Home განათლება 10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან

10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან

193
SHARE

ლადო აფხაზავა 2010 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს და სწავლების უნიკალური მეთოდებით გამოირჩევა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩიბათელი მასწავლებელი 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, 2019 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელდა და ამ ნომინაციის წყალობით საქართველოსა და თავისი მეთოდების შესახებ მთელ მსოფლიოს მოუთხრო.

ლადო აფხაზავას ერთ-ერთი მეთოდი სწავლების პროცესში კლასგარეშე ლიტერატურის ჩართვაა. მისი თქმით, მასწავლებლის ერთ-ერთი მისია ისიც არის, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროს, ამიტომ თავის მოსწავლეებთან ხშირად საუბრობს ლიტერატურაზე. ამჯერად კი მის რჩეულ 10 წიგნსა და რჩევებს, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის მათგანი, მთელი საქართველოს მოსწავლეებს უზიარებს:

გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

mshoblebi

“მათ ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. ჩოხელის მოთხრობები პირდაპირ ცხოვრებას უკავშირდება და ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. მოსწავლეებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს “მოხევის სადღეგრძელო.”
ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
“იქიდან გამომდინარე, რომ გურული ვარ, ორმაგად ვურჩევ ბავშვებს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების წაკითხვას. ვფიქრობ, რაღაც საკითხებს სხვა კუთხით დაინახავენ და ახალ უნარებს განივითარებენ”.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები

mshoblebi

“ვაჟა, ძირითადად, ბუნებასთან ასოცირდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტი მწერალია. 21-ე საუკუნის ძალიან განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ რაღაც საკითხების ისე შეფასება, როგორც ამას ვაჟა აკეთებდა”.

ალექსანდრე დიუმა “გრაფი მონტე-კრისტო”

mshoblebi

“ამ წიგნით გავიცანი დიუმა და დიდი სიამოვნება მივიღე წიგნისგან. თხრობის დახვეწილი მანერა, ჩახლართული სიუჟეტი, განსხვავებული პერსონაჟები ბავშვებს ნამდვილად დააინტერესებთ”.

ვიქტორ ჰიუგო “საბრალონი”

“ეს წიგნი განსაკუთრებულად მიყვარს. შეიძლება, ბავშვები წიგნის ზომამ შეაშინოთ, მაგრამ თუ გაბედავენ და წაიკითხავენ, ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩებიან”.

დანიელ დეფო “რობინზონ კრუზო”

mshoblebi

“ამ რომანს საგაკვეთილო პროცესშიც კი ვიყენებ მასლოუს პირამიდის აგებისას, რომლის პიველი საფეხური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია. ამ დროს ვსვამ შეკითხვას: რისი მოთხოვნილება ექნება კულძულზე გამორიყულ რობინზონ კრუზოს? მოსწავლეები სწორედ მის მაგალითზე ჩამოთვლიან ორგანულ მოთხოვნილებებს. სათავგადასავლო ჟარის მოყვარულებს ეს რომანი ძალიან მოეწონებათ”.

ჭაბუა ამირეჯიბი “დათა თუთაშხია”

“მთავარი გმირის ხასიათი, ეპოქა, ეთიკური პრობლემები… – ეს რომანი ძალიან ბევრ თემას მოიცავს და ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება”

რომანები კონკურსიდან “გახდი ბესტსელერის ავტორი”

mshoblebi

“შემოვალ ეტლით” – შორენა ხუხუა
“აღიარება ხელისგულზე” – თათული ღვინიანიძე
“სხვა უდაბნოს საიდუმლო” – ია კარგარეთელი
“რაფლეზია” – ელის დოჯსონი
“შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” – ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
“ტრანსმუტაცია” – იაგო თვალაბეიშვილი
“ცდუნება” – ნათია ჯაგოდნიშვილი

“ვფიქრობ, მოსწავლეები უნდა ეცნობოდნენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ამიტომ კარგი იქნება, თუ კონკურსის გამარჯვებულ რომანებს წაიკითხავენ და შეაფასებენ”.

დათო ტურაშვილი “ჯინსების თაობა”

“თაობისთვის, რომელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა, ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება. იქ აღწერილი მოვლენები, “თვითმფინავის ბიჭები”, პროტესტი და ამ პროტესტის შედეგები – ეს რომანი არამხოლოდ სასიამოვნოდ წასაკითხი, არამედ საინფორმაციო ხასიათისაცაა”.

აკა მორჩილაძე “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”

“ეს რომანი ახალგაზრდებს 90-იან წლებში ამოგზაურებს და ომგამოვლილი საქართველოს მდგომარეობას, საზოგადოებაში გამეფებულ უიმედობას მთელი სიმძაფრით უჩვენებს”.
ასე რომ, ზაფხულში ძალიან საინტერესო მოგზაურობები გელით, თუკი ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here