვებ რაციონში ბალანსირებულად უნდა მოხდეს.

თუ თვალებს ქვემოთ შეშუპება ან სიმუქე ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს ქრონიკული დაავადებების, ინფექციების, ჭიით ინვაზიის, ანემიის გამოსარიცხად.

დაბოლოს, თუ თავად გაიღვიძეთ დილას ჩამუქებული თვალებით ან თქვენს მოზარდ გოგონას მნიშვნელოვანი დღის წინ ძალიან აწუხებს ეს ცვლილება სახეზე, ყინულის კუბიკები დაიხმარეთ. მათი 5-10 წუთის მანძილზე დადება თვალებს ქვემოთ მნიშვნელოვნად ახალისებს კანს და ამცირებს მუქ წრეებს. ასეთივე თვისება უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრებსაც აქვთ”, – წერს თამარ ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here