Home კვება რომელი პროდუქტი იცავს ბავშვს ავადობისგან და ალერგიებისგან – გასტროენტეროლოგის რჩევები

რომელი პროდუქტი იცავს ბავშვს ავადობისგან და ალერგიებისგან – გასტროენტეროლოგის რჩევები

447
SHARE

მაწვნის სარგებლობის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და არავინ დავობს იმაზე, რომ რძის პროდუქტებს შორის ის ერთ-ერთი ნამდვილი “ჩემპიონია”.

თუ რით ჯობს მაწონი რძეს, რატომ არის აუცილებელი, ხშირად ჩართოთ ეს პროდუქტი ბავშვების რაციონში და რისგან გიცავთ მაწონი – ამის შესახებ გვესაუბრება გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პედიატრი ციცი ფარულავა:

ჯანსაღი კვება ბავშვის და მოზარდის ზრდის, ბიოლოგიური და ინტელექტუალური განვითარების აუცილებელი პირობაა. არასრულფასოვანი ან არასწორი კვება პირდაპირ აისახება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, იმუნიტეტზე და ავადობის სიხშირეზე. რძის პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის რაციონში, რადგან რძის პროდუქტები მდიდარია ცილით, ამავდროულად შეიცავს ნახშირწყლებსაც და ცხიმებსაც.
რძემჟავა პროდუქტების დასამზადებლად, მოგეხსენებათ, შემთბარ რძეში შეჰყავთ სპეციალური მიკროორგანიზმები, რასაც დედო ეწოდება. მიკროორგანიზმების ზეგავლენით რძე განიცდის მთელ რიგ ცვლილებებს, რაც მას უფრო გემრიელს და სასარგებლოს ხდის. ეს მიკროორგანიზმები ყველა რძემჟავა პროდუქტისთვის განსხვავებულია.

მაწონი კავკასიური წარმოშობის რძემჟავა უნიკალური პროდუქტია. ითვლება, რომ მაწონი კავკასიელი ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი გასაღებია. ქართული მაწონი მზადდება ენდემურ დედოზე, ანუ მასში ამ მიკროორგანიზმების რაოდენობა აბსოლუტურად განსხვავებული და უნიკალურია.

მაწონში არის დახლეჩილი, დაშლილი ცილა და მისი ათვისება გაცილებით უკეთ ხდება, რძისგან განსხვავებით. თუ რძიდან ცილის ათვისება 30%-მდეა, მაწვნიდან 90%-ს აღწევს. მეორე კომპონენტია რძის შაქარი, ლაქტოზა, რომლის მონელების პროცესი განსაკუთრებით

ადრეულ ასაკში, როდესაც კუჭნაწლავის ტრაქტი უმწიფარია, გაძნელებულია ხოლმე, რასაც მოსდევს კოლიკები, მეტეორიზმი… მაწონში ლაქტოზა ნაწილობრივ დაშლილია, ამიტომ ასეთი გართულებების რისკი შემცირებულია.

გარდა ამისა, ნაწლავებში გროვდება რძემჟავა, ფერხდება ლპობის პროცესები და მრავლდება სასარგებლო ბიფიდობაქტერიები. ამ გარემოში გაცილებით გაძლიერებულია კალციუმის, ფოსფორის, რკინის, B ჯგუფის ვიტამინების ათვისება. ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის შემთხვევაში ადამიანს გარანტირებული აქვს კუჭნაწლავის ტრაქტის კარგი რეგენერაცია, უკეთესი მეტაბოლური ცვლა, უკეთ ხდება ვიტამინების ათვისება, ეს არის გარკვეული გარანტი ავადობის შემცირებისთვის, რადგან უმჯობესდება იმუნიტეტი და ასევე არის გარანტი ალერგიის შემცირებისთვის, რადგან ჯანმრთელი ნაწლავებიდან არ ხდება იმ ცილების და ანტიგენების შეწოვა, რომლებიც, როგორც წესი, ატოპიას, ალერგიებს იწვევს.

ამიტომ გამოვიყენოთ მაწონი და ჩვენი ბავშვები იქნებიან უფრო ღონიერები და უფრო გონიერები.

 

წყარო: mshoblebi.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here