აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციაში 15–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებიც ჩაერთვებიან

    105
    SHARE

    თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 15–დან 18–მდე წლამდე გაზარდა.

    ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, დღეისთვის, 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებათ.

    „ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულის შედეგად, თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია, მშობლის კონსულტირება, სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამის ბიუჯეტი რვაჯერ გაიზრდა და დღეისთვის, 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი.

    პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here